გამოცდილმა დიასახლისებმა იციან, რომ თუ მაცივარში უსიამოვნო სუნი გაჩნდა, ცოტა შაქარი უნდა ჩადოთ

645

ზოგჯერ მაცივრის გაღებისას უსიამოვნო სუნს ვგრძნობთ. ბუნებრივია, მაცივრის კარგად გაწმენდა ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია. თუ გაწმენდის დრო არ გაქვთ ან უსიამოვნო სუნი გაწმენდის შემდეგ არ ქრება, ისღა დაგრჩენიათ, ხალხური მეთოდებით და ხელნაკეთი საშუალებებით სუნის მოშორება სცადოთ. Vivien გიამბობთ, როგორ გააკეთოთ ეს.

როგორ მოვიშოროთ სუნი მაცივარში – მაცივარში არომატების მოსაშორებლად სხვადასხვა პროდუქტი გამოგადგებათ.

  1. ძმარი. 1–2 კოვზი ძმარი 1 ლ წყალს აურიეთ და ამ ხსნარით მაცივარი შიგნიდან გაწმინდეთ. კამერები გაანიავეთ და გაამშრალეთ. ზედმეტი არომატი ძმრის სუნთან ერთად აორთქლდება.
  2. სოდა. 2 ს/კ სოდა 1 ლ წყალს დაუმატეთ. მზა ხსნარით მაცივარი შიგნიდან გაწმინდეთ. უსიამოვნო სუნი გაქრება. სოდა თეფშზე ან ჭიქაში ჩაყარეთ და მაცივრის თაროზე დადეთ. სოდის ფხვნილიც უსიამოვნო სუნებს შთანთქავს. სოდა თვეში ერთხელ მაინც გამოცვალეთ.
  3. შაქარი. არა, მაცივარს შაქრით არ გავწმენდთ! საკმარისია, შაქარი მინის ან კერამიკის ჭურჭელში ჩაყაროთ და თაროზე დადოთ. შაქრის ფხვნილი მაცივარში ზედმეტ ტენს და უსიამოვნო სუნს შთანთქავს. როგორც კი მაქსიმალურად დატენიანდება, შაქარი შეცვალეთ.
  4. ლიმონი. სუფთა ღრუბელს ლიმონის წვენი დააწვეთეთ და მაცივარი შიგნიდან გაწმინდეთ. ლიმონის არომატი უცხო სუნებს შეავიწროებს. თევზის, ხორცის და მედიკამენტების სუნს შესანიშნავად ანადგურებს. ლიმონი შეგიძლიათ დაჭრათ და თაროებზე დააწყოთ. 2–3 დღით მაცივარს სასიამოვნო არომატს მიანიჭებს. ლიმონის ნაცვლად შეგიძლიათ აიღოთ ლაიმი, გრეიფრუტი ან ფორთოხალი. ციტრუსის ქერქიც გამოგადგებათ.

სხვა ხალხური ხრიკები – მაცივარში უსიამოვნო სუნს ბრინჯით შეგიძლიათ ებრძოლოთ. მარცვლეული თასში ან ნაჭრის ქისაში ჩაყარეთ და მაცივრის თაროზე დადეთ. ბრინჯი კამერაში უსიამოვნო არომატს შთანთქავს. პერიოდულად განაახლეთ, ხოლო გამოყენებული მარცვლეული გადაყარეთ.

არომატული ბალახები გამოგადგებათ. ტარხუნა, რეჰანი, მიხაკი, დაფნა და ვანილი დიდხანს გამყოლ არომატს ფლობს და მაცივარში უსიამოვნო სუნთან გამკლავება შეუძლია. ამ მიზნით ახალი ან გამხმარი მცენარე შეგიძლიათ გამოიყენოთ. გამხმარი ბალახი ნაჭრის ქისაში ჩაყარეთ და მაცივარში თაროზე დადეთ.

თუ მაცივარში ჭვავის პურს შეუფუთავად შეინახავთ, უსიამოვნო სუნს შთანთქავს. რა თქმა უნდა, ასეთი პურის ჭამა აღარ ღირს. გარდა ამისა, სუნებს აქტივირებული ნახშირიც კარგად უმკლავდება. 20-50 აბი ნახშირი დააქუცმაცეთ და მოსახერხებელ თაროზე მოათავსეთ. ნახშირი უსიამოვნო არომატებს შთანთქავს. ფხვნილი მრავალჯერადად შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ სანამ ხელახლა გამოიყენებთ, ღუმელში ან ქურაზე გამოაწრთეთ.

ღრუბელს წყალბადის ზეჟანგი დაასხით და ამით მაცივრის თაროები გაწმინდეთ, შემდეგ გაამშრალეთ. ნიშადურის სპირტიც გამოგადგებათ. უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენეთ, როცა ყველა მეთოდი უკვე სცადეთ და შედეგი ვერ დაინახეთ. ნიშადური ღრუბელს დააწვეთეთ და მაცივარი შიგნიდან გაწმინდეთ. პროცედურის დროს ფანჯრები გააღეთ, შემდეგ შემოსასვლელი კარი და მაცივრის კარი ღია დატოვეთ, რომ ნიშადურის სუნი სწრაფად აორთქლდეს.

სცადეთ ეს საშუალებები სახლში, დამოუკიდებლად ექსპერიმენტები ჩაატარეთ, შემდეგ გამოცდილება სხვა დიასახლისებს გაუზიარეთ!