ილონ მასკის ხელოვნური ინტელექტის მქონე ჰუმანოიდი რობოტები ადამიანებისთვის უსაფრთხო იქნება

553

Tesla–ს პირველ რობოტს მსოფლიო 2022 წლის 30 სექტემბერს იხილავს. ამის შესახებ ილონ მასკმა, Tesla–ს აღმასრულებელმა დირექტორმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. მასკის თქმით, სექტემბერში მისი საქმიანობის თაყვანისმცემლებს ბევრი საინტერესო რამ ელით. სექტემბერში, ხელოვნური ინტელექტის დღისთვის რობოტის პროტოტიპი სრულად დასრულდება და ხალხი მის ნახვას შეძლებს.

TESLA–ს რობოტი.ჯერ კიდევ 2021 წლის 19 აგვისტოს ჰუმანოიდი რობოტის ულტრათანამედროვე და ინოვაციური დიზაინის შესახებ პირველად დააანონსეს. მაშინ სამყარომ იხილა ოპტიმუსი – ასე ჰქვია ილონ მასკის რობოტს. Tesla Bot–საც უწოდებენ. წარმოდგენილი მახასიათებლების მიხედვით, რობოტის სიმაღლე 173 სმ–ია, წონა – 57 კგ. რობოტი დაახლოებით 8 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებს და 20 კგ–მდე ტვირთის აწევას შეძლებს.ალბათ, ყველაზე საოცარი რობოტის სახეა. უფრო ზუსტად ის, რომ ჰუმანოიდ რობოტს სახის ნაცვლად შავი დისპლეი აქვს. უფრო მეტიც, Tesla Bot აღჭურვილია იმავე ავტოპილოტის სისტემით, რომლითაც Tesla–ს კორპორაციის ყველა მანქანა მუშაობს. 2021 წელს მსოფლიო მედიამ ილონ მასკის ენთუზიაზმი არ დააფასა და ოპტიმუსს სასაცილო სისულელე უწოდა, ვინაიდან ასეთ მოკლე დროში ასეთი უნიკალური რამის შექმნა არარეალურია.

ნამდვილი დამხმარე.სექტემბერში შევძლებთ შევაფასოთ, რისი გაკეთება შეძლო დეველოპერმა. მანამდე ამ რობოტის შესაძლებლობები დეტალურად შეგვიძლია შევისწავლოთ. ილონ მასკი აცხადებს, რომ მის რობოტებს, ძირითადად, ქარხნებსა და სხვადასხვა ინდუსტრიაში გამოიყენებენ. „ძირითადად, ადამიანისთვის სახიფათო ან ძალიან მოსაწყენ ამოცანებს შეასრულებს“ – ამბობს მასკი.რობოტის ამოცანა სხვადასხვა ქმედების შესრულება იქნება. მაგალითად, ქანჩით ჭანჭიკის დაჭერა ან პროდუქტების შეგროვება მაღაზიაში. ჟურნალისტები Tesla Bot–ს ადარებენ რობოტებს ფილმიდან „მე, რობოტი“, სადაც უილ სმიტი მონაწილეობდა ან ლუკ სკაიუოკერის ერთგულ მექანიკურ დამხმარეებს ფილმების სერიიდან „ვარსკვლავური ომები“.

Tesla–ს ინოვაციური რობოტი.Tesla–ს აღფრთოვანებული თაყვანისმცემლების გარდა გამოჩნდნენ ისეთებიც, ვისაც მსგავსი ტექნოლოგია აშინებს. ზოგიერთი თვლის, რომ ასეთი ტექნიკა მომავალში კაცობრიობას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის. ამაზე თავად ილონ მასკიც საუბრობდა, მაგრამ შემდეგ საზოგადოების დამშვიდება იჩქარა.Tesla–ს რობოტი უფრო შინაურ ცხოველს ჰგავს, ვიდრე საშინელ ფუტურისტულ საფრთხეს კატასტროფის ფილმებიდან. გარდა ამისა, რობოტი სპეციალური შეზღუდვებით იქმნება. თუ რამე, ადამიანს საკმარისი ძალა ექნება, რომ რობოტი დაამარცხოს ან მისგან გაიქცეს.ისღა დაგვრჩენია, რომ საინტერესო ახალ პროდუქტს დაველოდოთ, რომელსაც  უკვე ამ შემოდგომაზე წარმოგვიდგენენ. უნდა ითქვას, რომ ტესლას რობოტი ძალიან მაგრად გამოიყურება. მის ეკრანზე რობოტის შინაგანი სისტემის მდგომარეობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია გამოჩნდება. სახელი ოპტიმუსი ფილმების სერიებიდან „ტრანსფორმერების“ მთავარი პერსონაჟისკენ მიგვითითებს. გამოდის, რომ დროთა განმავლობაში ტესლას ავტომანქანები რაღაც დიდად გარდაიქმნება? ეს კითხვა ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება.