უსიამოვნო შემთხვევა სკოლაში ან როგორ არ უნდა მოიქცეს მასწავლებელი

556

მოსწავლის მშობლებს ყოველთვის ბევრი საზრუნავი აქვთ: კარგად იგებს თუ არა ბავშვი სასწავლო მასალას, მეგობრობს თუ არა კლასელებთან, ასწრებს თუ არა წახემსებას სკოლაში. ბავშვები სკოლაში სწავლობენ არა მხოლოდ კოსინუსების და სინუსების გარჩევას, არამედ კომუნიკაციას, კონფლიქტის მოგვარებას, მოლაპარაკებას.

სხვა საქმეა, როცა კლასის ეკოსისტემაში უღირსი მასწავლებელი იჭრება. მას ავტორიტეტის სახელით შეუძლია დანაშაულის ჩადენა და ბავშვის სუსტი თვითშეფასების განადგურება. ასეთი მასწავლებლების ქცევას ბავშვის ბედის დანგრევაც შეუძლია. სწორედ ამიტომ, მშობლები კლასის ცხოვრების შესახებ ინფორმირებულნი უნდა იყვნენ.

ღარიბი ოჯახის შემოსავალი

ეს შემთხვევა მოხდა, როცა ჩემი ვაჟი მე-5 კლასში იყო. კლასში სწავლობდნენ განსხვავებული ბავშვები, საშუალო შემოსავლის მქონე და მდიდარი ოჯახებიდან, ოროსნები და ფრიადოსნები. კარგი კლასი იყო, მეგობრული, არავის ჩაგრავდნენ. ყველაფერი მშვიდად და კარგად იყო, სანამ კლასის დამრიგებელი არ შეცვალეს. ახალგაზრდა მასწავლებელი მოვიდა, რომელმაც პედაგოგიური განათლება ახლახანს დაასრულა. ძველი დამრიგებელი პენსიაზე გავიდა.

თავიდან ჩვენ, მშობლები, ახალგაზრდა მასწავლებელს უნდობლად ვუყურებდით, მაინც გამოცდილება არ ჰქონდა. ინგლისურ ენას და ლიტერატურას ასწავლიდა, მაგრამ ბავშვებს კარგად ასწავლიდა. უსიამოვნება სხვა მხრიდან გველოდა.

მასწავლებელმა დაიწყო ბავშვების გამორჩევა მდიდარი ოჯახებიდან, რომლებიც ძვირადღირებულ საჩუქრებს ჩუქნიდნენ, საკლასო და კლასგარეშე მიზნებისთვის ფულს დროულად რიცხავდნენ. აი, სანდრო სხვა საქმე იყო. მის მშობლებს შესაძლებლობა არ ჰქონდათ და ახალგაზრდა დამრიგებლის გულის მოგებას სავალდებულოდ არ თვლიდნენ.

ერთხელ შვილი სკოლიდან დაღვრემილი დაბრუნდა. დავილაპარაკეთ და გაირკვა, რომ ანა მასწავლებელი სანდროს ცუდად ექცეოდა. კლასი ექსკურსიაზე მიდიოდა, მაგრამ ბიჭი ერთადერთი იყო, რომელმაც ფული არ გადაიხადა. არ იცოდა, მშობლები მოგზაურობის გადახდას შეძლებდნენ თუ არა.

შეუძლია თუ არა ამის გაკეთება მასწავლებელს?

როგორ მოიქცა ახალგაზრდა მასწავლებელი? მთელი კლასის წინაშე ხმამაღლა გამოაცხადა: „რადგან სანდროს ფული არ აქვს ექსკურსიისთვის, გამოდის, კლასში მარტო დარჩება!“

თქმა არაა საჭირო, რა სირცხვილს და წყენას განიცდიდა საბრალო ბიჭი. ნუთუ პედაგოგს უფლება ჰქონდა ასეთი ტონით მიემართა ბავშვისთვის?

საღამოს სანდროს დედამ დამირეკა და რჩევა მთხოვა, როგორ მოეგვარა კონფლიქტი. ბიჭის მამა განრისხებული იყო. ყველასთვის ნათელი იყო, რომ დამრიგებელმა გადააჭარბა.

სანდროს მამა ადრე არასდროს მინახავს, მშობელთა კრებაში მხოლოდ დედა დადიოდა. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ სამართლდამცავი ორგანოს თანამშრომელი იყო, მაგრამ კონკრეტულად ვინ იყო, არ ვიცოდი. აღმოჩნდა, რომ პოლიციაში უფროს თანამდედობას იკავებდა. უღირსი მასწავლებლისთვის ჭკუის სწავლება გადაწყვიტა და სკოლაში ფორმით მივიდა.

მისმა გამოჩენამ ენით აღუწერელი ეფექტი მოახდინა. დირექტორი და უფროსი მასწავლებელი მაშინვე გაქრნენ, ხოლო ქალბატონ ანას შესამჩნევად შეეშინდა, თუმცა ჯერ კიდევ არ ესმოდა, რა ხდებოდა.

ჯერ ცალკე ილაპარაკეს, შემდეგ საუბარში სკოლის ხელმძღვანელობა ჩაერთო. საბოლოოდ, უღირსმა მასწავლებელმა მკაცრი საყვედური მიიღო, მაგრამ სასწაულებრივად გადაურჩა სკოლიდან გაგდებას. მართალია, მალე სკოლა საკუთარი სურვილით დატოვა. ვფიქრობ, მისთვის დიდხანს ჭკუის სასწავლებელი იქნება.

დარწმუნებული ვარ, პედაგოგს უფლება არ აქვს მოსწავლეები დაყოს მშობლების ჯიბეში ფულის რაოდენობით. ეს მიუღებელია! არაფერია ცუდი იმაში, რომ ახალგაზრდა მასწავლებელს გამოცდილება არ აქვს, თუმცა თუ მორალურ ღირებულებებში „მოიკოჭლებს“, თავისი სასტიკი ქცევით ბავშვის ნაზ გულს ტკივილი შეიძლება მიაყენოს.