ქათმები კვერცხებით აგავსებთ. გამოცდილი ფერმერების რჩევები

10210

საიდუმლო არაა, რომ სახლის პირობებში მიღებული კვერცხი გაცილებით სასარგებლო და გემრიელია, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი. მათში ადამიანის ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბევრი მაკრო და მიკროელემენტები შედის. ორგანულ დანამატებსა და ნატურალურ პროდუქტებზე გაზრდილი ქათამი პატარა, მაგრამ ხარისხიან კვერცხებს დებს. რაც მთავარია, ქიმიას არ შეიცავს. Vivien გიამბობთ, როგორ იზრუნოთ ფრინველზე, რომ კვერცხი მთელი წელი დადოს და კვერცხის მოცულობა გაიზარდოს.

მთავარი წესები სახლის ქათმის მოსავლელად – ქათმის მოვლა მარტივია, დიდ დროს და ხარჯს არ მოითხოვს. თუ ქათამმა კვერცხის დადება შეწყვიტა ან ბუდეში სულ უფრო ცოტა კვერცხი გვხვდებათ, მიზეზები უნდა გამოავლინოთ და აღმოფხრათ. ამის მიზეზი რამდენიმე ფაქტორი შეიძლება იყოს. მაგალითად, კვების რაციონის დარღვევა ან ცხოვრების არასწორი პირობები.

კვების რაციონი – ქათმის (განსაკუთრებით, ახალგაზრდის) კვება უნდა შეიცავდეს ბოსტნეულის და ბალახის სველ საკენკს, მარცვლეულის ნარევს, კვერცხის ნაჭუჭს ან ნიჟარქვას. ყურადღება მიაქციეთ, რომ ქათმის სარწყულებელში ყოველთვის ახალი სუფთა წყალი იყოს. ქათმის ყოველდღიურ რაციონში უნდა შედიოდეს ხორბლის მარცვალი და ის ყოველთვის ხილულ ადგილზე უნდა იდოს. ნაადრევ გაზაფხულში ახალგაზრდა ჭინჭარი ზრდას იწყებს. გირჩევთ, რომ ჭინჭარი უმ ან მოხარშულ ბოსტნეულს აურიოთ. კარგია გახეხილი ახალი ყაბაყი, სტაფილო, გოგრა, საკვები ჭარხალი, სიმინდი და კომბოსტო. კარტოფილი მხოლოდ მოხარშული ან დაჭყლეტილი მიაწოდეთ. სურვილის შემთხვევაში მას ცოტა მარცვლეულის ქატო დაუმატეთ. ასე ცილა მაქსიმალურად სასარგებლო გამოვა, ხოლო გული ლამაზი ღია ყვითელი.

მავნებლები გამორიცხეთ – ცალკეულ შემთხვევაში ქათამი შეიძლება ბუმბულში მცხოვრები მავნებლებით იტანჯებოდეს. სწორედ ამიტომ, საქათმეში ხის ნაცრით და ქვიშით სავსე დიდი ყუთი დადგით. ფრინველები მასში სიამოვნებით ინებივრებენ და ამით არასასურველ მწერებს მოიშორებენ. ასეთი პირობების შექმნა მარტივია, მაგრამ თუ საქათმეს დროდადრო თაგვი, კვერნა, სინდიოფალა, წაულა და სხვა მტაცებელი სტუმრობს, სავარაუდოდ, ბუდეები დაცარიელდება. სახლის ფრინველისთვის ეს დიდი სტრესია. გარდა ამისა, სივრცეზეც დაფიქრდით. პატარა საქათმე როგორც ქათმისთვის, ასევე ადამიანისთვის მოუხერხებელია. მისი ხშირად გაწმენდა და განიავება მოგიწევთ. ხოლო ანტისანიტარიულ პირობებში ქათმები ხშირად ავადდება.

დამატებითი კვება – ჩვეულებრივ, ქათმები კვერცხდებას 5 თვიდან იწყებენ. მაგრამ 11 თვის შემდეგ იწყება პერიოდი, როცა განგური დგება, და კვერცხდებას საერთოდ წყვეტს. ეს პერიოდი 1–დან რამდენიმე თვემდე შეიძლება გაგრძელდეს. ამის თავიდან ასაცილებლად, საკვებს სასარგებლო მიკროელემენტები და ვიტამინები დაუმატეთ: დაქუცმაცებული კომბოსტო, ხმელი ან ახალი ბალახი, ჭარხლის ფოჩები და ნებისმიერი მწვანილი თქვენი ბოსტნიდან. ზოგიერთი ფერმერი აღნიშნავს, რომ ქათმისთვის კვერცხის დასადებად სასარგებლოა ცარცი, ნიჟარქვაში არეული. ფრინველს მიეცით გაღვივებული მარცვლები, კოპტონი ან ძვლის ფქვილი. დაქუცმაცებული ნაკრტენიც გამოგადგებათ. მასში ბევრი კალციუმი შედის, ამიტომ ქათამი მონდომებით მიირთმევს, განსაკუთრებით ზამთარში.

ტემპერატურის რეჟიმი და ცხოვრების პირობები – ქათამმა მთელი წელი კვერცხი რომ მოგცეთ, შენობაში სწორი ტემპერატურის რეჟიმი უნდა დაიცვათ: +4-დან +8 გრადუსამდე. განათება პრინციპულად მნიშვნელოვანი არაა, ყველაფერი წლის სეზონზეა დამოკიდებული. ზამთარში დღის სინათლე დამატებითი განათებით გაზარდეთ. სინათლე მინიმუმ 12 საათი უნდა იყოს. სიკაშკაშე თავად კვერცხდებაზე გავლენას არ ახდენს, ქათმისთვის მკრთალი განათებაც საკმარისია. ისინი სარწყულებელს და საკვებურს უნდა ხედავდნენ, რომ დროზე ადრე ქანდარაზე არ დაჯდნენ.

ფრინველის სწორად გასაზრდელად შრომა და მატერიალური ხარჯი უნდა ჩადოთ. სწორედ ამიტომ, სახლის კვერცხის და ხორცის თვითღირებულება საკმაოდ მაღალია. თუმცა ყველას გვესმის, რომ ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს