„ძვირფასო, მოდი, ბინა ვიყიდოთ! ფული იშოვე!“ ურთიერთობის გაწყვეტის დახვეწილი მეთოდი

262

ქალმა კაცს პლანშეტისკენ გაახედა:

– შეხედე, რა ლამაზი ბინაა!

– ნამდვილად, ფოტოებით კარგი ჩანს.

– ახლახანს ანამ მეუღლესთან ერთად იყიდა!

უცებ მამაკაცს სახე გაუნათდა:

– მოგწონს?

– რა თქმა უნდა!

– მოდი, ვიყიდოთ.

ქალს გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა. „ამჯერად, თითქოს, გულწრფელია“ – აღნიშნა სიამოვნებით კაცმა.

– მართლა? ხუმრობ?

– რატომაც არა, ვიყიდოთ, თუ ასე ძალიან გინდა.

– სერიოზულად?

– დიახ, ხომ გინდა?

– თან როგორ!

– მორჩა, ვიყიდოთ. როდის წავალთ ასარჩევად?

– არ ხუმრობ?

– რა თქმა უნდა, არა!

– მიყვარხარ, ძვირფასო!

– და მე როგორ მიყვარხარ!

ბინა სწრაფად აირჩიეს. ქალმა უკვე ყველა მეგობარს უთხრა, რომ „ის და ამირანი ბინას ყიდულობენ იმ კორპუსში, სადაც ანამ იყიდა, ოღონდ უფრო დიდ ფართს“. გშურდეთ!

რამდენიმე დღეში შეთანხმება უნდა გაეფორმებინათ. ამ 48 საათის განმავლობაში შეყვარებულები ერთმანეთს სიყვარულს იმდენჯერ უხსნიდნენ, როგორც არასდროს.

დეველოპერის ოფისში გარეგნულად ყველაზე ბედნიერი წყვილი მივიდა. კომპანიის მენეჯერმა ამობეჭდილი დოკუმენტი მაგიდაზე დადო და ნოუთბუქი გახსნა:

– ხელშეკრულებაში შევიტანე ცვლილებები. გადახდის ბრძანებები და სხვა ყველაფერი მოვამზადე.

– შესანიშნავია, – მხიარულად წამოიძახა ქალმა.

– ახლა ხელშეკრულების მიხედვით გადავიხდით, შემდეგ ხელს მოვაწერთ და მორჩა!

– ძვირფასო, აი, რეკვიზიტები, ფულის გადარიცხვა დაიწყე!

– რა ფულის? – ენაბორძიკით იკითხა გაოცებულმა ქალმა.

– როგორ რა ფულის? – კაცი დაბნეული და დარცხვენილი ჩანდა, –  ბინის. შენი ნაწილი.

– ფული არ მაქვს.

– როგორ არ გაქვს? – გაოცებულმა კაცმა ჯერ მენეჯერს შეხედა, შემდეგ საყვარელ ქალს.

– არ ვიცოდი, რომ თანხის გადარიცხვა საჭირო იყო.

– აბა როგორ ყიდულობდი? ფულის გარეშე?

– ვიფიქრე, შენ გადაიხდიდი. მთელ თანხას.

– ჰმ, მაგრამ შენ ხომ საკუთარი ბინის მიღება გინდოდა. აი, ნახევარს მიიღებ.

– კი, მაგრამ. ჩვენ ხომ,

– რა ჩვენ?

– ჩვენ ხომ თითქმის ცოლ–ქმარი ვართ.

– არა, ძვირფასო. უბრალოდ მოქალაქეები ვართ, რომელთაც კანონის მიხედვით საკუთარი პირადი ქონება გვაქვს.

– რა შუაშია კანონი?

– როგორ რა შუაშია? ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ასეთი კანონებია.

– ჩვენ ხომ ამდენი წელია ერთად ვართ. რა მნიშვნელობა აქვს, რომ ბინა ჩემს სახელზე იყოს გაფორმებული? ისედაც თითქმის ცოლი და ქმარი ვართ.

