7 ქალური ნაკლი, რომელიც მამაკაცს იზიდავს

369

ზოგჯერ იდეალური გარეგნობისკენ სწრაფვით ნამდვილ მიმზიდველობას ვასამარებთ. ბევრი ქალი რეგულარულად დიეტას იცავს, ყოველ შაბათ–კვირას კოსმეტოლოგის სავარძელში ზის.  ფიტნეს მწვრთნელის რჩევები და დიზაინერული ტანსაცმლის ყიდვა დიდ ძალას მოითხოვს და საფულეს აცარიელებს. ერთი საქმეა, როცა ქალი ამას თავისთვის აკეთებს, მეორე, თუ ამით მამაკაცის ყურადღების მიპყრობას ცდილობს. გაფრთხილებთ: მეორე კატეგორია ყოველთვის წაგებულია.

ალბათ, არც დაფიქრებულხართ, რომ წვეთი ოფლი თქვენს სხეულზე მამაკაცს მაგნიტივით იზიდავს. მამაკაცის თვალში დილით სირბილის შემდეგ დაბრუნებული ქალი საოცრად მიმზიდველად და სასურველად გამოიყურება. შესაძლოა, საქმე ფერომონშია, რომელსაც მისი სხეული გამოყოფს. მსგავსი ხრიკი მუშაობს, როცა ქალი ჰიგიენას იცავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოფლი სხვა ეფექტს ქმნის.

მაკიაჟი თანამედროვე ქალის უცვლელი ნაწილია. ბევრი ქალი სავარჯიშო დარბაზშიც წამწამებშეღებილი დადის. ეს საუკეთესო შემთხვევაში! უმეტესობა ტონალურის სქელ ფენას და „მყვირალა“ ტუჩსაცხს ირჩევს. ყოველდღიურად მსგავსი მიდგომა უადგილოა და ქალის სასარგებლოდ არ თამაშობს. კაცების უმეტესობას ბუნებრივი სილამაზით ტკბობა მოსწონთ. შაბლონური „იდეალურობა“ უკვე მობეზრდათ, თან ქალს მიმზიდველობას არ მატებს. თუ კოსმეტიკაზე უარს ვერ ამბობთ, მსუბუქ ყოველდღიურ მაკიაჟს გადახედეთ.

თუ ფიქრობთ, რომ მამაკაცის თვალში იდეალურად დავარცხნილი თმა უფრო მიმზიდველია, ვიდრე აწეწილი, ცდებით. ისინი ირწმუნებიან, რომ გოგონას ურჩი თმის დანახვა აშეშებთ. განსაკუთრებით ეს ეხება ხუჭუჭთმიან გოგოს, რომელიც თითქმის მუდმივად საძულველი ხვეულების დასწორებას ცდილობს. დაიმახსოვრეთ: მოცულობითი თმა ყოველთვის ხიბლს და მიმზიდველობას შეგმატებთ, ვიდრე თმის ნაწნავი.

დიეტის დაცვას არავინ გიშლით, მაგრამ ამაზე ყვირილი არ ღირს. კაცების უმეტესობა აღიარებს, რომ მონოტონური საუბრები რაციონში აკრძალულ პუნქტებზე აგიჟებთ და ქალის მიმართ ინტერესს უკარავს. ამტკიცებენ, რომ უფრო საინტერესოა იმის ყურება, როგორ მიირთმევს ქალი წვნიან ხორცს და ტკბილ დესერტებს არ გაურბის. იდეალური ფორმები თქვენს მშიერ მზერას ვერ აანაზღაურებს. გადაძღომას არ გირჩევთ, მაგრამ ჩაფიქრებული სალათის თეფშზე კირკიტიც გამოსავალი არაა.

გაოცდებით, თუ გეტყვით, რომ ერთი შეხედვით, თქვენს ნაკლს მომხიბვლელი ძალა აქვს. არ ელოდოთ, რომ კაცი თქვენს სტრიებს და ღრმა ნაიარევს ოდებს უმღერის. უმეტესობა მათგანი სხეულზე ასეთ წვრილმანებს ვერ ამჩნევს, თუ დაინახა, დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს. მათი თქმით, მცირე დეფექტი ქალს უნიკალურობას მატებს. სანამ ხალების და „ბატის თათების“ გამო ვკომპლექსდებით, ყველა შესაძლო და შეუძლებელი მეთოდით მოშორებას ვცდილობთ, მათ ყურადღებას არავინ აქცევს. კაცს იზიდავს მომხიბლავი ღიმილი და ნაპერწკალი თვალში, რომელიც ნებისმიერ ნაკლოვანებას ყოველთვის ანაზღაურებს.

საიდუმლო არაა, თუ გეტყვით, რომ ქალის და კაცის ურთიერთობა თანასწორობას უნდა ეფუძნებოდეს. „დედა–შვილის“ სცენარი კარგს არაფერს მოგიტანთ და ამის შესახებ, ალბათ, გსმენიათ. უთქმელი კანონის გაქარწყლებას ვეცდებით. „დედის“ ქცევა ყოველთვის ტრაგიკული არაა. მთავარია, არ გადააჭარბოთ. გაფრთხილებთ: მბრძანებლურ ტონს, ჰიპერზრუნვას და ენის მოჩლექით ლაპარაკს არ ვგულისხმობთ. ბევრი კაცი მძიმე სამუშაო დღის შემდეგ სახლში მიიჩქარის. სასიამოვნოა გაცნობიერება, რომ იქ ელოდება საყვარელი მეუღლე, რომელმაც გემრიელი ვახშამი მოამზადა. მენდეთ, ზოგჯერ კაცს სურს პასუხისმგებლობის ტვირთი მოიხსნას და ცოტა ხნით დაისვენოს. ამის საშუალება მიეცით და დროებით მართვის სადავეები აიღეთ. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ასეთი მიდგომა კაცის თვალში ქალურობას შეგმატებთ და თქვენს კავშირს გააძლიერებს.

ატლასის კომბინაცია და მაღალი ქუსლი საოცრად მიმზიდველია, თუ ბოროტად არ გამოიყენებთ. მთელი სექსუალობა წამებში ქრება, თუ მსგავს სტილს მამაკაცი ყოველდღე ხედავს. ბევრი მამაკაცი ამხელს, რომ მისთვის საყვარელი ადამიანი უფრო საინტერესოა, როცა „მოკაზმული“ არაა. მათი თქმით, ზოგჯერ ბამბის საღამური ქალზე უფრო მიმზიდველად გამოიყურება, ვიდრე აბრეშუმის ნაკრები. როცა ქალი გარეგნობაზე ნაკლებად ღელავს და თავს უფლებას აძლევს იყოს ისეთი, როგორიც არის, ეს უფრო მიმზიდველია, ვიდრე მოჩვენებითი იდეალურობა.