მაიკლ მოსლი, ბრიტანელი ექიმი საუბრობს თავისუფალი დროის ისეთ გატარებაზე, რომელიც საოცარი მეთოდით მაღალ არტერიულ წნევას მნიშვნელოვნად ამცირებს.
ქრონიკულად მაღალი არტერიული წნევა, რის გამოც ადამიანი ჰიპერტონიკი ხდება, „ჩუმი მკვლელი“ დაავადებების სიაში შედის. ამ დაავადებას სიცოცხლისთვის სახიფათო კრიტიკულ მდგომარეობამდე შეიძლება აშკარა სიმპტომი არ ჰქონდეს. მაგალითად, ჰიპერტონიის პირველი თვალსაჩინო სიმპტომი შეიძლება იყოს ინფარქტი ან ინსულტი.
მაიკლ მოსლმა გამოცემა Daily Mail–თვის დაწერა სტატია, სადაც ჰიპერტონიკების მზაკვრულ მდგომარეობას გვახსენებს, ასევე წნევის შესამცირებლად ეფექტურ მეთოდებს ასახელებს.
„საზოგადოდ ცნობილია, რომ ცხოვრების წესის შეცვლა, მათ შორის ფიზიკური აქტივობა, ვარჯიში, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის შესანარჩუნებლად სასარგებლოა. ჰიპერტონიკებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა“ – ხაზს უსვამს ექიმი.
ექიმი მოსლი აღნიშნავს: ბევრისთვის „ფიზიკური აქტივობა“ მოსაწყენად ჟღერს, მაგრამ არტერიული წნევის მაჩვენებლის შემცირება მარტივი და მხიარული დასვენების მეთოდით შეიძლება. ერთ–ერთი ასეთი „საოცარი საქმიანობა“, რომელიც ჰიპერტონიკებისთვის წნევის შესამცირებლად სასარგებლოა, ზოოპარკში სეირნობას გულისხმობს.
ექიმი იაპონელი მეცნიერების კვლევის შედეგებს ეყრდნობა, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ ზოოპარკში გატარებული დღის შემდეგ საკვლევი სუბიექტები საშუალოდ 6000 ნაბიჯზე მეტს დგამდნენ, ვიდრე ჩვეულებრივ. ასევე არტერიული წნევის მნიშვნელოვანი შემცირება აღენიშნებოდათ.
„ფიზიკური აქტივობა გულს აძლიერებს, სისხლის ნაკლები ძალით ამოტუმბვაში ეხმარება, – ასე არტერიებზე დატვირთვა მცირდება, რომლის ხარჯზეც არტერიული წნევა მცირდება“ – განმარტავს ექიმი.
ჰიპერტონიკებისთვის სასარგებლო კიდევ ერთი საქმიანობა – ძაღლის გასეირნება. ექიმი მოსლი აღნიშნავს, რომ ამ საქმიანობის ეფექტი ზოოპარკში სეირნობის მსგავსია.
„ძაღლის ყოველდღე გასეირნება წნევის შემცირებაში დაგეხმარებათ, მაგრამ თუ ძაღლი არ გყავთ, დამოუკიდებლად შეგიძლიათ გაისეირნოთ“ – გირჩევთ სპეციალისტი.