
ხახვს უამრავ სხვადასხვა კერძში ამატებენ, თუმცა გამოყენებამდე მისი გასუფთავებაა საჭირო. იშვიათად თუ ახერხებს ვინმე ამ პროცესის ცრემლების გარეშე დასრულებას. ცრემლდენა ხახვის გაფცქვნისთანავე იწყება და დაჭრის დროსაც გრძელდება. სწორედ ამიტომ, ხახვის გაწმენდა და დაჭრა ბევრისთვის უსიამოვნო პროცესია, განსაკუთრებით მაშინ, თუ რეცეპტი დიდი რაოდენობით ხახვს მოითხოვს. ჩვენ მოვამზადეთ მარტივი და პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომელიც გასწავლით, როგორ გავწმინდოთ ხახვი ცრემლების გარეშე.
როგორ გავწმინდოთ ხახვი: რატომ ვტირით და როგორ ავიცილოთ ეს თავიდან
იმისათვის, რომ ცრემლდენას წარმატებით ვებრძოლოთ, ჯერ უნდა ვიცოდეთ, თუ რატომ იწყება ის.
რატომ გვაცრემლებს ხახვი გაწმენდისა და დაჭრის დროს
ზრდის პროცესში ხახვი ნიადაგიდან გოგირდს იწოვს, რომელიც ამინომჟავების ფორმირებისთვის სჭირდება. გაფცქვნისა და დაჭრის დროს უჯრედების გარსი იშლება. შედეგად, ამინომჟავები და ფერმენტები, რომლებიც მანამდე მემბრანებით იყო ერთმანეთისგან გამოყოფილი, ერთმანეთს ერევა. ეს ქიმიური რეაქციების მთელ კასკადს უდებს სათავეს, რის შედეგადაც გოგირდის აქროლადი ნაერთი წარმოიქმნება. ამ ცრემლსადენ ნივთიერებას ლაკრიმატორს, ანუ ბუნებრივ ცრემლსადენ გაზს უწოდებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ნივთიერება ძალიან არასტაბილურია, მისი არსებობის ხანგრძლივობა სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ აქროლადი ორთქლი თვალის ლორწოვან გარსზე მოხვდეს. ლორწოვანზე არსებულ ტენთან კონტაქტისას ლაკრიმატორი გოგირდმჟავად გარდაიქმნება. მართალია, მისი კონცენტრაცია ძალიან დაბალია, მაგრამ სრულიად საკმარისია ლორწოვანის გასაღიზიანებლად. საპასუხოდ, საცრემლე ჯირკვლები იწყებს ცრემლის გამოყოფას, რათა გამაღიზიანებელი ჩამორეცხოს. ხახვთან მუშაობისას უჯრედების დაშლისა და ლაკრიმატორის გამოყოფის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს, შესაბამისად, არც ცრემლდენა წყდება.
მარტივი ხერხები: როგორ გავწმინდოთ ხახვი ცრემლების გარეშე
მომზადების პროცესში რომ არ ვიტიროთ, თვალები აქროლადი ლაკრიმატორებისგან უნდა დავიცვათ. გთავაზობთ მარტივ და გამოცდილ მეთოდებს.
წყლის გამოყენება
წყალი ლაკრიმატორს შლის. ამიტომ მუშაობის დაწყებამდე ხახვი ცივი წყლით უნდა გარეცხოთ და დანაც დაასველოთ. გაფცქვნისა და დაჭრის პროცესში დანა პერიოდულად ონკანის ქვეშ უნდა გაავლოთ.
ბასრი დანა
ხახვის დაჭრა და გაწმენდა მხოლოდ კარგად გალესილი ინსტრუმენტით არის რეკომენდებული. ბასრი პირი რბილობს სუფთად ჭრის, ტოვებს სწორ ნაჭდევს და მინიმალურად აზიანებს უჯრედებს. ბლაგვი დანით დაჭრისას ნაჭდევი “დაგლეჯილი” და გასრესილი გამოდის. შესაბამისად, მეტი უჯრედი ზიანდება და თვალის გამაღიზიანებელი ლაკრიმატორიც მეტი გამოიყოფა.
გაგრილება
სიცივეში ქიმიური რეაქციები ნელდება. ამ თვისების გამოყენება მწვავე ლაკრიმატორის რაოდენობის შესამცირებლად შეიძლება. გაფცქვნამდე ხახვი ნახევარი საათით მაცივარში ან 15 წუთით საყინულეში მოათავსეთ. ამის შემდეგ კი სწრაფად გაფცქვენით და დაჭერით.
ვენტილატორი და სითბოს წყარო
აქროლადი ლაკრიმატორის თვალებიდან “მოგერიება” შესაძლებელია. ამისთვის სამუშაო ადგილის პირდაპირ დადგით ვენტილატორი და თქვენკენ მიმართეთ. ჰაერის ნაკადი თვალის გამაღიზიანებელ ნივთიერებებს გაფანტავს.
ცეცხლი აქროლად ნივთიერებებს შლის, ამიტომ შეგიძლიათ საჭრელ დაფასთან ერთი ან ორი სანთელი დაანთოთ. ეს ჰაერში ლაკრიმატორის კონცენტრაციას შეამცირებს. თუმცა, ამ შემთხვევაში დიდი სიფრთხილე გმართებთ, რომ სანთელი არ წაგექცეთ. ანალოგიურად, მაგრამ ოდნავ ნაკლები ეფექტურობით მუშაობს სველი ქაღალდიც. დაასველეთ ქაღალდის ხელსახოცი და დაფასთან დადეთ. მწვავე ნივთიერების ნაწილი ქაღალდზე დაილექება და ტენის ზემოქმედებით დაიშლება.
ფიზიკური ბარიერი და პირით სუნთქვა
შეგიძლიათ თვალების უსაფრთხოებაზე წინასწარ იზრუნოთ. ამისთვის გამოგადგებათ ნებისმიერი სათვალე ან დამცავი ნიღაბი-ეკრანი. მთავარია, ის სახეზე მჭიდროდ გერგებოდეთ.
ასევე ეფექტურია პირით სუნთქვა. ასეთი სუნთქვა ამცირებს თვალში მოხვედრილი ლაკრიმატორის რაოდენობას, რადგან ამოსუნთქვისას ჰაერის ნაკადი მას სახიდან აფანტავს. ზოგიერთი წყარო ხახვის დაჭრისას რაიმეს ღეჭვასაც გვირჩევს, რადგან ამ დროს ყურადღება სხვა პროცესზე გადაგვაქვს.
როგორ გავფცქვნათ ხახვი სწრაფად
ხახვის გაფცქვნა არც ისე მარტივი საქმეა. გამხმარი ქერქი ბოლქვს რთულად სცილდება. ხშირად ის ნაწილ-ნაწილ ძვრება, რაც პროცესს კიდევ უფრო ართულებს. გთავაზობთ ხახვის სწრაფად გაფცქვნის მარტივ, მაგრამ მუშა მეთოდებს.
1. შუაზე გაჭრა (ნახევრებად)
ეს მეთოდი გამოგადგებათ, თუ ხახვს შემდგომში წვრილად ჭრით. ხახვი გაუფცქვნელად გაჭერით შუაზე. აიღეთ ერთი ნახევარი და ფრთხილად მოაცილეთ ქერქი ღეროდან ქვემოთ მიმართულებით. იგივე გაიმეორეთ მეორე ნახევარზეც. ძირის მოჭრაც შეიძლება, თუმცა დაჭრის დროს ის ხახვის დაჭერაში გეხმარებათ.
2. მთლიანი ბოლქვების გაფცქვნა
თუ მთლიანი ხახვი გჭირდებათ, ჯერ ბასრი დანით მოაჭერით ზედა და ქვედა ნაწილი. შემდეგ შუაში წრიული ნაჭდევი გააკეთეთ ისე, რომ გამხმარი ქერქი და მომდევნო წვნიანი ფენაც გაიჭრას. დანის წვერით ფრთხილად წამოაცვით ნაჭდევის კიდე და გამხმარი ქერქი პირველ წვნიან ფენასთან ერთად მოაცილეთ.
3. ჩალბობა
თუ ბევრი (კილოგრამი და მეტი) ხახვი გაქვთ გასაფცქვნელი, ჩაყარეთ ისინი ცივ წყალში 10-15 წუთით. ამ დროში გამხმარი ქერქი ტენით გაიჟღინთება და ძალიან მარტივად, ზემოთ აღწერილი ნებისმიერი მეთოდით მოძვრება.
