„ამ თამაშს არ ვითამაშებთ“. დედამ შვილებთან სახიფათო თამაში დაიწყო 

431

ქეთი სახლში მივიდა, ჩაი დაისხა და ჩაფიქრდა. ნახევარი საათის წინ დაბრუნდა დედისგან, რომელთანაც უცნაური საუბარი ჰქონდა. ქალიშვილი ფრაზების და წინადადებების გახსენებას ცდილობდა, რომ რაღაც უცნაური ეპოვა. როგორც იქნა, მის თავში რაღაცამ გაიელვა. აი, რა:

„დაფიქრდი. თუ ბინა გჭირდება, უკვე უნდა იმოქმედო“. რატომღაც საუბარში „მოქმედების“ მნიშვნელობა გამოეპარა. ახლა დაფიქრდა. რას ნიშნავს? ვის მიმართ იმოქმედოს? რისთვის? დედის? დაიწყოს მასზე ზრუნვა? ისედაც აკეთებს. თუ ავთოს მიმართ. დედის აზრით, რა უნდა გააკეთოს ძმის მიმართ, რომ ბინა მიიღოს?

მოულოდნელად მობილურმა დარეკა და ქეთი შეკრთა. ეკრანზე ძმის სახელი გამოჩნდა.„ძაღლი ახსენე, ჯოხი გვერდზე მოიგდეო.“

და–ძმა ერთმანეთს იშვიათად ურეკავდა. თითოეულს საკუთარი საზრუნავი და პრობლემა ჰქონდა, ერთმანეთთან ახლომდებარე, მაგრამ მაინც სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობენ. ერთადერთი, რასაც ახლა მათი გაერთიანება შეეძლო, დედაზე ზრუნვა იყო. რა თქმა უნდა, ბინაც.

ამ საკითხზე დიალოგი დიდი ხანია არ ყოფილა და თითოეული ზრუნავდა დედაზე ისე, როგორც საჭიროდ თვლიდა. ახლა ეს ზარი. ქეთიმ გაბედა და ზარზე უპასუხა.

–გამარჯობა!

–გამარჯობა! ბოლოს როდის ესაუბრე დედას ბინის თაობაზე?

და დაიძაბა:

–რა მოხდა?

–ახლახანს დამირეკა. მითხრა, რომ ყოველთვის უფრო მეტად მაფასებდა და ვუყვარდი. როგორც საყვარელ ვაჟს, სურს ბინა მიანდერძოს. მხოლოდ მე.

–ნუთუ? – თითქმის გულწრფელად გაუკვირდა ქეთის.

–ასეა. მაგრამ დედაჩვენს ვიცნობ, ამიტომ არ გამიკვირდება, თუ მსგავსი რამ შენც გითხრა.

ქეთი ორჭოფობდა. უთხრას თუ არა? მოუყვეს თუ გაჩუმდეს? იქნებ ამოწმებს? იქნებ ავთოს უბრალოდ სურს გაიგოს, დედა ელაპარაკა თუ არა. ხოლო ავთოსთან არ ულაპარაკია და მხოლოდ მოიგონა, რომ საუბრის შესახებ გაიგოს? დედის ბინა ხომ მართლაც კარგია.

ფიქრებიდან ავთოს ხმამ გამოიყვანა.

–შეგიძლია დედას დაურეკო და გაიგო, მელაპარაკა თუ არა. თუ ჩემი არ გჯერა. მანამდე მინდა გაიგო, რას ვფიქრობ ამ თემაზე. შემდეგ უკვე გადაწყვიტე, დაურეკავ თუ არა. მოუყვები თუ არა.

და–ძმის სატელეფონო საუბარი საკმარისი არ აღმოჩნდა.

***

რამდენიმე დღის შემდეგ ერთმანეთს შეხვდნენ, რომ ყველაფერი წინასწარ განეხილათ და შეთანხმება მიეღწიათ. შეხვედრის შემდეგ მაშინვე დედასთან წავიდნენ. ბინის მფლობელი ორივე შვილის ერთდროულად სტუმრობამ დააბნია.

–რამ მოგიყვანათ ორივე? – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა.

–ბინაზე სალაპარაკოდ მოვედით, – მტკიცედ უპასუხა ავთომ.

