მაშინაც კი, როცა ძალა და სურვილი არ გაქვთ, თავი დაიბანეთ და მანიკიური გაიკეთეთ

444

გუშინ სახლში დავბრუნდი და არომატული სანთლების და ჭიქა ღვინის ფონზე ქაფიან აბაზანაში ვინებივრე. ასეთი რამ ტელევიზორში მინახავს. ქაფიან წყალში ჩავწექი და ცოტა მოვდუნდი. ეს საკმარისი არ მომეჩვენა (ან ღვინომ ძალა შემმატა), ამიტომ დავჯექი და ლაქის წასმა დავიწყე. გულმოდგინედ, აუჩქარებლად, ყველა წესის დაცვით. ფრჩხილების მოწესრიგება შუაღამით დავასრულე და შედეგით კმაყოფილი დავწექი. სამი კვირის განმავლობაში პირველად სწრაფად დაძინება მოვახერხე.

მანიკიურის გაკეთება

ყველაფერი 1 თვის წინ დაიწყო. სამსახურში მცირე უსიამოვნებები დაიწყო. კადრების განყოფილებაში მიმანიშნეს, რომ მალე მოსალოდნელია შემცირება და ყველა დაიძაბა. 2 კვირის შემდეგ ქმართან სერიოზული უთანხმოება მომივიდა. გადავწყვიტეთ ცალ–ცალკე ცხოვრება, ცოტა დამშვიდება და გრძნობებში გარკვევა. ამ შემთხვევამ კიდევ უფრო ამანერვიულა და მძიმე დეპრესია დამეწყო.

განსატვირთად შვებულება ავიღე და ბიძაშვილს, სარას ვესტუმრე. დიდი ხანია მეპატიჟება, რადგან ახლობლებთან ურთიერთობა ენატრება. ნათესავი მეზობელ ქალაქში ზრდასრულ ქალიშვილთან, თინასთან ერთად ცხოვრობს. გოგონას პირადი ცხოვრება აქვს, თავის შეყვარებულთან გადავიდა და დედამ მარტოობაში მოიწყინა.

საათნახევარი გზაში და უკვე ბიძაშვილის სახლში ვარ. ჩემდა გასაოცრად კარი თინამ გააღო. ჩემკენ გამოიქცა და ჩამეხუტა:

–როგორც იქნა! დიდი ხანია გელოდებით!

–შენ რა, დედის ნახვა გადაწყვიტე? – დავინტერესდი კარშივე.

–შეიძლება ასეც ითქვას! – ამოიხვნეშა თინამ.

მოგვიანებით სარამ ჩუმად გამიმხილა, რომ თინა შეყვარებულს დაშორდა და სახლში დაბრუნდა. უდავოდ, დედას ქალიშვილის ნახვა ძალიან უხარია, მაგრამ წუხს, როცა მის განცდებს და ცრემლებს ხედავს. თინას ვურჩიეთ მეგობრების ნახვა და დარდის გაქარვება. ასეც მოიქცა.

ქალის ბუნება

მეორე დღეს თინამ დაქალს დაურეკა და მომზადება დაიწყო: შხაპი მიიღო, მანიკიური გაიკეთა და მაკიაჟის ფრთხილად წასმა დაიწყო.

–საით? –დაინტერესდა დედა.

–ლაშქრობაში! – მხიარულად უპასუხა თინამ.

–სად? სად? – ერთხმად ვკითხეთ.

–ტყეში! ღამისთევით!

–ვინ იღებება ტყეში წასასვლელად? – გავოგნდი.

–მე! – თავდაჯერებულად მიპასუხა თინამ და ორი დღით დაგვემშვიდობა.

ჩვენი ლამაზმანი მაღალი განწყობით დაგვიბრუნდა. საღამოს სიტუაცია გამეორდა: თინამ შხაპი მიიღო, თმა დაივარცხნა და სარკესთან კოსმეტიკის წასმა დაიწყო. დაუფარავი ინტერესით ვაკვირდებოდით. ხუმრობა გადავწყვიტე:

–ისევ სალაშქროდ?

–არა, საუნაში მეგობრებთან ერთად!

–ნუთუ იქ შეღებვა აუცილებელია?

–ჩემთვის აუცილებელია! – ოპტიმიზმით მიპასუხა თინამ და სახლიდან გაფრინდა.

–ეს მე ვასწავლე ქალიშვილს: როცა ცუდად ხარ, თავს მიხედე, ვარცხნილობა გაიკეთე, ფრჩხილები შეიღებე, მაკიაჟი წაისვი და შვებას იგრძნობ, – ამიხსნა სარამ. – სხვათა შორის, შენც არ გაწყენდა! დაიმახსოვრე: ქალი საუკეთესოს იმსახურებს!

სწორი გადაწყვეტილება

–დავფიქრდები! – და უნებურად დავფიქრდი, რადგან თინას მაგალითზე დავრწმუნდი, რომ ნამდვილად მუშაობს.

მეორე დღეს სახლში დავბრუნდი. გზაში მტკიცედ გადავწყვიტე, რომ გარეგნობაზე მეზრუნა და საკუთარ თავზე აღარ დამეზოგა. სწორედ ამიტომ, პარფიუმერიის მაღაზიაში შევიარე და ჩემი საოცნებო, ძვირადღირებული სუნამო ვიყიდე.

დილით ქმარს დავურეკე და შეხვედრა შევთავაზე. პაემნისთვის მთელი პასუხისმგებლობით მოვემზადე: ვარცხნილობა გავიკეთე, შევიღებე, ახალი კაბა ჩავიცვი. ბოლო შტრიხი, სუნამო საოცარი არომატით. მანიკიური გუშინ საღამოს გავიკეთე.

–ოჰო! – მხოლოდ ამის თქმა შეძლო ქმარმა ჩემი დანახვისას.

–მხოლოდ ამის თქმა გინდა?

–არა, რა თქმა უნდა. მოდი, შევრიგდეთ!

ახლა ისევ ერთად და ბედნიერად ვცხოვრობთ. სამსახურიდან არ დამითხოვეს, არამედ ახალი თანამდებობა შემომთავაზეს. იგივე მოვალეობები მაქვს, მაგრამ ხელფასი მაღალია. მეც დავთანხმდი, რადგან საუკეთესოს ვიმსახურებ!