მე ვეგანი ვარ, ქმარი ყველაფრისმჭამელი. არ მინდა მისთვის საჭმელების გაკეთება

754

ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს არ ვჭამ. დაოჯახებამდე სახლში საერთოდ არაფერს ვამზადებდი, რადგან სახლში მხოლოდ ხილს ვჭამდი. მეორე წელია დაოჯახებული ვარ და სიტუაცია თანდათან მწვავდება. თავიდან ქმარი წინააღმდეგი არ იყო, რომ არაფერს ვამზადებდი. ახლა ამბობს, რომ ზრუნვა და შინ მომზადებული კერძები სურს.

დავიწყე კვირაში რამდენჯერმე ვეგანური კერძების მომზადება, ძირითადად, აზიური სამზარეულოდან. კმაყოფილი იყო. ახლა ესეც საკმარისი არაა. დაჟინებით ითხოვს, რომ მოვამზადო ტრადიციული კერძები, მეგობრები მაგალითად მოჰყავს, ამბობს, რომ სურს სახლში იკვებოს „დაბალანსებულად“ და ა.შ.

კატეგორიულად არ მინდა, რძის პროდუქტებიც არ მსიამოვნებს, არაფერს ვამბობ ხორცზე და თევზზე. მათზე ხელის ხლება არ მინდა. სკანდალები მომბეზრდა. ვთვლი, რომ უკვე კომპრომისზე წავედი, როცა მომზადება დავიწყე. ვფიქრობ, მანაც რაღაც უნდა დათმოს და მიირთვას ის, რასაც გავაკეთებ.

ნუთუ არ ვარ მართალი? ჩხუბის მომენტში განქორწინებაზე ვფიქრობ და ვიხსენებ, როგორ კარგად ვცხოვრობდი მარტო. ორივე ვმუშაობთ, ერთ დონეზე გამოვიმუშავებთ, სამსახურიდან ერთსა და იმავე დროს ვბრუნდებით. რესტორნის ფული გვაქვს. დაქორწინებამდე ამბობდა, რომ მზარეული არ სჭირდებოდა და იღებდა ფაქტს, რომ არაფერს ვამზადებდი.

ქმარს ჩემს შეხედულებებს თავს არ ვახვევ და მის პროდუქტებს მაცივრიდან არ ვყრი. საერთოდ არ მაინტერესებს, რას ჭამს, როგორც მას არ აინტერესებს, რით ვიკვებები. თავიდან ეს ყველაფერი მისთვის მისაღები იყო, მაგრამ მოგვიანებით შეიცვალა. კამათის შემდეგ მახსენდება, რომ მის გარეშე უკეთ ვცხოვრობდი. თუმცა დამშვიდებისას მახსენდება, რომ მიყვარს და არ შემიძლია ავდგე და საჭმლის გამო მივატოვო.

ბოლო დრომდე მზა კერძებს უკვეთავდა და რესტორნებში დადიოდა. პრობლემა არ ჰქონდა. ახლა თითქოს შეცვალეს და სურს ყველაფერი ისე, როგორც სხვებს აქვთ. სახლში მოვიდეს, ცოლი ვახშმით დახვდეს, თან იმ კერძებით, რომელიც მას მოსწონს. ქმარი მიყვარს, თორემ არც გავყვებოდი. ქორწინებამდე სხვადასხვა პირობებში ვცხოვრობდით და ყველას ყველაფერი აწყობდა. ძირითადად, ყველაფერი რიგზე გვაქვს, მანამდე არასდროს გვიკამათია. არ ვიცი, რა გავაკეთო, რომ ჩვენი ქორწინება ასეთი სისულელეების გამო არ დაინგრეს.