სიცოცხლის პირველი 5 დღე: რა ხდება სამშობიარო სახლის „კულუარებში“

704

ზოგჯერ მშობლებისთვისაც უცნობია, რას უკეთებენ ექიმები ჩვილებს სამშობიარო სახლში მისი სიცოცხლის პირველ საათებსა და დღეებში. კულისების ფარდას გადავწევთ და გიამბობთ ყველა დეტალს, რასაც უკეთებენ ჩვილს სამშობიარო სახლში „დიდ სამყაროში“ გასვლამდე.

თერმული დაცვა

პირველი, რაც ახალშობილს სჭირდება, სითბოა. დედის კომფორტულ სითბოსთან შედარებით სამშობიარო სახლის პალატის გარემო საკმაოდ ცივია. ექიმების ამოცანაა სითბოს დაკარგვის პრევენცია. ჩვილს დაბადებისთანავე საფენებით ამშრალებენ და აწვენენ სპეციალური ნათურების მქონე მაგიდაზე, სადაც ბავშვის ტემპერატურას მუდმივად აკონტროლებენ.

მანამდე დედის ფეხებთან, მშობიარობისთანავე. ზოგჯერ იმ მომენტში, როცა ჩვილის თავი მხოლოდ გამოჩნდა, ცხვირიდან და პირიდან ლორწოს და ამნიონურ სითხეს აშორებენ, რომ პირველი ამოსუნთქვა გაუადვილდეს. მეანი დაბადებისთანავე ჩვილის ჭიპს ამაგრებს და ჭრის. ამ მომენტიდან ჩვილის „დამოუკიდებელი“ ცხოვრება იწყება. თვალებში აწვეთებენ სპეციალურ წვეთებს (ხშირად ალბუციდის ხსნარს), რომ თავიდან აიცილონ თვალის ინფექციები, კერძოდ ბლენორეა, რომელიც ვითარდება, თუ დედას გონორეა აქვს. ასეთი პროფილაქტიკური პროცედურა აბსოლუტურად ყველა ჩვილს უტარდება, რადგან ქალმა დაავადების შესახებ ყოველთვის არ იცის. გოგოებს სასქესო ორგანოებსაც უმუშავებენ. გარდა ამისა, ჩვილის ჭიპლარის სისხლით მის ჯგუფს და რეზუს ფაქტორს განსაზღვრავენ.

პირველი გასინჯვა სამშობიარო სახლში

ჩვილის პირველი გამოკვლევა დაბადებისთანავე ხდება. ექიმი აფასებს ახალშობილის საერთო მდგომარეობას, მის სუნთქვას, გულისცემას, კანის ფერს, განსაზღვრავს ხილულ მანკს, აფასებს მენჯ-ბარძაყის სახსრებს (და მენჯ–ბარძაყის სახსრების დისპლაზიის განვითარების პოტენციური რისკის წინასწარ დიაგნოზს სვამს) და ლავიწებს, რომლის პათოლოგიაც ყველაზე ხშირად გვხვდება. ექიმი ჩვილის ტირილს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. მისი ინტონაცია ჩვილის ზოგად მდგომარეობაზე ბევრ რამეს ამბობს.

ექიმი და ექთნები ახალშობილს ამოწმებენ ყოველ დილით, სანამ სამშობიარო სახლშია. ყოველდღე ერთსა და იმავე დროს წონიან, გაწერამდე საკონტროლო აწონვა ხდება, კვებამდე და კვების შემდეგ, რომ გაიგონ, ბავშვი საკმარისად ჭამს თუ არა. გარდა ამისა, ექთნები ახალშობილის ჭიპს წყალბადის ზეჟანგით და კალიუმის პერმანგანატით რეგულარულად ამუშავებენ.

პირველი შეფასების ცხრილი

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილისთვის შეფასების მიცემა ნაადრევია, ცდებით. პირველ შეფასებას დაბადებისთანავე იღებს ე.წ. აპგარის სკალით, რომელიც ბავშვის ჯანმრთელობის საწყისი მდგომარეობის სწრაფად შეფასების საშუალებას იძლევა. ეს სკალა 1952 წელს შეიმუშავა ამერიკელმა ანესთეზიოლოგმა ვირჯინია აპგარმა უმცროსი სამედიცინო პერსონალისთვის, რომ სწრაფად შეეფასებინათ, რომელ ბავშვს სჭირდებოდა მეტი ყურადღება. ამ სკალით ჩვილი ფასდება დაბადების პირველ წუთზე და ხუთი წუთის შემდეგ. კომპლექსურად ფასდება კუნთების ტონუსის მდგომარეობა, გაღიზიანებაზე რეაქცია, კანის ფერი, სუნთვის სიხშირე და გულისცემა.

