ცუდი ენერგეტიკა სახლში. ნიშნები, რომელიც ბედნიერად ცხოვრებას ხელს უშლის

4200

რა სასიამოვნოა მძიმე სამუშაო დღის შემდეგ სახლში მისვლა, თბილი ჩუსტების ჩაცმა, ცხელი ჩაის მოდუღება, სავარძელში ჩაჯდომა და სიმშვიდით ტკბობა. ამ ნეტარებას მოკლებულნი არიან ადამიანები, რომელთა სახლი ნეგატიური ენერგეტიკით სავსეა. ასეთ ბინაში მუდმივად შფოთვას გრძნობთ და სუნთქვაც ჭირს. Vivien გიამბობთ, როგორ მიხვდეთ, რომ სახლის ენერგეტიკა დარღვეულია და როგორ გაწმინდოთ.

ენერგეტიკა სახლში და რა აზიანებს – ეზოთერიკოსები ვარაუდობენ, რომ ზოგიერთი ნივთი სახლის პოზიტიურ ენერგიას იპარავს. სამწუხაროდ, დღემდე ბევრ ასეთ ნივთს ვინახავთ. პირველ რიგში, ესაა ნივთები, რომელთაც აღარ ვიცვამთ. ძველი ან უბრალოდ მობეზრებული ტანსაცმელი. ხარახურა მოიშორეთ. სუფთა და გამოსადეგად ვარგისი ტანსაცმელი, რომლის ტარებაც შეწყვიტეთ, საქველმოქმედოდ გაიღეთ.

ბედნიერ სახლში დაზიანებული ჭურჭლის ადგილი არაა. ჩამოტეხილი დეკორი და სახელური სახლის ენერგიას იპარავს. ასეთი ჭურჭლის შენახვა ცუდი ნიშანია. ცრურწმენის თანახმად, სახლში უბედურებას იზიდავს. ეზოთერიკოსები გამხმარ ყვავილებსაც ეჭვით უყურებენ. ზოგისთვის ეს ორიგინალური დეკორია, მაგრამ გამხმარი მცენარე ნეგატიური ენერგიის მატარებელია. იგივე ხელოვნურ და პლასტმასის ყვავილებს ეხება.

სინანულის გარეშე მოიშორეთ საჩუქარი, რომელიც არ მოგწონთ. სახლში ყველა ნივთი პოზიტიურ ემოციებს უნდა იწვევდეს. ნივთები, რომლებიც არ მოგწონთ, ნეგატივს ბადებს. დაზიანებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელიც შეკეთებას არ ექვემდებარება, ნაგავსაყრელზე გააგზავნეთ. ყველა მოწყობილობა გამართულად უნდა მუშაობდეს. ასე განწყობა გაუმჯობესდება და ცხოვრება გამარტივდება.

როგორ მივხვდეთ, რომ სახლში ნეგატივი სუფევს – ყველა ბინა ხელსაყრელი ატმოსფეროთი არ გამოირჩევა. ამაში დამნაშავე რემონტი და ინტერიერი არაა. სივრცეს ნებისმიერი რამ აბინძურებს, მათ შორის ხარახურა და გაუმართავი ნივთები. როგორ მივხვდეთ, რომ სახლი ნეგატიური ენერგიით სავსეა?

თუ სამზარეულოში ჭიანჭველა ან საძინებელ ოთახში ჭერზე ობობა დაინახეთ, დარწმუნებული იყავით, რომ ბინაში ყველაფერი რიგზე არაა. მწერი ჩნდება იქ, სადაც სახლის განწყობაში გარკვეული ბზარია. შინაურ ცხოველებს დააკვირდით. ატმოსფეროს მაჩვენებელია. თუ დიდხანს ვერ ცოცხლობს ან სახლიდან მიდის, მისთვის აქ ცხოვრება კომფორტული არაა. ჭურჭელი ტყდება, ნივთები იკარგება ან ზიანდება, ოთახის მცენარეები ხმება, დახურულ კარ–ფანჯარაშიც ორპირი ჩნდება, გაყვანილობა ფუჭდება – ეს ყველაფერი მიგანიშნებთ, რომ სახლში ენერგეტიკული პრობლემებია. უმთავრესი ნიშანი ოჯახის წევრების განწყობაა. თუ ხშირად ავადდებიან, ბინა უნდა გაწმინდოთ. როგორ გავაკეთოთ?

როგორ გავწმინდოთ სახლი ცუდი ენერგეტიკისგან – პირველი, რითაც სახლის გაწმენდა უნდა დაიწყოთ, საკუთარი თავის გაწმენდაა. ნეგატიური ემოციები და ცუდი აზრები მოიშორეთ. ზღვის მარილით სარელაქსაციო აბაზანა მიიღეთ, სუფთა ტანსაცმელი ჩაიცვით, დამამშვიდებელი ჩაი მოამზადეთ. ამის შემდეგ სახლის დალაგებაზე გადადით.

  • მართლმადიდებლებს შეუძლიათ სახლიდან ნეგატივის მოსაშორებლად ლოცვა წაიკითხონ და ოთახებს ნაკურთხი წყალი აპკურონ. კუთხეებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ, აქ ნეგატივი იმალება. დამატებით კრაზანა და აბზინდა შეგიძლიათ დაწვათ და ყველა ოთახში მოატაროთ.
  • მეორე მეთოდი სანთლით სახლის გაწმენდას გულისხმობს. თეთრი ხელთათმანი გაიკეთეთ და სამი საეკლესიო სანთელი აანთეთ. მათთან ერთად მთელი სახლი საათის ისრის მიმართულებით შემოიარეთ. შემოსასვლელი კარიდან დაიწყეთ. საძინებელ ოთახებში საწოლებს სანთლებით ჯვარი გადასახეთ. ჩამწვარი სანთლები სახლიდან გაიტანეთ და გადააგდეთ. რიტუალის შემდეგ ხელები საპნით და მარილით დაიბანეთ.
  • წლების მიერ გამოცდილი მეთოდი, რომელსაც ძველად იყენებდნენ, სახლის მარილით გაწმენდას გულისხმობს. მარილი კარგი გამწმენდი საშუალებაა როგორც ფიზიკური, ასევე ეზოთერული კუთხით. 5-7 სუფრის კოვზი მარილი 5 ლ წყალში გახსენით. ხსნარი სპრეი ბოთლში ჩაასხით და ბინას შეასხურეთ.

სახლის წმენდისას მთავარია პოზიტიური ემოციები და კეთილი ზრახვები. ასე სახლის ენერგია ნათელი და სუფთა იქნება. შეამჩნევთ, როგორ შემცირდება ახლობლებთან კონფლიქტები, ჯანმრთელობა გაუმჯობესდება და სახლში სიმყუდროვე დაისადგურებს.