ვივიენის დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარი ქმრის ისტორიას გვიამბობს.
გიორგის ცოლად რომ გავყევი, ძალიან ბედნიერი ვიყავი. ჩემმა დედამთილმა პირველად რომ დამინახა, თქვა:
– გასაგებია! შენგან სხვას არც მოველოდი! თავად როგორიც ხარ, ცოლიც ზუსტად ისეთი იპოვე!
მაშინვე ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. აღმოჩნდა, რომ ჩემმა დედამთილმა გიორგი მაშინ გააჩინა, როდესაც გათხოვილი არ იყო. გიორგის მამა დაჰპირდა, რომ ცოლად მოიყვანდა, მაგრამ მერე გაიქცა. მან მთელი წყენა და სიძულვილი, რომელიც ამ მამაკაცის მიმართ გააჩნდა, თავის შვილზე გადმოიტანა. გიორგი კი არაფერში დამნაშავე არ იყო. ჩემი დედამთილი მას ხშირად ეუბნებოდა:
– საერთოდ, რატომ გაგაჩინე?
ეს რომ გავიგე, გაოგნებული ვიყავი. ასეთ რამ საკუთარ შვილს როგორ უნდა უთხრა?
დედამთილმა მაშინვე გამოგვიცხადა, რომ არაფრით არ დაგვეხმარებოდა. ყველაფერს თავად ვუმკლავდებოდით. ვმუშაობდით და ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით. სამაგიეროდ, არავისზე არ ვიყავით დამოკიდებულები და არავისი არაფერი გვემართა.
ჩემს დედამთილს ორი შვილი ჰყავს: ბიჭი – ნიკა და ქალიშვილი – ელენე. ისინი მან გათხოვების შემდეგ გააჩინა.
გიორგი 4 წლის იყო, როდესაც ჩემი დედამთილი ახალგაზრდა წარმატებულ ბიზნესმენს გაჰყვა ცოლად. დავითი ძალიან წარმატებული ბიზნესმენი იყო. მან საკუთარი ბიზნესის შენარჩუნება ყველაზე რთულ პერიოდშიც კი მოახერხა, როდესაც უამრავი ბიზნესმენი გაკოტრდა. დავითი ან ძალიან ჭკვიანი იყო ან ძალიან იღბლიანი, რადგან მან მოახერხა და ძალიან მდიდარ ადამიანად იქცა. გიორგის ის ყოველთვის ძალიან კარგად ექცეოდა, არასოდეს აწყენინებდა და საკუთარი შვილივით უყურებდა.
დედა კი ნიკას და ელენეს ყოველთვის გიორგის წინააღმდეგ განაწყობდა. ისინი მუდმივად ეუბნებოდნენ მას, რომ ის მათი ნამდვილი ძმა არ იყო, რომ ზედმეტი იყო და მამა სულაც არ იყო ვალდებული, რომ მასზე ეზრუნა. ასეთ საშინელ გარემოში გაიზარდა ჩემი მეუღლე. თუმცა ის მაინც კეთილი და კარგი ადამიანია. ნათესავებმა ვერ შეძლეს მისი გაბოროტება და მისთვის სამყაროს შეძულება.
ჩვენი დაქორწინებიდან ხუთი წლის შემდეგ დავითი გარდაიცვალა. მას ინფარქტი დაემართა. როგორც ჩანს, გული მანამდეც აწუხებდა, მაგრამ არაფერს ამბობდა. სწორედ ამიტომ, მას თურმე ანდერძის დატოვებაც მოესწრო. თავის შვილებს და მათ შორის გიორგისაც თითო ოროთახიანი ბინა დაუტოვა. ჩემი დედამთილი და მისი შვილები ძალიან უკმაყოფილოები იყვნენ იმის გამო, რომ გიორგიმ მამინაცვლისგან ასეთი საჩუქარი მიიღო. თუმცა, ანდერძის გაპროტესტება მათ ვერ შეძლეს. რაც შეეხება ბიზნესს, მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ უნდა გაგვეგო, ვის შეხვდებოდა ის. ეს დავითის სურვილი იყო.
მე და გიორგი საცხოვრებლად ახალ ბინაში გადავედით. ერთი თვის შემდეგ ჩემი დედამთილი გვესტუმრა და გვითხრა:
– შენ შენი მამინაცვლისგან მეფური საჩუქარი მიიღე! შენ ის სრულიად არ დაგიმსახურებია. ასე რომ, ეს ბოროტო და საზიზღარი მოხუცი შენთან წაიყვანე!
– რომელი მოხუცი? – ვერ მიხვდა გიორგი.
– ჩემი დედამთილი. დავითის დედა. მე რატომ უნდა მოვუარო? მას ყოველთვის ვეჯავრებოდი!
ნათელა ბებიას ინსულტი დაემართა, რის შემდეგაც გადაადგილება მხოლოდ ინვალიდის ეტლით შეეძლო. ელენემ და ნიკამ უარი თქვეს საკუთარი ბებიის თავიანთთან წაყვანაზე.
ჩვენ უარი არ გვითქვამს და ნათელა ბებია ჩვენთან წამოვიყვანეთ. ის ძალიან ჭკვიანი და სასიამოვნო ქალი აღმოჩნდა. მიუხედავად თავისი ავადმყოფობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობისა, მას სიცოცხლე ძალიან უყვარდა, არ იწყენდა და დიდი ოპტიმისტი იყო. ის ინვალიდის ეტლში იჯდა და მაინც ახერხებდა სარეცხის გარეცხვას და საჭმლის მომზადებას. აი ასეთი საოცარი ადამიანი იყო ის.
მას ძალიან სწყინდა, რომ მისმა შვილიშვილებმა უარი თქვეს მის მოვლაზე.
– ეს იმიტომ, რომ დედამ გაათამამათ. ამიტომაც გაიზარდნენ ასეთები. ჩემს დავითს შენ ძალიან უყვარდი და საკუთარ შვილად გთვლიდა.
ელენე და ნიკა ბებიის სანახავად ერთხელაც არ მოსულან. ისინი მას არც კი ურეკავდნენ. ჩემი დედამთილიც ისე იქცეოდა, თითქოს ნათელა ბებია არ არსებობდა.
ჩვენ მისი მოვლა საერთოდ არ გვიჭირდა. ჩვენ ერთმანეთს მშვენივრად ვუგებდით და არასოდეს ვჩხუბობდით. ასე ვიცხოვრეთ 5 თვის მანძილზე. შემდეგ გავიგეთ, ვის დაუტოვა დავითმა თავისი ბიზნესი. მან თურმე ყველაფერი დედამისს დაუტოვა.
ამის შემდეგ კი დაიწყო… ელენემ უცებ მოინდომა, რომ ბებია მასთან გადასულიყო საცხოვრებლად, იგივე მოინდომა ნიკამაც.
ნოტარიუსის კაბინეტში კინაღამ იჩხუბეს, მაგრამ ეს ყველაფერი ნათელა ბებიამ შეაჩერა. მან თქვა:
– დამშვიდდით! თავს ნუ ირცხვენთ! იქ ვიცხოვრებ, სადაც აქამდე ვცხოვრობდი! გიორგისთან და მის მეუღლესთან დავრჩები, მათთან თავს კარგად ვგრძნობ.
ელენემ და ნიკამ ანდერძი გაასაჩივრეს, მაგრამ სასამართლო წააგეს. ნათელა ბებია საცხოვრებლად ჩვენთან დარჩა. ორი თვის შემდეგ მან ბიზნესი მთლიანად გიორგის გადაუფორმა.
ელენე და ნიკა საკუთარი სიბოროტის და არაადამიანობის გამო დაისაჯნენ.
ნიკა ძალიან მალე აზარტულმა თამაშებმა გაიტაცა. ვალების დასაფარად, მან საკუთარი ბინა გაყიდა და საცხოვრებლად დედამისთან გადავიდა. ელენე გათხოვდა, შვილი გააჩინა და ქმარს დაშორდა. შვილი გასაზრდელად დედას დაუტოვა, თავად კი ახალი ქმრის ძებნა დაიწყო.
ნათელა ბებიამ კიდევ სამი წლის მანძილზე იცოცხლა და გარდაიცვალა. როდესაც მის ნივთებს ვალაგებდით, წერილი ვიპოვეთ, რომელიც მას ერთ დროს დავითმა მისწერა. აი, რა მისწერა მან:
“დედა თავს გაუფრთხილდი. თუ რამე დამემართება საცხოვრებლად გიორგისთან გადადი. ის ჩემს შვილებში ყველაზე უკეთესია. სამწუხაროა, რომ ის ჩემი ღვიძლი შვილი არ არის. სამაგიეროდ, ის კეთილი, პატიოსანი და გულიანი ადამიანია. სამწუხაროა, რომ საკუთარი შვილების ასეთ ადამიანებად აღზრდა ვერ შევძელი!”