დეკორატიული ზეთის სანთელი: მომზადების დეტალური ინსტრუქცია

780

ახლახანს ულამაზესი დეკორატიული სანთლების გაკეთება ვისწავლე. მაღაზიაში აღარ ვყიდულობ. მასობრივ წარმოებაზეც ვფიქრობ. ზეთის სანთელი თითქმის მარადიულია, ხოლო დეკორი შეგიძლიათ შეცვალოთ. ნებისმიერ ოთახს დაამშვენებს. Vivien გიამბობთ, როგორ გააკეთოთ სანთელი ჭიქაში.

დეკორატიული სანათი – ზეთის სანთელი

  1. მინის ჭიქა ან ნებისმიერი სხვა მინის ჭურჭელი აიღეთ. პირადად, მარადიული სანთლისთვის ნაკრებიდან დარჩენილი 2–3 ჭიქა გამოვიყენე, ასევე პატარა მინის ლარნაკები, რომელსაც დანიშნულებით არასდროს ვიყენებდი.
  2. ჭიქის ძირში ხელოვნური ყვავილები, ფოთლები და ხელოვნური თაიგულის სხვადასხვა დეტალი მიაწებეთ. სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერი რამ შეგიძლიათ დაუმატოთ. მთავარია, კარგად დააფიქსიროთ. წებოს იარაღი ყველაზე საიმედოა.
  3. სანთლის შიგნით დეკორატიული კენჭებიც საოცრად გამოიყურება. ნიჟარებიც შეგიძლიათ ჩადოთ. ყველაფერი, რაც წყლის ზედაპირზე მარტივად შეიძლება ამოვიდეს, მინის ძირში კარგად დააფიქსირეთ.
  4. ახლა ამ სილამაზეს ჩვეულებრივი წყალი დაასხით. ჭიქის 2/3 მოცულობა წყლით გაავსეთ.
  5. ზემოდან ზეთი ფრთხილად დაასხით. ყველაზე იაფი მზესუმზირის ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ აუცილებლად რაფინირებული და უსუნო უნდა იყოს. თუ ფართო ჭიქა გაქვთ, 1 სმ ზეთის ფენა დაასხით, თუ მაღალია – 2 სმ.
  6. არ ინერვიულოთ, რომ ზეთი წყალს შეერევა. უბრალოდ დაელოდეთ, სანამ ზეთი ზევით არ ამოვა და წყალს ბოლომდე არ გამოეყოფა.
  7. მარადიული სანთლისთვის პატრუქი გააკეთეთ. პლასტმასის ბოთლის ძირი გადაჭერით ისე, რომ ჭიქის დიამეტრში ჩაეტიოს. ცენტრში ცხელი სარგისით ან ლურსმნით პატარა ნახვრეტი გაუკეთეთ.
  8. ამ ნახვრეტში ქსოვილის პატარა ნაჭერი ან სქელი ძაფი გაატარეთ. ჯერ ძაფი ზეთით ყველა მხრიდან კარგად გაჟღინთეთ, შემდეგ ჭიქაში ჩადეთ. ძაფი წყალს არ უნდა ეხებოდეს, ამიტომ ქვედა ნაწილი ძალიან მოკლე უნდა იყოს.
  9. ესეც ასე. დეკორატიული სანთელი მზადაა. აანთეთ და ქვემოთ წყლის და ზემოთ ცეცხლის კომბინაციით ისიამოვნეთ.

ზეთს რამდენიმე წვეთი საყვარელი ეთერზეთი შეგიძლიათ დაუმატოთ. ასე არომათერაპიას მიიღებთ. პატრუქს ზუსტად 1 თვე შეცვლა არ დასჭირდება, მაგრამ ეს ჭიქის მოცულობასა და ზეთის რაოდენობაზეა დამოკიდებული. ზეთის დონეს ყურადღება მიაქციეთ და პერიოდულად დაუმატეთ.