ძლიერი ლოცვები უფლის მიმართ თქვენი და თქვენი ახლობლების საჯანმრთელოდ

2079

ახლა უფლის მიმართ საჯანმრთელო ლოცვა განსაკუთრებით გვჭირდება. აფთიაქში ყოველთვის არ აქვთ ყველა აუცილებელი საშუალება, რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ. ზოგს უბრალოდ ფინანსები არ ყოფნის, რომ საჭირო წამალი შეიძინოს. ზოგი შიშის გამო აფთიაქს აცარიელებს. ეს კარგი არაა, რადგან ზოგიერთი საშუალება, რომელიც ვიღაცის სახლში რეზერვში ინახება, აქ და ახლა სხვას შეიძლება სჭირდებოდეს.

ლოცვა უფლის მიმართ ჯანმრთელობისთვის

საკუთარი თავის იმედად ყოფნას მიჩვეული ვართ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ უფალი ყოველთვის ჩვენ გვერდითაა. როცა გრძნობთ, რომ ძალა აღარ დაგრჩათ და ენერგია ამოწურულია, გაიხსენეთ ლოცვა, რომელიც გონს მოსვლასა და დამშვიდებაში დაგეხმარებათ. ღმერთთან მიმართვისას არა მხოლოდ დახმარებას ითხოვთ, არამედ საკუთარ ფიქრებს და გრძნობებს აწესრიგებთ. უფალთან საუბრისას შიში და შფოთვა მეორეხარისხოვანი ხდება. განსაკუთრებული კავშირი გვეხმარება, რომ დროებით დავივიწყოთ ყველაფერი, რაც გვაღელვებს და მშვიდად ძილში ხელს გვიშლის.

საშინელებაა, როცა ადამიანი ავადაა, აფთიაქში წამლისთვის მიდის და ვერაფერს პოულობს. ასეთი სიტუაცია შფოთვას იწვევს. მომავლის შიში გვიპყრობს, რადგან ის ჩვენს ამჟამინდელ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. რა გავაკეთოთ მსგავს სიტუაციაში? პირველ რიგში, საღად იაზროვნეთ. დიახ, საჭირო მედიკამენტი არაა, მაგრამ ყოველთვის შანსია, რომ მალე გამოჩნდეს. მეორეც, დამშვიდდით და ალტერნატივა მოძებნეთ. მაგალითად, ნაცნობს ან მეგობარს დაურეკეთ. ჰკითხეთ, შესაძლოა აქვს მედიკამენტი, რომელიც ახლა არ სჭირდება, მაგრამ თქვენ გიშველით. მკურნალ ექიმს დაურეკეთ და ჰკითხეთ, რა შეიძლება გაკეთდეს ასეთ სიტუაციაში და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს, თუ წამალს ვერ მიიღებთ. შესაძლოა, სანერვიულო არაფერია. თუ ყველა ფრონტზე სიცარიელეა, როგორც მინიმუმ, შფოთვის შემცირება სცადეთ. სახლში წადით, ჩაი მოადუღეთ და ახლობლებს გაესაუბრეთ. შინაგანი დიალოგი გამართეთ. საკუთარ თავს უთხარით, რომ ამ ყველაფრის გადატანას შეძლებთ და მალე ყველაფერი გამოსწორდება.

ლოცვა უფლის მიმართ

შენ მხოლო ხარ ქრისტე მსწრაფლ შემწე, მსწრაფლ გამოაჩინე ზეცით საფარველი შენი ჭირვეულსა მონასა შენსა ზედა და იხსენ სნეულებათაგან ჭირთა და მწარეთა სალმობათაგან და აღადგინენ მაქებელად შენდა, და სადიდებელად სამარადისოდ, მეოხებითა ღვთისმშობელისათა მხოლოო კაცთმოყვარე. დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. სალმობისა სარეცელსა ზედა მდებარესა და სასიკვდინოთა წყლულებითა მოწყლულსა ვითარცა ოდესმე აღ ადგინე მაცხოვარ სიდედრი იგი პეტრესი და განრღვეული ცხედარსა ზედა ტვირთული, ეგრეთვე აწცა მოწყალეო ვნებულსა ამას მოჰხედენ და განჰკურნენ, რამეთუ შენ მხოლო ხარ უძლურებათა და სალმობათა და სნეულებათა ნათესავისა ჩვენისათა აღჰმხმელი და ყოველივე ძალ-გიძს, ვითაცა მრავალ-მოწყალე ხარ. აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა ყოველსა სნეულებასა ზედა