მოგვიანებით, საზრიანი პედიატრის, ჟოზეფ ბუტერფილდის წყალობით, ინგლისურენოვანი სპეციალისტებისთვის სახელი „APGAR“ ერთგვარი აბრევიატურა გახდა:

  • appearance – გარეგნობა (კანის ფერი);
  • pulse (Heart Rate) – ბავშვის პულსი (გულისცემის სიხშირე);
  • grimace (Response to Stimulation) – გრიმასა, რომელიც გაღიზიანების საპასუხოდ ჩნდება;
  • activity (Muscle Tone)  – მოძრაობის აქტივობა, კუნთების ტონუსი;
  • respiration – სუნთქვითი მოძრაობები;

ბოლო დრომდე სამშობიარო სახლში აპგარის სკალით ახალშობილის შეფასება მედპერსონალისთვის მოქმედების სახელმძღვანელო იყო. დღეისთვის სკალის როლი შეიცვალა, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, რომელთაც სასწრაფო რეანიმაცია სჭირდებათ. ექიმი ბავშვის მდგომარეობას დაბადებისთანავე აფასებს (ხშირად დაბადებამდე) და საჭიროების შემთხვევაში რეანიმაციას ატარებს, თანამედროვე სტანდარტებით სიცოცხლის პირველი წუთის ბოლოს ამის გაკეთება უკვე გვიანია. ამ შემთხვევაში აპგარის სკალით ფასდება არა ჩვილის მდგომარეობა, არამედ რეანიმაციული ღონისძიებების ეფექტურობა. ასეთი შეფასება ბავშვის სიცოცხლის მომდევნო 20 წუთის განმავლობაში გრძელდება. შემდეგ შეფასებებს ახალშობილის ბარათში წერენ.

პირველი სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ მეანი ჩვილის ჭიპს ამუშავებს, მის კანს ზეთით წმენდს და საფენში ახვევს. ახლა ახალ ადამიანს შეუძლია პირველ კვებამდე ახალი შთაბეჭდილებებისგან დაისვენოს.

ცხოვრება სამშობიარო სახლში: მესამე დღე გავიდა

მესამე დღეს ახალშობილს სისხლის საერთო ანალიზს უღებენ. ყველა ახალშობილს უტარდება სკრინინგ ტესტი (ე.წ. სისხლის ანალიზი ჩვილის ქუსლიდან) ყველაზე გავრცელებულ დაავადებებზე, კერძოდ ჰიპოთირეოზსა და  ფენილკეტონურიაზე. ეს მძიმე მემკვიდრეობითი დაავადებებია. ჰიპოთირეოზი 5 ათასიდან ერთ ბავშვში გვხვდება და ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლების ფუნქციების დაქვეითება, რაც გონებრივ ჩამორჩენას იწვევს. ფენილკეტონურია უფრო ნაკლებად გავრცელებულია, 15 ათასიდან ერთში. დაავადება ცერებრალურ დარღვევებს იწვევს. ამ დაავადებების დიაგნოზის შემთხვევაში ადრეულ ასაკში მკურნალობა იწყება, რომ მძიმე შედეგების თავიდან აცილება შეძლონ. მაგალითად, ფენილკეტონურია სპეციალური დიეტით მკურნალობას ექვემდებარება, შედეგად ბავშვი სრულიად ნორმალურად ვითარდება.

ახალშობილების, რომელთაც ქრონიკული საშვილოსნოსშიდა ჰიპოქსია (ჟანგბადის ნაკლებობა) აწუხებთ, კუნთში შეჰყავთ პრეპარატი ვიკასოლი, რომელიც სისხლის შედედებას აუმჯობესებს და სისხლდენის რისკს ამცირებს.

პირველი ვაქცინა

სამშობიარო სახლში ახალშობილს პირველ ვაქცინას უკეთებენ. BCG ვაქცინა ტუბერკულოზის საწინააღმდეგოდ. ჩვეულებრივ, ვაქცინაცია ტარდება ჩვილის დაბადებიდან მესამე დღეს, დილით, სპეციალურად გამოყოფილ ოთახში. პედიატრი 4-6 კვირის შემდეგ ვაქცინაციის რეაქციას ამოწმებს. მართალია, ამ ვაქცინაციას რიგი უკუჩვენებები აქვს.

ჩვეულებრივ, ვაქცინას არ აკეთებენ, თუ ჩვილი 2000 გ–ზე ნაკლებს იწონის ან აწუხებს საშვილოსნოსშიდა ჰიპოთროფია, ინფექცია, ჩირქოვან–სეპტიკური დაავადებები, ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებები. BCG ვაქცინაციის უკუჩვენებაა დედაში აივ ინფექციის არსებობა.

ამ ვაქცინაციის სერიოზული მინუსია სხვადასხვა გართულება, რომელიც ჩნდება, თუმცა იშვიათად. ახალი BCG-M ვაქცინის გამოყენება ამ რისკს ორჯერ ამცირებს.

მალე კურსდამთავრებული

ჩვეულებრივ, თანამედროვე სამშობიარო სახლებში ახალშობილს მე-5 დღეს წერენ, თუმცა ახლა ექიმები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სულ უფრო ხშირად გირჩევთ ადრე გაწერას, რომ ჰოსპიტალური ინფექციების რისკი შემცირდეს. გარდა ამისა, დედა–შვილი რაც შეიძლება მალე უნდა აღმოჩნდეს კომფორტულ გარემოში, სახლში, ოჯახის წრეში. ასეთი გაწერა უკვე მე-2 ან მე-3 დღეს შესაძლებელია, თუ ბავშვს და დედას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვთ.