ოთახის მცენარე თითქმის ყველას აქვს. ვირჩევთ ყვავილებს, რომელიც მოგვწონს და რომელიც ინტერიერს წარმატებულად ავსებს. ეს შეიძლება იყოს გვიმრა, პალმა, ბრომელია, ორქიდეა, მცოცავი ან დეკორატიული მცენარე. პირადად, მცენარეები ძალიან მიყვარს: ყველა ფანჯრის რაფა და თარო ქოთნებით არის სავსე. ბევრი მწვანე კუთხე მაქვს.სწორედ ამიტომ, ქოთნის მცენარეების მოვლასთან დაკავშირებით უკვე ბევრი შეცდომა გამოვცადე. მეგობრები ხშირად ჩივიან, რომ მათი საყვარელი მცენარე გადარგვის შემდეგ ჭკნება ან საერთოდ ლპება. ასეთი „მოგზაურობა“ მცენარისთვის საკმაოდ მტკივნეული მოვლენაა და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. Vivien გიამბობთ, როგორ გადარგოთ ოთახის მცენარე სწორად.
3 ნაბიჯი, როგორ გადავარგოთ ოთახის მცენარე
- ქოთანი შეარჩიეთ. არსებობს მოსაზრება, რომ ახალი ქოთანი აუცილებლად წინაზე დიდი უნდა იყოს. თუ მცენარე გაზრდილი არაა, ქოთნის გამოცვლა არ სჭირდება. თუ გაიზარდა, ქოთნის ზომა მკვეთრად არ გაზარდოთ. აირჩიეთ ქოთანი, რომელიც წინაზე ოდნავ დიდი იქნება. როგორი ქოთანი გჭირდებათ? ქოთნის კიდიდან მცენარის ღერომდე მაქსიმუმ 5 სმ მანძილი უნდა იყოს.
- ფესვები დაათვალიერეთ. ოთახის მცენარის გადარგვა შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ ფესვებს დააკვირდეთ. აუცილებლობის შემთხვევაში ნაზად დაშალეთ და ძველი მიწა მოაშორეთ. თუ ფესვები ძლიერ ჩახლართულია და ვერ ხსნით, ცოტა გადაჭერით. ასე მცენარე ახალ ქოთანში უკეთ გაიზრდება.
- მცენარე გადარგეთ. ახალი ქოთნის მესამედი ნაწილი ახალი მიწით გაავსეთ და მცენარე ცენტრში მოათავსეთ. ახლა ფესვებს მიწა მოაყარეთ, თანდათან მიწა მსუბუქად დატკეპნეთ. ქოთნის კიდემდე რამდენიმე სანტიმეტრი დატოვეთ, რომ მორწყვისას წყალი არ გადმოიღვაროს.
ოთახის მცენარეს გადარგვა ორ შემთხვევაში სჭირდება. ან უკვე გაიზარდა და ძველ ქოთანში ვეღარ ეტევა, ან მკვებავი ნივთიერებებით მდიდარი ახალი მიწა სჭირდება. თუ პერლიტი (პატარა თეთრი კენჭები) გაყვითლდა, დროა მიწა გამოცვალოთ. მცენარის გადასარგავად საუკეთესო დრო: ზამთრის ბოლო და გაზაფხულის დასაწყისი.