ხრიკები, როგორ მოაწესრიგოთ სამზარეულო ერთხელ და სამუდამოდ

575

მარცვლეულის და საბაყლო საქონლის სიმრავლე, ჭურჭლის და ქვაბების მთები, უსარგებლო და მივიწყებული ნივთები – ეს ყველაფერი წარმოუდგენელ ქაოსს ქმნის სამზარეულოს კარადაში და უჯრებში. Vivien გიზიარებთ ხრიკებს, რომელთა დახმარებით არა მხოლოდ თაროებს მოაწესრიგებთ, არამედ სამზარეულოს სივრცეს სწორად მოაწყობთ.

ხელს გიშლით არეულობა სამზარეულოში, შეასრულოთ მთავარი რუტინა, მოამზადოთ გემრიელი ვახშამი / სადილი / საუზმე? მაშინ სივრცის ორგანიზატორებს აქვთ რამდენიმე მეთოდი და ხრიკი, რომელიც ნამდვილად დაგაინტერესებთ, ასევე დაგეხმარებათ, რომ სამზარეულო გახდეს ყველაზე საყვარელი და მყუდრო ადგილი სახლში, სადაც მთელი ოჯახი იკრიბება.

4 წესი სამზარეულოს მოსაწესრიგებლად

წესი №1: მინიმიზაცია

მნიშვნელოვანია, აირჩიოთ და დატოვოთ მხოლოდ ის ნივთები, რომლებსაც ნამდვილად იყენებთ, თუნდაც 6 თვეში ერთხელ მაინც. მაგალითად, ახალი ელექტროგრილი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გაჩუქეს, მაგრამ ჯერ არ გაგიხსნიათ, უმჯობესია სხვას აჩუქოთ ან განცხადებების საიტზე გაყიდოთ.

წესი №2: კატეგორიზაცია

სამზარეულოში წესრიგის კიდევ ერთი წესია კატეგორიზაცია. ეს ნიშნავს, რომ ერთი კატეგორიის ნივთები ერთ ადგილას უნდა შეინახოთ და მთელ სამზარეულოში გაფანტული არ იყოს. ჭურჭელი დაყავით კატეგორიებად, როგორიცაა ჭურჭელი კერძის მოსამზადებლად, სერვირებისთვის, ცხობისთვის, სანელებლები, მარცვლეული და ა.შ.

წესი №3: ვინახავთ იქ, სადაც ვიყენებთ

ამ წესის მიხედვით, თეფშები ნიჟარის გვერდით უნდა შეინახოთ, მარცვლეული და სანელებლები – ქურასთან ახლოს, ჩაი და ყველაფერი ჩაიზე მისაყოლებლად – ჩაიდანთან ახლოს.

წესი №4: სიახლოვე და მოხერხებულობა

მნიშვნელოვანია, ნივთები, რომელთაც ხშირად იყენებთ, ადვილად ხელმისაწვდომი იყოს, თვალის დონეზე. ყველაფერი, რასაც იშვიათად იყენებთ, უფრო ზემოთ, ქვემოთ და სიღრმეში შეინახეთ. მაგალითად, ორთქლსახარში ქვაბი, რომელსაც მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე იყენებთ, ყველაზე მაღალ თაროზე შეგიძლიათ შეინახოთ.

სამზარეულოს მოსაწესრიგებელი ძირითადი წესების გარკვევის შემდეგ სივრცის ორგანიზატორის მთავარ დამხმარეებზე შეგვიძლია გადავიდეთ.

კონტეინერები და კალათები

პირველ რიგში, არ დაგავიწყდეთ კონტეინერები და კალათები. მათი მთავარი ამოცანაა, რომ ერთი კატეგორიის ნივთების ერთ ადგილას შენახვაში დაგეხმაროთ. კონტეინერების არჩევისას ზომას, ფერს და მასალას ყურადღება მიაქციეთ. გვხვდება პლასტმასის, აკრილის და მინის კონტეინერები, ასევე დაწნული და ლითონის კალათები.

კონტეინერების დახმარებით მაცივარში სემანტიკური ნაკრები შეგიძლიათ შექმნათ. კონტეინერში შეინახეთ პროდუქტები, რომლებიც საუზმის მოსამზადებლად გჭირდებათ. მაგალითად, ხაჭო, არაჟანი და კენკრა. ასე დილით ყველა ინგრედიენტის ძიებაზე დროს დაზოგავთ. გიყვართ ბუტერბროდი? მისთვის ძეხვის, კარაქის, ყველის და სპრედის ნაკრები შექმენით.

ლითონის კალათები გამოგადგებათ ტექსტილის, სოუსების, სასუსნავების, ბოსტნეულის და ხილის შესანახად. არა უბრალო ორგანაიზერია, არამედ ინტერიერის ნივთი, რომელიც დამატებით მოდურ სივრცეს ქმნის.

ჩასადგმელი თაროები

კიდევ ერთი დამხმარე. ასე კარადაში მთელ სივრცეს ეფექტურად აითვისებთ. განსაკუთრებით, მაღალ თაროებს. ლითონის თარო–ბადე, რომელიც მთავარ თაროზე იდება, ქმნის კიდევ ერთ დონეს, სადაც წვრილმანები შეგიძლიათ შეინახოთ.

მბრუნავი სადგამები

ნამდვილი მხსნელია სივრცის ორგანიზატორებისთვის. ნებისმიერ თაროზე და ზედაპირზე შეგიძლიათ გამოიყენოთ. კუთხის კარადისთვის იდეალურია. ასეთი სადგამით თაროს სიღრმეში შენახულ ნივთებს ადვილად მიწვდებით. საჭირო ქილის მოძებნაზე აღარ იწვალებთ. სადგამი დაატრიალეთ და საჭირო ელემენტი ხელში გაქვთ.

კაუჭები და ჩამოსაკიდი ორგანაიზერები

კაუჭები და ჩამოსაკიდი ორგანაიზერები კარადის კარზე ნიჟარასთან სივრცის განტვირთვაში დაგეხმარებათ. კაუჭებზე შეგიძლიათ ჩამოკიდოთ რეზინის ხელთათმანები და მოსაჭიდებელი ნაკერი. ორგანაიზერებში შეგიძლიათ შეინახოთ ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი და ნაგვის პარკები.

საჭირო ინფორმაცია მათთვის, ვისთვისაც სამზარეულოში ესთეტიკა მნიშვნელოვანია. დეკანტაცია – პროდუქტების გათავისუფლება ქარხნული შეფუთვიდან. ასე არა მხოლოდ სამზარეულოს ვიზუალურად გაალამაზებთ, არამედ პროდუქტების დიდხანს და უსაფრთხოდ შენახვას უზრუნველყოფთ. ქილების ან კონტეინერების არჩევისას აკონტროლეთ, რომ თავსახური მჭიდროდ ეხურებოდეს, რომ მარცვლეული შემთხვევით არ დაიყაროს ან ქილაში ქინქლები არ შეფრინდეს.

ხრიკი: ჭურჭლის სარეცხი მანქანის აბებიც ქილაში და კონტეინერში შეგიძლიათ შეინახოთ. ასე სამზარეულოს ვიზუალურ ხმაურს მოაშორებთ და ინტერიერში ერთიან სტილს და ჰარმონიას შექმნით.

სამზარეულოს სივრცის მოწყობის მცირე მიმოხილვის დასრულებამდე კიდევ ერთ სასარგებლო ხრიკს გიზიარებთ. ასე შეამცირებთ ადგილს, რომელსაც პარკები იკავებს.

აიღეთ პარკი. ჯერ გაასწორეთ, შემდეგ შუაზე გაკეცეთ, შემდეგ პროცედურა კვლავ გაიმეორეთ. ქვემოთ პარკი სამკუთხედად გადაკეცეთ და ასე დაკეცვა გააგრძელეთ. დარჩენილი „კუდი“ ჯიბეში დამალეთ. ახლა პარკი ნაკლებ ადგილს იკავებს, ხოლო მიღებული სამკუთხედები კონტეინერში შეგიძლიათ შეინახოთ. თუ კონტეინერში ადგილი აღარაა, ახალი პარკები მოიშორეთ.

ვიმედოვნებთ, სასარგებლო რჩევები მიიღეთ. დაე, სამზარეულოში გატარებულმა დრომ მოგიტანოთ სიხარული და სიამოვნება.