კვერცხის მომზადების ნიუანსები. როგორ მოვხარშოთ ისე, რომ გემრიელი კერძი მივიღოთ

5207

იცით, რამდენ ხანს უნდა ხარშოთ კვერცხი წყალში, რომ მიიღოთ თხევადი გული და მკვრივი ცილა? რა უნდა გააკეთოთ, რომ ნაჭუჭი მოხარშულ კვერცხს ადვილად და მარტივად მოშორდეს? სამზარეულოს ხრიკები დროს დაგიზოგავთ, თუ ყოველდღე მის გამოყენებას დაიწყებთ. ამისთვის პრაქტიკა გჭირდებათ.

თეორიულ ცოდნაში დაგეხმარებით. მივიწყებულ ხრიკებს გაგახსენებთ. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომელ პროდუქტებს იყენებთ კულინარიაში. კომფორტულად მოეწყვეთ, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია გელით!

რამდენ ხანს ვხარშოთ კვერცხი წყალში

ზომები

პირველ რიგში, დავიწყოთ თვალსაჩინო ინფორმაციით, რომელსაც ნაკლებად აქცევენ ყურადღებას. მარკირება. კვერცხის ნაჭუჭზე ხშირად შეგიძლიათ ნახოთ ასო C, B ან D და რიგი რიცხვები. რას ნიშნავს?

დავიწყოთ მარტივით. D – დიეტური კვერცხი, რომლის რეალიზაცია არაუმეტეს 7 დღეში უნდა მოხდეს. წონა მითითებული არაა, მაგრამ ყოველთვის ახალი იყიდება. B – ყველაზე დიდი ზომის კვერცხი, მინიმუმ 75 გ. ჩვეულებრივ ქსელურ მაღაზიებში იშვიათად გვხვდება. ხშირად წარმოებაში გამოიყენება.

ყველაზე პოპულარულია კვერცხის ჯიშები – C0, C1, C2, C3. ამ შემთხვევაში მარკირება წონაზე მიგითითებთ. უდიდესიდან (CO – 65-დან 74,9 გ-მდე) უმცირესამდე (C3 – 35-დან 44,9 გ-მდე). ვისაუბრებთ C1 ზომაზე (55-დან 64,9 გ-მდე), რადგან, სტატისტიკის მიხედვით, მყიდველები ყველაზე მეტად მას ირჩევს. პატარა კვერცხი უფრო სწრაფად იხარშება, დიდი – უფრო ნელა.

კვერცხის მოხარშვა

კვერცხს მოვხარშავთ შემდეგი მეთოდით:

მომზადების წესი:

  1. კვერცხი ქვაბში ჩადეთ და იმდენი წყალი დაასხით, რომ კვერცხი მთლიანად დაიფაროს. მარილი შეგიძლიათ დაუმატოთ, სურვილისამებრ.
  2. ქურაზე საშუალო ცეცხლზე დადეთ და წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ.
  3. როგორც კი წყალი ადუღდება, ცეცხლს დაუწიეთ და წამზომი ჩართეთ იმის მიხედვით, როგორი კონსისტენციის კვერცხის მიღება გსურთ.
  4. ვადის გასვლის შემდეგ კვერცხი ამოიღეთ, ცივ (სასურველია, ყინულიანი) წყალში ჩადეთ. 5 წუთის შემდეგ გაფცქვენით.

წამზომში მითითებულ დროზე დამოკიდებულია, როგორ კვერცხს მოამზადებთ. კვერცხი რბილი გულით და ნაწილობრივ ცილით 4-6 წუთი მზადდება. საშუალო კონსისტენციის კვერცხი 6-8 წუთი მზადდება. იდეალური კვერცხის მისაღებად მინიმუმ 9-12 წუთი მოიცადეთ. ფრთხილად იყავით. თუ ზედმეტად დიდხანს გააჩერებთ, კვერცხის გული უგემური მონაცრისფერო–მოლურჯო–მომწვანო შეფერილობით დაიფარება. ეს დაგროვილი რკინის სულფიდია. ჯანმრთელობისთვის სახიფათო არაა, მაგრამ არც მიმზიდველი. ეს კი არ გვჭირდება.

პატარა ხრიკები

უკვე იცით, როგორ მოხარშოთ კვერცხი ყველაზე საიმედო და მარტივი მეთოდებით. არსებობს კიდევ რამდენიმე მომენტი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ.

1. კვერცხი დიდხანს რომ შეინახოთ, ნაჭუჭს მზესუმზირის ზეთი თხლად წაუსვით. ასე ნაჭუჭის ფოროვნების გამო კვერცხი ნელა დაზიანდება.

2. იმის გასარკვევად, ახალი თუ ძველი კვერცხი შეიძინეთ, პატარა ტესტი ჩაატარეთ. შესაბამისი ჭურჭელი ცივი ონკანის წყლით აავსეთ. კვერცხი ჩადეთ და დააკვირდით, როგორ მოიქცევა. ახალი კვერცხი ჭურჭლის ძირში ჯიუტად დარჩება. ოდნავ „ძველი“, მაგრამ ჯერ კიდევ ვარგისი, ერთი კუთხით წამოიწევა. ძველი და გაფუჭებული კვერცხი ზედაპირზე ამოვა. მისი გამოყენება რეკომენდებული არაა.

3. კვერცხის გული და ცილა ერთმანეთს სხვადასხვა მეთოდით შეგიძლიათ დააცალკევოთ. მარტივით დაიწყეთ: კვერცხი თასში ფრთხილად ჩატეხეთ და ცილა კოვზით ამოიღეთ. ყველაზე ეგზოტიკური: ნივრის კბილი ხელებზე შეიზილეთ. სხვადასხვა რამ შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, პლასტმასის ბოთლის ყელი ან ძაბრი.

4. ოთახის მცენარეების მოყვარულებს გირჩევთ კვერცხის მოხარშვის შემდეგ დარჩენილი წყალი არ გადაღვაროთ. ამ წყლით ყვავილები მორწყეთ. მასში ბევრი სასარგებლო მიკროელემენტია, რომელიც მცენარეს სჭირდება. წყალს მორწყვამდე გაგრილება აცადეთ.  ნაჭუჭი დაფშვენით და ქოთანში მიწას მოაყარეთ. კალციუმის ასეთი წყარო მცენარეს გააძლიერებს.

5. კვერცხი პაშოტი მიკროტალღურ ღუმელში უსწრაფესად მზადდება. თასში 100 გ მდუღარე წყალი ჩაასხით, ნახევარი სუფრის კოვზი ძმარი, მარილი დაუმატეთ. უმი კვერცხი ფრთხილად ჩაატეხეთ და 1,5 წუთით მიკროტალღურში მოათავსეთ. რეჟიმი: მაქსიმალური. იდეალურად მომზადებული კვერცხი პაშოტი გამოიღეთ და კარაქწასმულ ბაგეტის ნაჭერთან ერთად მიირთვით. იდეალური საუზმეა.

აი ასე, ისეთი მარტივი და გასაგები პროდუქტი, როგორიც ქათმის კვერცხია, მალავს რამდენიმე საიდუმლოს, რომელიც სამზარეულოში ყოველთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ. ვიმედოვნებთ, თქვენთვის სასარგებლო ინფორმაცია იყო. თუ სამზარეულოს გონივრულად მიუდგებით, მაშინ ყველაფერი მარტივად გამოგივათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს