NASA ასახელებს 4 ასტრონავტს, რომლებიც პირველად ბოლო 50 წლის განმავლობაში მთვარეზე წავლენ

193

ბოლოს ასტრონავტები მთვარეზე 50 წლის წინ იყვნენ. 6 ფრენის განმავლობაში მთვარის ზედაპირზე ფეხის დადგმა მხოლოდ 12 ადამიანმა (ყველა ამერიკელი) მოახერხა. პირველად 1969 წლის 20 ივლისს მთვარეზე ნილ არმსტრონგი გაფრინდა.

ასტრონავტები მთვარეზე – საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ 70-იან წლებში გაიზარდა და ბევრი მიმდევარი მოიპოვა შეთქმულების თეორიამ, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ამერიკელები მთვარეზე არასდროს ყოფილან. თითქოს, ყველაფერი ჩვენს პლანეტაზე, სადღაც პავილიონში დადგეს და გადაიღეს. ყველა ფოტო, ვიდეო და მთვარის ქანის ნიმუში ყალბია. თუმცა ამერიკელების მთვარეზე დაშვების ფაქტს არც სხვა ქვეყნები და არც სსრკ (ცივი ომის პირობებში) ეჭვქვეშ არ აყენებდა. თავად ფრენები გასაიდუმლოებული არ იყო, მათ მთელი პლანეტის ასტრონომები და რადიომოყვარულები აკვირდებოდნენ. ხოლო დაშვების ადგილის კოორდინანტები დაადასტურეს საბჭოთა ასტრონომებმა 1977 წელს. თუმცა სკეპტიკოსები ამერიკელებს შორისაც ბევრია.

აი, 3 აპრილს აშშ–ს კოსმოსურმა სააგენტომ NASA მოულოდნელად გამოაცხადა, რომ ნახევარსაუკუნოვანი უმოქმედობის შემდეგ მთვარეზე გაფრენას ისევ აპირებენ. უფრო მეტიც, ფრენა „არტემიდა 2“-ის მისიის ფარგლებში მომდევნო წლის ნოემბერში ან უკვე 2025 წლის დასაწყისში იგეგმება. საინტერესოა, რომ პროექტს არტემიდა უბრალოდ არ ეწოდა. ძველ ბერძნულ მითოლოგიაში არტემიდა აპოლონის ტყუპისცალი იყო. კერძოდ, „აპოლონის“ მისიის დროს მოხდა ცნობილი დაშვება მთვარეზე ნახევარი საუკუნის წინ.

გაირკვა, რომ ბოლო რამდენიმე თვეა მომავალი მთვარის მკვლევარების ინტენსიური შერჩევა მიმდინარეობდა. ეკიპაჟი ისე შეარჩიეს, რომ არავინ განაწყენებულიყო. ასე ვთქვათ, ყველა თანამედროვე ტენდენცია გაითვალისწინეს.

ვინ გაფრინდება? – მაგალითად, ეკიპაჟის ერთ–ერთი წევრია ქალი. პირველი ასტრონავტი ქალი, რომელიც მთვარეზე გაფრინდება, 44 წლის კრისტინა კოხია. ამ ქალს ეკუთვნის ქალთა შორის კოსმოსში ყოფნის ხანგრძლივობის რეკორდი, 328 დღეზე მეტი. უნდა ითქვას, რომ ამ ელექტრო ინჟინერმა თავისი საქმე ზუსტად იცის. კრისტინა ეკიპაჟის ტვირთი ნამდვილად არ გახდება.

ყურადღებას იქცევს 46 წლის მფრინავი-გამომცდელი ვიქტორ გლოვერი. ის გახდა პირველი შავკანიანი, რომელიც კოსმოსურ სადგურზე ყველაზე დიდხანს (მთელი 6 თვე) იმყოფებოდა. ის გახდება პირველი აფროამერიკელი, რომელიც მთვარის ზედაპირზე ფეხს დაადგამს. ეკიპაჟის წევრი იქნება 47 წლის აშშ-ის საზღვაო ძალების მფრინავი გრეგორი რიდ უაისმენი, რომელიც ნასას ასტრონავტთა ოფისის ხელმძღვანელად მუშაობს. ოთხეულში ლიდერი სწორედ ის იქნება. გუნდის წევრად აიყვანეს 47 წლის კანადელი პილოტი ჯერემი ჰანსენი, რომელიც კოსმოსში ჯერ არ ყოფილა.

მოსალოდნელია, რომ პირველი ფრენა 10 დღე გაგრძელდება. მთავარი მიზანია კოსმოსური ხომალდის „ორიონის“მხარდამჭერი სისტემების მუშაობის შემოწმება. შემდეგ ფრენაზე ეკიპაჟი მთვარის ზედაპირზე დაეშვება. თუმცა მეორე ფრენა პირველი ფრენიდან სადღაც 12 თვეში იქნება, ამიტომ ლოდინი მოგვიწევს.