ახალი დასავლური მოდა. ქალები სახლის დალაგებაზე მასიურად უარს ამბობენ

344

ბევრი დიასახლისის ცხოვრება თავდაყირა დადგა, როდესაც მარი კონდომ გამოაქვეყნა წიგნი „ჯადოსნური დალაგება. მოწესრიგების იაპონური ხელოვნება“. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ქალებმა დალაგების მეთოდები გადააფასეს. მარი კონდო ბევრ ქალს დალაგების პროცესის გამარტივებაში და ბინაში უწესრიგობის შიშის დავიწყებაში დაეხმარა. კონდოს უტოლდებოდნენ, ბაძავდნენ. მაგრამ ლაქები მზეზეც არის. ახლახანს ცნობილი გახდა, რომ მარიმ თავის ცხოვრებაში ქაოსი შეუშვა და მასთან გამკლავებას აღარ ცდილობს. Vivien გიამბობთ, რატომ მოხდა ასე და აპირებს თუ არა პრობლემის მოგვარებას.

მარი კონდო „ჯადოსნური დალაგება“ – მარი კონდო თავის წიგნში გვიყვება, როგორ მივიღოთ სიამოვნება დალაგების პროცესიდან. გვიზიარებს ღირებულ რჩევებს, რომელთაგან მთავარია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. კონდო ყოველთვის გვირჩევდა, რომ სახლში დაგვეტოვებინა მხოლოდ ის ნივთები, რომლებიც გვაბედნიერებდა. საკუთარ თავს ჰკითხეთ: „რომელი კატეგორიის ნივთებს შეგიძლიათ დაემშვიდობოთ ადვილად?“ – ამით დაიწყეთ. გადახედეთ ნივთებს, რომელთაც უკეთესი დროისთვის ინახავთ: „ხალხი ისეა მოწყობილი, რომ უსარგებლო ნივთს უფრო შეინახავს, ვიდრე მაშინვე გადააგდებს. ასე წლების განმავლობაში ბევრი ხარახურა გროვდება, სანამ სიტუაცია უკონტროლო არ ხდება და ხარახურა შენს დახრჩობას იწყებს“.

მწერალი ბევრისთვის მისაბაძი მაგალითი გახდა. მარის უყურებ და გიკვირს: ამ ქალს ყველაფერი გამოსდის. იდეალური დიასახლისის იმიჯი შექმნა, რომელმაც იცის, როგორ მოაწესრიგოს სახლი და შექმნას კომფორტი. ოღონდ ჩვენს სამყაროში სრულყოფილი არაფერია. კონდომ ეს საკუთარ მაგალითზე დაამტკიცა. მან იდეალური წესრიგის იდეაზე უარი თქვა, როცა მესამე ბავშვი გააჩინა: „დღემდე დალაგებაში პროფესიონალი ვიყავი და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ სახლში წესრიგი ყოველთვის შემენარჩუნებინა. ახლა ამ იდეაზე უარს ვაცხადებ. ჩემთვის შვილებთან დროის გატარება უფრო მნიშვნელოვანია“.

სახლის დალაგების ახალი ფილოსოფია – ნუთუ მარი კონდოს ჯადოსნური დალაგება წარსულს ჩაბარდა? საერთოდ არა! უბრალოდ იაპონელმა წესრიგის დამყარებაზე ფილოსოფია შეიცვალა. 2021 წლის აპრილში დედა მესამედ გახდა. ოჯახში კიდევ ერთი ბავშვის გამოჩენამ ყოველდღიურ რუტინაზე გავლენა მოახდინა. როცა ხელში პატარა გყავს და შენს გარშემო კიდევ ორი ონავარი დარბის, სახლის დალაგება ბოლოს გახსენდებათ. მარიმ სიტუაციის მიშვება გადაწყვიტა და უწესრიგობისგან სიამოვნების მიღება ისწავლა. ბედნიერება დამოკიდებული არაა იმაზე, თუ რამდენად სუფთაა თქვენი ბინა.

მარი თავის ბოლო წიგნში კურაშის ცხოვრების იაპონურ პრინციპზე საუბრობს. სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც დროის გატარების იდეალური მეთოდი. დასუფთავების სპეციალისტი აქცენტს ამახვილებს იმაზე, რომ ყოველდღიური საკითხებში სიმშვიდის და ბედნიერების შეტანა მნიშვნელოვანია. ეს შესაძლებელია, თუ ირგვლივ თქვენთვის მნიშვნელოვან ნივთებს შემოიკრებთ.

ზოგს ბედნიერებისთვის დილით ფინჯანი ყავის დალევა სჭირდება. ზოგი წიგნის კითხვასა თუ ქსოვაში სიმშვიდეს პოულობს. რაც უფრო ხშირად მიჰყვებით თქვენი გულის ხმას, მით უფრო ბედნიერი გახდებით. დასუფთავება ნიშნავს, რომ თქვენს ცხოვრებაში ყველაფრის მოწესრიგება გსურთ – ამბობს მარი. საქმე მხოლოდ ტანსაცმელს და სხვა ხარახურას არ ეხება. ბინის მოწესრიგება ფიქრების, ცხოვრების დალაგებით იწყება. სწორედ ამიტომ, კონდო საკუთარ თავს დალაგების მინიმუმამდე დაყვანის უფლებას აძლევს. მის ცხოვრებაში შინაგანი ქაოსი აღარაა.

მარი კონდოს რჩევა – თავის ბოლო წიგნში მკითხველებს ახალი რუტინის, ერთგვარი სიხარულის განრიგის შექმნას ურჩევს. ქაღალდზე ჩამოწერეთ, რა რიტუალები გაბედნიერებთ და 10 დღე რეგულარულად გაიმეორეთ. შემდეგ გაანალიზეთ, როგორ იმოქმედა ამან თქვენს ცხოვრებაზე. კონდო ამბობს, რომ ბევრისთვის იდეალურად ორგანიზებული სივრცე არარეალურია. იდეალებისკენ სწრაფვა შეწყვიტეთ და უბრალოდ ისე იცხოვრეთ, რომ ყოველდღე სიხარული იგრძნოთ.