–რა არის სალაპარაკო? – უფრო უკმაყოფილო ხმით ჰკითხა დედამ.

–დაჯექი, დიდხანს არ დაგაკავებთ.

როცა დედა დივანზე დაჯდა, ვაჟმა გააგრძელა:

–დედა, ყველაფერი ვიცით.

–რა იცით? – უფრო შეშინებულმა იკითხა დედამ.

–გვესმის, რატომ აკეთებ ამას. რატომ გვესაუბრები ორივეს ცალ–ცალკე ბინის შესახებ.

–ჰო, მერე რა?

–გინდა ვიკამათოთ. ბინა ღირებული აქტივია, შენი ბინა განსაკუთრებით. ოდესმე მეც და ქეთისაც ძალიან გამოგვადგება.

დამ მაშინვე დაამატა:

–მოვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ. შეგიძლია უძრავი ქონება ნებისმიერზე გადააფორმო. უანდერძე, აჩუქე ვისაც გსურს. ჩვენ ან ვიღაც უცხო პირს. ჩვენთვის სულერთია. მე და ავთო შენი თამაშით თამაშზე უარს ვამბობთ.

–რა თამაში? – აღშფოთდა დედა. – უბრალოდ სიბერეში მოვლა მჭირდება! გაგზარდეთ და თავზე გევლებოდით, ახლა მხოლოდ ორ კვირაში ერთხელ მნახულობთ! მოხუცი ვარ. მხოლოდ ის მინდა, ჩემი ბინა მოვლაზე გავცვალო. სხვათა შორის, კანონით მეკუთვნის!

ავთომ უთანხმოების ნიშნად თავი გააქნია:

–არა, ძალიან გინდა ჩვენი ცხოვრება მართო. და გააკეთო ყველაფერი, რომ შენზე და შენს ახირებებზე დამოკიდებული დავრჩეთ. მაგრამ ჩვენ უკვე გავიზარდეთ და შენს ხრიკებზე არ წამოვეგებით. თუ მოვლის მიღება გინდა, მოგიწევს გადაწყვიტო, ვის უანდერძებ ბინას. თუ ჩვენ არა, დაგეხმარებით, მაგრამ მხოლოდ როგორც შვილები. მიიღებ ნორმალურ ზრუნვას. თუ ბინას ერთ–ერთ ჩვენგანს მისცემ, ის შენზე სუპერ ზრუნვას გამოავლენს. თუ ორივე მფლობელი ვიქნებით, ორივე შვილისგან სუპერ ზრუნვას მიიღებ.

–რამდენად მერკანტილურები ხართ, რომ გადაწყვიტეთ ზრუნვის დონე დააწესოთ იმის მიხედვით, მიიღებთ თუ არა ბინას?! უბრალოდ ხარბები ხართ და მეტი არაფერი.

–შესაძლოა. სწორედ შენ დაგვაყენე ამ პირობებში. სხვათა შორის, შენი თამაში რომ გვეთამაშა, გამარჯვებული ყოველთვის მერკანტილური და ხარბი ადამიანი იქნებოდა. თავად გინდოდა. ასე რომ მიიღე. საკუთარი თავი დაადანაშაულე. გვითხარი, რას გადაწყვეტ. შენს გარდა სხვა საზრუნავიც გვაქვს.

***

დედა ცდილობდა, რომ მასზე ზრუნვის და ბინის გადაცემის საკითხის ინიციატივა დაებრუნებინა, მაგრამ შვილები ურყევი იყვნენ: სანამ დედა მკაფიო ნაბიჯს არ გადადგამს, შვილები არ ინახულებენ, თითქოს არანაირი ბინა არც არის.

არჩევანის გაკეთება მოუწია. დედამ შვილები აირჩია. ჩუქების ხელშეკრულება გააფორმეს უფლებით, რომ დედა სიცოცხლის ბოლომდე ამ ბინაში იცხოვრებდა. შვილებმა წილი მიიღეს და შეეძლოთ დედის მიმართ „სუპერ ზრუნვა“ გამოევლინათ.

მართალია, მშობელსა და შვილებს შორის ურთიერთობა არ გაუმჯობესებულა. მაგრამ სჭირდება თუ არა ეს მხარეებს, ღია საკითხია.