მეუფეო ყოვლისა მპყრობელო, მკურნალო სულთა და ხორცთა ჩუენთაო, რომელი დაამდაბლებ და აღამაღლებ, რომელი სწყლავ და კვალად განკურნებ, ძმათა ამათ ჩუენთა ზედა სნეულთა მოჰხედე მოწყალებითა შენითა, მოჰყავ მარჯვენა შენი უხილავი, სავსე ლხინებითა და კურნებითა. განჰკურნენ მონანი ესე შენნი (სახელები) და აღადგინე იგინი ცხედრისაგან სნეულებისა მათისა და შეჰრისხენ სულსა ამას უძლურებისასა და განაშორე ამათგან ყოველივე წყლულება და ყოველივე სალმობა და ყოველივე გვემა და ყოველივე მხურვალება, გინა ცხრო და რაოდენი რა არს ამათ თანა ბრალი, გინა უსჯულოება მოუტევე, ულხინე, შეუნდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის. ჰე უფალო, შეიწყალე დაბადებულნი ესე შენნი ქრისტე იესოს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისა არს დიდება თანა ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა მკურნალი პანტელეიმონის მიმართ

ყოვლად დიდებულო ღმრთივ-გჳრგჳნოსანო დიდო მოწამეო მკურნალო პანტელეიმონ, ანგელოსთა თანა შეერთებულო, მოციქულთა თანა პატივცემულო, მოწამეთა სრულებაო, მამათა დიდებაო, ქალწულთა შუენიერებაო, მვედრებელთა შენთა მსწრაფლ შემწეო, თხოვათა აღმსასრულებელო, და წყალობისა მომნიჭებელო.

ყოვლად ბრწყინვალეო ქრისტეს დიდო მოწამეო, უქრთამო მკურნალო პანტელეიმონ. ბრწყინვალებითა ელვარებისა სიწმიდისა შენისაჲთა განაბრწყინვე ღმრთივ-დაცული ერი ჩუენი, ყოვლად განათლებულითა ლოცვითა შენითა განანათლე უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლად სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონაზნონი წესნი, მჴედართ მთავარნი, და ქალაქთ მთავარნი, მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე ქრისტეს მოყუარე მჴედარნი, და კეთილის მყოფელნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი, მოსახელენი და მვედრებელნი შენნი ადიდენ. ევედრე წმიდაო დიდო მოწამეო ქრისტესო შენგან შეყუარებულსა იესუს, რაჲთა მოგუანიჭოს მადლი და წყალობაჲ თჳსი აურაცხელი.

ყოვლად ქებულო და პატივცემულო, წმიდაო დიდო მოწამეო, უვეცხლოო მკურნალო პანტელეიმონ, ღმრთივ-დიდებულითა საკჳრველებლითა და ნიშებ-სასწაულითა შენითა, განათავისუფლენ ტყუენი, განჰკურნენ უძლურნი, გამოუჴსნენ განსაცდელსა შინა მყოფნი, განაძლიერენ ზღვათა შინა მავალნი, მოაქციენ ცოდვილნი და შეაწყნარენ ქრისტესა ღმერთსა ყოველთა შემწყნარებელსა და ყოველნი მადიდებელნი წმიდისა სახელისა შენისანი ადიდენ და აღამაღლენ სულით და ჴორცით, რაჲთა სასუფეველსა დიდებასა და დიდად შუენიერსა ბრწყინვალებასა ღმრთისასა ღირს-ვიქმნნეთ ყოველნი. ანგელოსთა თანა უგალობდეთ, წმიდათა თანა ვადიდებდეთ, და შენთანა გჳრგჳნოსანნი ვაკურთხევდეთ შენსა გჳრგჳნოსან-მყოფელსა მამასა, შენსა განმაძლიერებელსა ძესა, და შენ შორის მეტყუელსა სულსა წმიდასა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.