კალცინირებული სოდა საკვები სოდა არაა, მაგრამ ბევრს ეშლება. საკვებ სოდას ხშირად ვიყენებთ კულინარიაში, ხოლო სახლის დასალაგებად და საწმენდად კალცინირებული სოდა უფრო ეფექტურია. Vivien გიამბობთ, რატომ არის კალცინირებული სოდა ეფექტური და როგორ გამოიყენოთ.
რა არის კალცინირებული სოდა – კალცინირებულ სოდას ნატრიუმის კარბონატსაც უწოდებენ, ხოლო საკვებ სოდას – ნატრიუმის ბიკარბონატს. საკვები სოდა უფრო ნაზია, მისი ტუტე დონე – 8 pH. სწორედ ამიტომ, კულინარიაში აქტიურად ვიყენებთ. ნატრიუმის კარბონატს უფრო მაღალი ტუტე დონე აქვს – 11 pH. ის უფრო ხისტი და კაუსტიკურია, ამიტომ საოჯახო საქმეში სხვა მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ.
როგორ გამოვიყენოთ კალცინირებული სოდა – საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიაში კალცინირებულ სოდას ყურადღებას ცოტა თუ აქცევს. აღმოჩნდა, რომ ნატრიუმის კარბონატი ეფექტურად გასაწმენდად და ჭუჭყის მოსაშორებლად დიდი ხანია გამოიყენება. ეს სოდა ბევრი საწმენდი საშუალების შემადგენლობაში შედის. რა საჭიროა ზედმეტის გადახდა? გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ კალცინირებული სოდა.
- გასარეცხად – თუ თეთრი ნივთები ან თეთრეული გაყვითლდა, ჩაალბეთ თბილ წყალში (ცხელ წყალშიც შეგიძლიათ, თუ ქსოვილი საშუალებას გაძლევთ). 1 ტაშტ წყალს 3-5 ს/კ სოდა დაუმატეთ, ჭუჭყის ხარისხის მიხედვით. შემდეგ ნივთები სარეცხი ფხვნილით გარეცხეთ, სოდიან ხსნარში არ გაავლოთ. სოდა სარეცხ მანქანასაც დაუმატეთ. ნივთები ახალივითაა და მანქანასაც ნაქაფისგან დაიცავთ.
- სანტექნიკისთვის – თუ კერამიკული ნიჟარა, აბაზანა, უნიტაზი გაქვთ, კალცინირებული სოდა გაწმენდაში დაგეხმარებათ. აკრილისთვის მისი გამოყენება არ შეიძლება, განსაკუთრებით მსხვილი სოდა. ნატრიუმის კარბონატი ცოტა წყალში გააზავეთ, რომ ფაფა ან პასტა მიიღოთ. სანტექნიკას წაუსვით, 30-40 წუთით გააჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამორეცხეთ.
- ბლოკირების მოსაშორებლად – ტუტე მილში დაგროვებულ ცხიმს და ჭუჭყს კარგად შლის. 1 ჭიქა მდუღარე წყალში 3–4 ს/კ კალცინირებული სოდა გახსენით და მილში ჩაასხით. შეგიძლიათ მილში სოდა ჩაყაროთ და ზემოდან მდუღარე წყალი დაასხათ. 15-20 წუთით გააჩერეთ და ბევრი ცხელი წყლით კარგად ჩარეცხეთ.
- ჭურჭლის, კერამიკის და კაფელის გასაწმენდად – კალცინირებული სოდა კერამიკული ნივთების საწმენდად ეფექტურია. ფილებისთვის 1 ლ თბილ წყალში 3-4 ს/კ სოდა გახსენით. ღრუბლით შეგიძლიათ გაწმინდოთ ან ფილებს ხსნარი წაუსვათ და 5 წუთში ჩამორეცხეთ. კერამიკის ჭურჭელი და თხელი ფაიფური ამ ხსნარით შეგიძლიათ გაათეთროთ. თეფშები რამდენიმე წუთით ხსნარში გააჩერეთ, შემდეგ ღრუბლით გარეცხეთ.
სცადეთ და სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით. კალცინირებული სოდა რეკლამირებულ საშუალებებზე ცუდი არაა, თან თეთრები ღირს.