ძალიან ძლიერი დაღლილობა, ფეხების შეშუპება, ოფლიანობა, ტკივილი სიარულის დროს შეიძლება ჯანმრთელობის სხვადასხვა დარღვევას უკავშირდებოდეს. ამასთან შეიძლება „ჩუმი“ გულის შეტევის ნიშნები იყოს. მისი გადატანისას ადამიანმა შეიძლება ვერც კი გააცნობიეროს, რომ ნამდვილი ინფარქტი გადაიტანა და მას ექიმთან მისვლა სჭირდება.
გულის შეტევა ყოველთვის ცხადი არაა, ზოგჯერ მას ისეთი სიმპტომები ახლავს, რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევას არ უკავშირდება. BBC-ის მონაცემებით, თითქმის 45% შემთხვევაში ინფარქტი შეიძლება უმტკივნეულო იყოს.
„ვივიენი“ გიამბობთ, თუ რომელი ნიშნები საუბრობს იმაზე, რომ თქვენ „ჩუმი“ ინფარქტი გადაიტანეთ.
უკიდურესი დაღლილობა. დაღლილობის შეგრძნება, რომელიც გრიპით დაავადების დროს ძალების დაკარგვას ჰგავს, შეიძლება გულის დაავადების ნიშანი იყოს. ეს მით უფრო სავარაუდოა, თუ დაღლილობა დიდხანს გრძელდება. მის შეგრძნებას იწვევს ჟანგბადის ნაკლებობა, რაც ინფარქტის ერთ-ერთი წინამორბედი ფაქტორია.
ფეხების შეშუპება შეიძლება რიგი მიზეზების გამო წარმოიშვას. მაგალითად, ორსულობის ან ვარიკოზული გაფართოებული ვენების გამო. ამასთან შეიძლება გულის უკმარისობის, ქრონიკული მდგომარეობის ნიშანი იყოს, როცა გული სისხლს არაეფექტურად ტუმბავს. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ: გულთან დაკავშირებულ ფეხების შეშუპებას თან ახლავს სხვა სიმპტომები, მათ შორის დაღლილობა.
ტკივილი სიარულის დროს. თუ ფეხის კუნთებში კრუნჩხვები გაწუხებთ, როცა ზემოთ ადიხართ ან მოძრაობთ, მაგრამ ამასთან დასვენების დროს მდგომარეობის გაუმჯობესებას გრძნობთ, ეს ნიშანი არ უგულებელყოთ. მსგავსი მოვლენა შეიძლება ფეხის არტერიებში თრომბოზის ნიშანი იყოს, რაც გულის მდგომარეობისთვის ძალიან სახიფათოა. ეს ინფარქტის ალბათობას 50%-ით ზრდის.
თავბრუსხვევა. ის შეიძლება სხვადასხვა ფაქტორით წარმოიქმნას, მაგრამ ასევე გულის პრობლემებს უკავშირდება. კერძოდ, თავბრუსხვევა შეიძლება არტერიების დაცობვამ გამოიწვიოს, რომელიც არტერიულ წნევას ამცირებს, ან გაუმართავმა სარქველებმა, რომელიც ნორმალური წნევის შენარჩუნებას ვეღარ ახერხებს.
დაძინების დროს გულისცემის მოსმენა. დაზიანებული სარქველის მქონე ზოგიერთ პაციენტს შეიძლება ღამით საკუთარი გულისცემა ესმოდეს. როგორც წესი, მას ეგუებიან ან უბრალოდ ძილის პოზას ცვლიან, რომ არ მოისმინონ. თუმცა ამ ნიშნის დროს ექიმთან ვიზიტი აუცილებელია.
შფოთვა, ოფლიანობა და გულისრევა, რომლებიც ერთდროულად გვიტევს. მსგავსი ნაკრები პანიკურ შეტევას ახასიათებს, მაგრამ შეიძლება გულის შეტევის სიგნალი იყოს თუ ამ უსიამოვნო მოვლენას ახლავს ქოშინი, ძლიერი დაღლილობა, მკერდში ტკივილი, რომელიც ზურგში, ხელში, კისერში ან ყელში გადადის – დაუყონებლივ სასწრაფო დახმარებას უნდა მიმართოთ.