– მართალი ხარ, ძვირფასო. არ აქვს მნიშვნელობა, ვისზე გაფორმდება ბინა.

– ხედავ, ძვირფასო. მიხარია, რომ მეთანხმები, – ქალი გამხიარულდა.

– როცა მართალი ხარ, მართალი ხარ. ამიტომ ბინა ჩემზე გაფორმდება.

– რა? რატომ შენზე?

– ხომ განსხვავება არაა? მაშინ ჩემზე. მე ხომ ჩემი ფულით ვყიდულობ, რადგან შენ არ გაქვს.

– არა, მოიცადე. რატომ არ გინდა ბინა ჩემზე გააფორმო?

– რატომ ძვირფასო? შენ ხომ ისედაც გიყვარვარ. ბინით უფრო მეტად შეგიყვარდები.

– მოიცადე. არ მენდობი? ფიქრობ, მიგატოვებ, როგორც კი ბინას ჩემზე გააფორმებ? ასე ფიქრობ? შენ შეცვალე მყიდველის სახელი ხელშეკრულებაში?

– არა, რას ამბობ. შენ არ მიმატოვებ. დიახ, მყიდველის მონაცემები შევცვალე, შენ ამოგიღე. დიახ, მე მიგატოვებ. პირდაპირ ახლა.

გაყიდვების მენეჯერი ამ ყველაფერს პირდაღებული უყურებდა. მის წინაშე სხვადასხვა სცენები გაუმართავთ, მაგრამ კაცს რომ ქალი ბინის ყიდვის წინ მიეტოვებინოს, რაღაც ახალი იყო.

კამათი მალე ცეცხლოვან საუბარში გადავიდა:

– ოჰ შენ! ყველაფერი იცოდი და ჩუმად იყავი!

– ანუ მე მადანაშაულებ, რომ ჩემს ხარჯზე ცხოვრება გინდოდა?

– ურჩხული ხარ!

– კი, ურჩხული ვარ, შენ კი ფრთიანი ანგელოზი ზეციდან!

– მე მიგატოვებ და არა შენ! მე, არა შენ!

– კი ბატონო. შეგიძლია დაქალებს უთხრა, რომ შენ მიმატოვე, რომ სტატუსი შეინარჩუნო. ანას უთხარი, რომ მასთან ერთად ერთ კორპუსში არ იცხოვრებ.

როგორც კი ქალი ოფისიდან წყევლა–კრულვით გავიდა, მამაკაცი მაშინვე მენეჯერისკენ გადაიხარა:

– მადლობა, – მენეჯერის სამკერდე ნიშანს პირველად დახედა. – მადლობა, ნათელა, რომ დამეხმარეთ დაშორებაში, ხომ გესმით. არ ვიცოდი, როგორ მეთქვა პირდაპირ. ასე ლამაზად გამოვიდა. დარწმუნებული ვარ, ასეთი რამ არ გინახავთ.

– არა, – მშვიდად უპასუხა მენეჯერმა.

– ჩავთვალოთ, რომ ეს დახარჯული დროისთვის სასიამოვნო ბონუსია. და ცოტა გასართობი. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ.

ამ სიტყვებით მამაკაცი გასასვლელისკენ გავიდა.

– და ბინა?

მამაკაცი წამით გაჩერდა:

– ბინა? ოჰ, დიახ, სად მაქვს მთელი ფული? როგორ ფიქრობთ, მილიონერი ვარ?

– იპოთეკა შეგიძლიათ!

– მადლობა. ვიცი, სად დავხარჯო ჩემი ფული შემდეგი 20 წლის განმავლობაში.

ნათელა ამ შემთხვევას კიდევ დიდხანს იხსენებდა. ყოველჯერზე წარმოიდგენდა, რა მოხდებოდა, ქალს რომ ეპასუხა, რომ ბინის ნახევრის გადასახდელი ფული ჰქონდა.