5 ორიგინალური იდეა, როგორ გამოიყენოთ ნაძვის და ფიჭვის წიწვები

388

დღესასწაულების ჩავლის შემდეგ საახალწლო ნაძვის ხის გადაგდება არ იჩქაროთ. ნაძვის და ფიჭვის წიწვები სასარგებლოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ. ის ჩრჩილთან ბრძოლაში, დაღლილი ფეხების სიმპტომის და სხვა უსიამოვნების გაქრობაში დაგეხმარებათ. Vivien გიზიარებთ 5 ორიგინალურ იდეას, როგორ გამოიყენოთ წიწვები სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის. საახალწლო ნაძვის ხე ტყუილად ხომ არ მოიჭრა!

ფიჭვის წიწვების გამოყენების 5 საინტერესო მეთოდი

  • ხელნაკეთი სანთელი – ნაძვის გატანის შემდეგაც თქვენი სახლი წიწვის არომატით გაივსება. ასეთი შედეგის მიღწევა ძალიან მარტივია. დაცვენილი წიწვები დააბლენდერეთ. შემდეგ ცვილი ან პარაფინი გაადნეთ და წიწვები აურიეთ. მიღებული ნარევი სუფთა ქილაში ჩაასხით. ცენტრში პატრუქი ჩადეთ. ცვილს გამაგრება აცადეთ. არომატული სანთელი აუცილებლად გამოგადგებათ.
  • ფეხის აბაზანა წიწვებით – თუ სოკო და ჭარბოფლიანობა გაწუხებთ, წიწვების გამოყენების ასეთი მეთოდი გამოგადგებათ. წიწვებს მდუღარე წყალი დაასხით. 30 წუთით გააჩერეთ, შემდეგ ცოტა ცხელი წყალი დაუმატეთ და აურიეთ. აბაზანა მიიღეთ და ისიამოვნეთ. დაძაბული დღის შემდეგ სწორედ ეს გვჭირდება. დაღლილი ფეხებისთვის პირველი დამხმარეა.
  • ნატურალური არომატიზატორი – ზოგჯერ სამზარეულოში უსიამოვნო სუნი ჩნდება, რომლის მოშორება ძალიან რთულია. როცა განიავება, გამწოვის მუშაობა ვერ გეხმარებათ, ხალხური საშუალება სცადეთ. თუ მაგალითად, თევზის შეწვისას ძლიერი სუნი გაჩნდა, წიწვები გამოიყენეთ. ნაძვის ან ფიჭვის წიწვები ქვაბში ჩაყარეთ. 2 ჩხირი დარიჩინი დაუმატეთ და სუფთა წყალი დაასხით. ნარევი ადუღებამდე მიიყვანეთ. ქურაზე 30 წუთით გააჩერეთ. ეს დრო საკმარისია, რომ სამზარეულოში უსიამოვნო სუნი გააქროთ.
  • ჩრჩილის საწინააღმდეგო საშუალება – როგორც ცნობილია, ჩრჩილს წიწვოვანი ხეების ეთერზეთები არ მოსწონს. ეს არომატი მწერს აფრთხობს. სწორედ ამას გამოვიყენებთ. ახალი წიწვი პატარა ქისაში ჩაყარეთ. როგორც ფიჭვის, ასევე ნაძვის წიწვი გამოგადგებათ. ქისა კარადაში შეინახეთ ან თაროზე დადეთ. წიწვის სუნი ძლიერი არაა, მაგრამ ჩრჩილს რამდენიმე თვით მოგაშორებთ.
  • სასარგებლო ჩაი – სასმელის მოსამზადებლად მხოლოდ ფიჭვის წიწვები გამოგადგებათ. თუ ხე სპეციალური საშუალებით დამუშავებული, ცვილით დაფარული არაა, მისი წიწვები ჩაის მოსადუღად თამამად გამოიყენეთ. 5 ს/კ ფიჭვის წიწვები წვრილად დაჭერით. 2 ს/კ ასკილის ნაყოფი დააქუცმაცეთ. აურიეთ და 1 ლ ცივი წყალი დაასხით. ქურაზე დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ. ზომიერ ცეცხლზე 10 წუთით ხარშეთ. მზადაა.

ფიჭვის წიწვების ჩაი შეიცავს C ვიტამინს და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. ასკილთან ერთად იმუნიტეტის გამაძლიერებელი შესანიშნავი საშუალებაა. ჩაი წიწვებით მოადუღეთ, ფიჭვის წიწვები ჩრჩილისგან დასაცავად და ნატურალურ არომატიზატორად გამოიყენეთ. შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.