საუკეთესო მეთოდები, როგორ გაწმინდოთ ფილებს შორის ღარები სამზარეულოსა და სააბაზანოში

538

ხშირად სამზარეულოსა და სააბაზანო ოთახის ფილებს შორის ღარების გაწმენდა გვავიწყდება, არადა ამ ადგილებში ჭუჭყი გროვდება და დროთა განმავლობაში მისი მოშორება რთულდება. Vivien გიზიარებთ საუკეთესო მეთოდებს, როგორ გაწმინდოთ ფილებს შორის ღარები მარტივად და ეფექტურად. ძველი კბილის ჯაგრისი დაგჭირდებათ.

სამზარეულოსა და სააბაზანო ოთახში ფილების გაწმენდა რთული არაა. ამას ფილებს შორის ღარების გაწმენდასა და იდეალური ბზინვარების მიღებაზე ვერ ვიტყვით. აქ ჭუჭყი ძალიან სწრაფად გროვდება. გამოცდილმა დიასახლისებმა იციან, როგორ გაწმინდონ ფილებს შორის ღარები სწრაფად და ხარისხიანად. ამ მიზნით ბევრი სხვადასხვა საშუალება გამოგადგებათ. მაგალითად, ჭურჭლის სარეცხი სითხე ან ცხიმის საწმენდი საშუალება. ეს უმარტივესი მეთოდია. ცოტა ქიმია კბილის ჯაგრისით ფილებს წაუსვით და გახეხეთ. ასე ჭუჭყს რამდენიმე წუთში მოაშორებთ.

არის შემთხვევები, როცა ფილებს შორის ფუგა სოკოთი იფარება. ფუგა ცემენტისგან ან ეპოქსიდური ფისისგან შედგება, ამიტომ წყლის მიმართ ნაკლებად გამძლეა. სოკო დროთა განმავლობაში ობს აჩენს. როგორც იცით, ობი ჯანმრთელობას აზიანებს და არც თუ ისე ლამაზად გამოიყურება. ფილებზე შავი ლაქების დანახვისთანავე სწრაფად იმოქმედეთ. ამ შემთხვევაში მაღაზიაში ნაყიდი სპეციალური ქიმია შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუმცა შინ დამზადებული უფრო უსაფრთხოა.

ქლორი სოკოს ადვილად უმკლავდება, მაგრამ მისი სუნი დიდხანს არ გადის. ქლორის გამოყენებისას ხელთათმანი და დამცავი ნიღაბი აუცილებლად უნდა გაიკეთოთ. ბოლოს სუფთა წყლით კარგად დაიბანოთ. თუ ფილებს შორის თეთრი ფუგა არაა, ქლორი არ გამოგადგებათ. ღია ფუგაზე წყალბადის ზეჟანგი შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუ ობი ძალიან გავრცელებული არაა, ნიშადურის სპირტი გამოიყენეთ. წყალში გააზავეთ (1:1), ხსნარი კბილის ჯაგრისით წაუსვით და მსუბუქად გახეხეთ.

ფილებს შორის ღარების გაწმენდის მეთოდები – როგორც იცით, ძმარი ყველაფერს წმენდს და ამ შემთხვევაშიც არ დაგაღალატებთ. ძმარი ფილებს შეასხურეთ და 1 საათით გააჩერეთ. ასე უკეთეს შედეგს მიიღებთ. შემდეგ წყლით ჩამორეცხეთ და ჩვრით გაამშრალეთ. სააბაზანო ოთახში ფილებზე წყალი თითქმის არასდროს შრება, რაც ობის და კირის გაჩენის ერთ–ერთი მიზეზია.

ფუგა ლიმონმჟავით შეგიძლიათ გაწმინდოთ. ლიმონმჟავა და წყალი ფაფის მიღებამდე აურიეთ. ნარევი ღარებს წაუსვით და 5 წუთით გააჩერეთ. შემდეგ კბილის ჯაგრისით გახეხეთ და გაამშრალეთ. მსგავს პასტას სარეცხი საპნით და სოდითაც მიიღებთ. საპონი გახეხეთ და ცხელი წყალი აურიეთ, რომ გაიხსნას. სოდა დაუმატეთ და მიღებული ნარევით ფილებს შორის ღარები გაწმინდეთ. თუ ამ ნარევს ცოტა არომატულ ეთერზეთს დაუმატებთ, სააბაზანო ოთახში სასიამოვნო სუნი გავრცელდება.

სამზარეულოს წინსაფარზე ცხიმის მოსაშორებლად აგრესიული საშუალებების გამოყენება დაგჭირდებათ. თუ რთული სიტუაცია არაა, სოდა და ძმარი გამოიყენეთ. ფილებს სოდა წაუსვით, ძმარი შეასხურეთ და 30 წუთის შემდეგ სველი ჩვრით ჩამოწმინდეთ.

ახლა იცით, როგორ გაწმინდოთ ფილებს შორის ღარები ხალხური მეთოდებით. ძმარი, სოდა და ლიმონმჟავა სამზარეულოში თითქმის ყველას აქვს. მაღაზიაში გაქცევა და ძვირადღირებული საწმენდი საშუალების შეძენა საჭირო აღარაა.