ქათმების მოვლის ძირითადი წესები, რომლის შესახებ ყველა მეფრინველემ უნდა იცოდეს

371

ქათმის სწორად დარწყულებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელსაც რატომღაც ბევრი მეფრინველე, განსაკუთრებით დამწყები, დიდ ყურადღებას არ აქცევს. არასწორი მორწყვა კვერცხმდებლობის შემცირების და დაავადებების განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს. ფრინველის ჯანმრთელობა მიწოდებული წყლის სისუფთავეზე, რაოდენობასა და ტემპერატურაზე დამოკიდებულია. წყლის და საკვების თანაფარდობაც უნდა დაიცვათ. Vivien გიამბობთ, როგორ უზრუნველყოთ შინაური ქათმები საუკეთესო პირობებით.

წყლის და საკვების თანაფარდობა – წყლის მოცულობა საკვების რაოდენობასთან პირდაპირ კავშირშია. მაგალითად, მეხორცული და კომბინირებული ქათმების შემთხვევაში პროპორცია 1,6:1 უნდა იყოს, ხოლო მეკვერცხული ქათმებისთვის – 2,5:1. თუ მხოლოდ მშრალ საკვებს აწვდით, წყლის რაოდენობა 30%–ით გაზარდეთ. თუ მელასს ან შროტს უმატებთ, წყალი დაუმატეთ. თუ საკვები უჯრედისით და პროტეინით მდიდარია, წყლის რაოდენობა შეგიძლიათ გაზარდოთ.

გარემოს ტემპერატურა და წყალი – ტემპერატურის მატებისას ქათმებს წყლის მიმართ მოთხოვნილება ეზრდებათ. პროფესიონალმა მეფრინველებმა ქათმისთვის საჭირო წყლის მოცულობა გამოთვალეს. +18 გრადუსზე მეხორცული ქათამი სვამს 170 მლ სითხეს, ხოლო მეკვერცხული – 200 მლ–ს. +30 გრადუსზე წყლის მოცულობა 2–3–ჯერ იზრდება. +21 გრადუსზე თავს კომფორტულად გრძნობს. ამ შემთხვევაში 200 მლ წყალი და 120 გ საკვები სჭირდება.

წყლის ტემპერატურა ქათმის ასაკის მიხედვით – წყლის ტემპერატურაც საყურადღებოა. წყლის ტემპერატურის შერჩევისას ფრინველის ასაკი მთავარი ფაქტორია. ახალგამოჩეკილ წიწილას ოთახის ტემპერატურის წყალი სჭირდება. ახალგაზრდა მეხორცულ და მეკვერცხულ ქათამს 31-33 გრადუსის წყალი უნდა მისცეთ. თანდათან ტემპერატურა შეამცირეთ. 21 დღის ქათამს 18–20 გრადუსის წყალი შეგიძლიათ მისცეთ. ზრდასრული ქათმისთვის წყლის ტემპერატურა 10-13 გრადუსი უნდა იყოს. თბილი წყლით დიდხანს დარწყულება მათ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე ცუდად მოქმედებს. ზრდასრული ქათმებისთვის შეგრილებული წყალი საუკეთესო ვარიანტია.

ქათმების დარწყულება ზამთარში – ფრინველისთვის ზამთარი რთული პერიოდია. თუ საქათმე დათბუნულია და ოპტიმალური ტემპერატურა შენარჩუნებული, პრობლემა არაა. ასე წყალი არ გაიყინება. ზოგი მეფრინველე თვლის, რომ ფრინველისთვის თოვლის მიცემა შეიძლება. ის გადნება და ქათამი წყლის დალევას შეძლებს. ასე არ გააკეთოთ, რადგან კვერცხმდებლობა და ზოგადად ქათმის ჯანმრთელობა გაუარესდება. ქათმებს ყოველთვის სუფთა წყალი უნდა მიაწოდოთ. თუ საქათმე დათბუნულია, წყალი საღამოს დაასხით. ქათმები ადრე იღვიძებენ და ჭამის შემდეგ სვამენ. მინუს ტემპერატურაზე წყალი საკვებთან ერთად დილით მიაწოდეთ. დანაყრებული ქათმები წყალს მშვიდად დალევს და კომფორტულად იქნება.

რჩევები – საკვებური და სარწყულებელი ქვესაფენის დონიდან აწეული უნდა იყოს. ასე ქათმები ვერ გააჭუჭყიანებენ. შესანიშნავია, თუ საქათმეში ჩასვამთ ნიპელურ სისტემას, რომელშიც ვაკუუმის და მიკროთასების სარწყულებლები გამოიყენება. ქვესაფენის სისქეც მნიშვნელოვანია. ჩალა რეგულარულად დაუმატეთ, შემდეგ ქათმები თანაბრად თავად გაანაწილებენ. 20-25 სმ სისქის ქვესაფენი იდეალურია. თუ წყლის მიწოდება შეამცირეთ, ქათმები ხშირად შეამოწმეთ. ფრინველები წყლის დეფიციტის გამო ხშირად ჩხუბობენ, რაც დაზიანებას და კანიბალიზმს იწვევს. სარწყულებლის ზომების და რაოდენობის გაზრდა საუკეთესო გამოსავალია. ასე ქათმები ერთ ადგილზე არ შეჯგუფდებიან.