სარეცხი საშუალებები, რომლებიც სახლში თავად შეგიძლიათ გააკეთოთ

605

დღესდღეობით სულ უფრო მეტი ადამიანი ეკოლოგიაზე ფიქრობს. ეს ქიმიურ სარეცხ საშუალებებზე უარის თქმის მთავარი მიზეზია. შეგნებული მომხმარებლები ცდილობენ, რომ შეძლებისდაგვარად არაორგანული საწმენდი საშუალებები არ გამოიყენონ. მათ გამოსავალი იპოვეს. ბევრი ადამიანი, რომლებიც ბუნებაზე ზრუნავენ, სარეცხ საშუალებას სახლში საკუთარი ხელით ამზადებენ.

აღსანიშნავია, რომ ხელნაკეთი საწმენდი საშუალება არა მხოლოდ ეკოლოგიური, არამედ ბიუჯეტურია. მაღაზიაში ნაყიდი საშუალება, რომელიც სახლში ჭუჭყს ეფექტურად აშორებს, გაცილებით ძვირი ღირს და სწრაფად მთავრდება. Vivien გიამბობთ, როგორი სარეცხი საშუალებები შეგიძლიათ მოამზადოთ სახლში საკუთარი ხელით.

  • ჭურჭლის სარეცხი გელი. ხელნაკეთი ჭურჭლის სარეცხი გელის მომზადება რთული არაა. ნახევარი სარეცხი საპონი სახეხზე გახეხეთ და 1 ლ წყალი დაასხით. ქურაზე დადეთ, რომ მასა ერთგვაროვანი გახდეს. მიღებულ გელს 2 ს/კ არაყი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. 8 ს/კ გლიცერინი დაუმატეთ და მიქსერით ათქვიფეთ. მზა გელი მინის ან პლასტმასის ჭურჭელში გადაიტანეთ და აქტიურად გამოიყენეთ, რადგან მხოლოდ 14 დღე შეგიძლიათ შეინახოთ.
  • მინის საწმენდი სითხე. სარკეს და ფანჯარას ჭუჭყს ეფექტურად აშორებს. საკმაოდ მარტივად მზადდება. სპრეი ბოთლში 2 ჭიქა წყალი და 50 მლ სპირტი ჩაასხით. 2 წვეთი ლიმონის ეთერზეთი დაუმატეთ. 50  მლ სუფრის ძმარი ჩაასხით. კარგად აურიეთ და ბოთლი შეანჯღრიეთ. მინის საწმენდი სითხე მზადაა. გახსოვდეთ, რომ მაქსიმუმ 12 თვე შეგიძლიათ შეინახოთ.
  • იატაკის საწმენდი ხსნარი. საშუალება, რომლის წყალობით სახლში იატაკი იპრიალებს, წუთებში მზადდება. ვედროში 5 ლ თბილი წყალი ჩაასხით. 50 მლ ძმარი და 2 ს/კ მარილი დაუმატეთ. კარგად აურიეთ. სუნისთვის 10 წვეთი ლიმონის, პიტნის ან წიწვის ეთერზეთი დაუმატეთ. მზადაა! ამ ნარევით იატაკს ჭუჭყი მოაშორეთ, შემდეგ სველი ჩვარი გადაუსვით. შენობა გაანიავეთ და სისუფთავით ისიამოვნეთ!

სცადეთ, მაღაზიის ძვირადღირებული სარეცხი საშუალებები ეკოვარიანტებით ჩაანაცვლოთ. გარანტიას გაძლევთ, რომ სახლში მომზადებული საწმენდი საშუალებები არანაკლებ ეფექტური იქნება.