4. მდუღარე წყალი და თბური დამუშავება
მცირე რაოდენობის ხახვის სწრაფად გასაფცქვნელად მდუღარე წყლის გამოყენებაც შეიძლება. ხახვი ჩაყარეთ ჯამში და დაასხით მდუღარე. გააჩერეთ 1 წუთი და წყალი გადაღვარეთ. დამდუღრული კანი ბევრად მარტივად ძვრება.
ასევე შეგიძლიათ ხახვი შუაზე გაჭრათ, ჩანგალზე წამოაცვათ და სითბოს წყაროსთან (მაგალითად, ცხელ ტაფასთან) ახლოს დაიჭიროთ. ასეთი თბური “დამუშავების” შემდეგ ქერქის მოცილება გაცილებით მარტივია.
როგორ გავწმინდოთ ხახვი ზამთარში შესანახად
ყველაფერი ზემოთქმული უშუალოდ კერძის მომზადების წინ ხახვის გაწმენდას ეხება. თუ მისი დიდხანს შენახვა გსურთ, ეს მეთოდები არ გამოგადგებათ. შესანახად ხახვის მომზადების ალგორითმი ასეთია: ამოღების შემდეგ ხახვი უნდა გაშრეს. ამისთვის ის ერთ ფენად, კარგად განიავებად ოთახში ან გარეთ, საჩრდილობლის ქვეშ უნდა გაშალოთ. ბოლქვები სრულ გაშრობამდე ასე უნდა დატოვოთ და თანაბრად გასაშრობად ყოველდღიურად ატრიალოთ.
მნიშვნელოვანია: გაშრობამდე ხახვი არ იჭრება და არ იფცქვნება.
იწმინდება მხოლოდ სრულად გამშრალი ხახვი. გაშრობის ხარისხის შემოწმება მარტივია: თუ გარე ქერქი მშრალია, ყელი მოკუმული და თავად ბოლქვი მკვრივი, ესე იგი ხახვი გაშრა. ახლა შეგიძლიათ მისი გაწმენდა დაიწყოთ. გაწმენდა მხოლოდ მოტეხილი და ნაწილობრივ დაფშვნილი მშრალი ქერქისა და მასზე მიკრული მიწის მოცილებას გულისხმობს. მშრალი ქერქის სრულად მოცლა არ შეიძლება — მის გარეშე ხახვი არ შეინახება. აკრძალულია გარეცხვაც, თუნდაც ზედაპირზე ჭუჭყი დარჩეს. სველი ხახვი მალე ფუჭდება.
გაწმენდილი ხახვის ბოლქვებს აჭრიან, ოღონდ არა ისე, როგორც მომზადების წინ. ჯერ ფოჩებს აჭრიან და ტოვებენ მხოლოდ 3-5 სანტიმეტრიან ყელს, რომელიც ბოლქვს ინფექციებისგან დაიცავს. თუ ხახვის დაწვნას აპირებთ, ფოთლები არ უნდა მოაჭრათ. ამის შემდეგ ხახვის ძირს ათვალიერებენ და გამხმარ ფესვებს ბასრი დანით ფრთხილად აჭრიან (ფესვის სიგრძე 5 მმ-ზე მეტი არ უნდა დარჩეს).
შესანახად გამზადებულ ხახვს ყურადღებით ათვალიერებენ. დაზიანებულ და დეფექტურ (ლაქებიან, ოდნავ დამპალ ან ინფექციის ნიშნების მქონე) ბოლქვებს აცალკევებენ და პირველ რიგში იყენებენ კერძებში. ხარისხიან ხახვს კი შესანახად აბინავებენ. ზოგიერთი მებაღე დამატებით ზომის მიხედვითაც ახარისხებს მათ.
რჩევა: შენახვის რა მეთოდიც არ უნდა აირჩიოთ, რეგულარულად შეამოწმეთ ბოსტნეული, რათა გაფუჭების პირას მყოფი ეგზემპლარები დროულად მოაცილოთ და ინფექცია სხვებზეც არ გადავიდეს.



