პატარძლის ასაკი. რატომ არ მივიდა ერთადერთი ქალიშვილი დედის ქორწილში

1424

ყველა იმსახურებს პირად ბედნიერებას და ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. ოღონდ ელენა თვლის, რომ 63 წელი პატარძლის ასაკი არაა, უფრო ბებიის. სწორედ ამ ასაკში დედამისი გათხოვდა. მართალია, ქალიშვილი ქორწილს არ დაესწრო.

„დედაჩემი 63 წლისაა და ცოტა ხნის წინ ოჯახის თავიდან შექმნა გადაწყვიტა. საქმრო მისი ასაკისაა. ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში ერთმანეთს ხვდებოდნენ, მაგრამ საქმე ქორწილამდე არ მისულა. კაცი ჯარში წავიდა, ქალი სხვა ქალაქში გადავიდა. წლების შემდეგ ერთმანეთს ისევ შეხვდნენ. ორივე ასაკოვანი, მარტოხელა და იმედგაცრუებული. გადაწყვიტეს ცხოვრების დაკავშირება და დაქორწინება, რომ დაკარგული დრო აინაზღაურონ.

დედამ საბასთან ერთად (ასე ჰქვია მის ახალ ქმარს) მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა. ასაკის მიუხედავად თეთრი კაბა ჩაიცვა და თაიგული დაიჭირა. ხელის მოწერის შემდეგ მთელმა კომპანიამ საღამო კაფეში გაატარა. მოკრძალებულად, მყუდროდ, როგორც ასაკოვან წყვილს შეეფერება. დედას მხოლოდ ერთ რამეზე წყდებოდა გული, მისი ღვიძლი ქალიშვილი ქორწილში არ მოვიდა. პირადად, ამ ცერემონიაზე დასწრებაზე მაშინვე უარი ვთქვი. გულწრფელად, არ ვიცი, როგორ მოიფიქრა დედამ ამ ასაკში გათხოვება. მან ხომ ჩვენს ოჯახს უღალატა. მისი ბედნიერების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ აქ სხვა საქმეა.

მესმის, რომ მემკვიდრეობაზე ფიქრი ნაადრევია. დედას დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ. და მაინც, ის დედაქალაქში ორ ბინას და დიდებულ აგარაკს ფლობს. ახალ ქმარს არაფერი აბადია. ამასთან, სამი შვილი და მთელი ჯგრო შვილიშვილები ჰყავს. მოკლედ, ახლა დედას ბევრი მემკვიდრე ჰყავს. საწყენია, თუ მისი ქონება არა ერთადერთ ღვიძლ ქალიშვილს, არამედ უცნობებს დარჩებათ.

რა თქმა უნდა, საკუთარი პატარა ბინა მაქვს. იქ ვცხოვრობ ჩემს ქალიშვილთან ერთად, რომელიც ახლახანს განქორწინდა. მთელი ცხოვრება ორ სამსახურში ვმუშაობდი. ვერ ვიტყვი, რომ ბედი მანებივრებდა. და მაინც, ვაპირებ ქალიშვილი ბინით მაინც ვუზრუნველყო, რომელიც კანონით მას უნდა დარჩეს, როცა ბებია აღარ იქნება. ახლა ქონების ნაცვლად ვრისკავ, რომ მემკვიდრეობით მივიღო მოხუცი მამა მთელი რიგი პრობლემებით. არ მესმის, რატომ გადაწყვიტა დედამ ამ სიბერეში ოფიციალურად დაქორწინება. ნუთუ საბასთან ერთად უბრალოდ ცხოვრება არ შეეძლო. ასე მემკვიდრეობის საკითხი არ წამოიჭრებოდა.

დედაზე გაბრაზებული ვარ, ამიტომ ქორწილში არ მივედი. მიზეზი შური და პატარძლის ასაკი არაა, არამედ ის, თუ როგორ მომექცა დედა. ფაქტობრივად, დროზე ადრე მემკვიდრეობა წამართვა. კიდევ არის შანსი, რომ დედის ქონება მემკვიდრეობით მივიღო? არ ვიცი, რა ვიფიქრო.“