დილით ჩემი მეგობარი და მეზობელი ნათია შემოვარდა. ხელში გუშინ ნაჩუქარი ზამიოკულკასის ქოთანი ეჭირა. როგორც მჩუქებელმა უთხრა, ეს დოლარის ხე ნებისმიერ პირობას ეგუება, სიცივის და ზედმეტი მორწყვის გარდა.
დოლარის ხის პირობები
– წარმოგიდგენია, – დაიწყო ნათიამ, თან ანჯღრევდა ქოთანს, სადაც იზრდებოდა ისრისმაგვარი მკვრივი ღეროები, ორივე მხრიდან ერთმანეთის მოპირდაპირედ განლაგებული წყვილი პრიალა მუქი მწვანე ფოთლებით მოფენილი, – ეს მზაკვარი რენა მთელი საღამო ლაპარაკობდა, რომ დოლარის ხე არ გვკარნახობს პირობებს, არამედ თავად შემიძლია ვთხოვო მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება და დამეხმარება. ასეთ დაქალთან მტერიც არ გინდა. მეზობელი ვეღარ სუნთქავდა, ამიტომ ქოთანი სამზარეულოს მაგიდაზე დავდე.
– ახლა ინტერნეტში, – ამოსუნთქვის და წყლის დალევის შემდეგ გააგრძელა, – ვკითხულობ, ნახე: „რა უნდა იცოდნენ ფულის ხის ქარაფშუტა მფლობელებმა: არასოდეს გააჩეროთ სახლში ეს მცენარე, რადგან შედეგები შეიძლება ფატალური იყოს“ – არა, რა გავუკეთე ასეთი, რომ „შესაძლო ფატალური შედეგები“ მაჩუქა? – ნათია თითქმის ტიროდა.
გარკვევა შევთავაზე, რადგან რენამ თქვა, რომ ზამიოკულკასი ფული ხე არაა, არამედ დოლარის ხე. თან კომენტატორები წერენ, რომ ფულის ხე სულ სხვაა. ასე უწოდებენ კრასულას სუკულენტების ოჯახიდან. სახელწოდება „ფულის ხე“, როგორც ჩანს, იმის გამო გაჩნდა, რომ კრასულას მონეტების მსგავსი ხორციანი წვნიანი ფოთლები აქვს.
დოლარის თუ ფულის?
ზამიოკულკასი ნიუკასებრთა ოჯახის მონიტიპურ გვარს მიეკუთვნება. ამ ორ მცენარეს შორის ნათესაობა ისეთია, როგორც ზღარბსა და ბიგასებრს შორის.
ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ დოლარიც ფულია, ხოლო ზედსართავები „დოლარის“ და „ფულის“ ურთიერთშემცვლელია, აქედან მოდის გაუგებრობა. ზამიოკულკასიც და კრასულაც ჯანმრთელობის დიდი პრობლემების გამომწვევი შეიძლება გახდეს, თუ მათ ყვავილებს, ფოთლებს დაღეჭავთ ან წვენს კანზე წაისვამთ. კრასულა ცოტა დარიშხანს შეიცავს. ზამიოკულკასის ყველა ნაწილშიც შხამიანი ნივთიერებაა. დოლარის და ფულის ხე ახლო ბიოლოგიური ნათესავები არ არიან, მაგრამ შეუძლიათ გამოიწვიონ ძლიერი ალერგიული რეაქციები, მოწამვლა. ზამიოკულკასის წვენი კანზე ბებერებს ტოვებს, როგორც დამწვრობის შემდეგ. მცენარის მოვლისას ხელთათმანის გაკეთება აუცილებელია.
ამ მცენარეების წვენი და მტვერი პატარა ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის განსაკუთრებით სახიფათოა. თუმცა შეგიძლიათ ისეთ ადგილას მოათავსოთ, სადაც ვერც ერთი, ვერც მეორე საფრთხის წყაროს კბილი ვერ გაუსინჯავს. დაუზიანებელი ლამაზმანები უვნებელია. მათ უშიშრად შეგიძლიათ შეეხოთ. ზრდასრულებმა.
გვკარნახობს დოლარის ხე პირობებს?
მე და ნათიამ გავიგეთ, რომ ზამიოკულკასის სამშობლოში, მალავისა და ტანზანიაში, მისი წვენით ყურის ტკივილს მკურნალობენ. სუკუმას ტომის მკურნალები დოლარის ხის ფესვებს წყლულებზე აფენენ. სასტიკია, რა ვთქვათ. გამეორება არ ღირს, რადგან ოთახის დეკორატიული მცენარეების და იმ მცენარეების, რომლებიც აფრიკული ჯუნგლების ნიადაგის ნივთიერებებით იკვებებიან, თვისებები ძალიან განსხვავებული შეიძლება იყოს.
არსებობს მოსაზრება, რომ დოლარის ხე გოგონას ხელის შესაძლო პრეტენდენტებს დევნის. პოტენციულ პატარძლებს ზამიოკულკასიდან თავის შორს დაჭერას ვურჩევთ. თუმცა ეს კვლევებით დადასტურებული არაა, როგორც ის, რომ ულამაზესი ზამიოკულკასი მფლობელს გარანტიას აძლევს, რომ დოლარის ნაკადები გაიზრდება მის საფულეში, ანგარიშზე და ა.შ.
ამბობენ, რომ ზამიოკულკასი სივრცეს ნეგატიური ენერგიისგან წმენდს, ამიტომ დოლარის ხე შემოსასვლელში ან მისაღებ ოთახში უნდა მოათავსოთ. კარგია, თუ მის გვერდით გვალვებთან მსგავსი ადაპტაციის მქონე მცენარეებს მოათავსებთ. მაგალითად, ადამის ხმალი. თუ ზამიოკულკასის ფოთლები გაყვითლდა, ეს ნიშანია, რომ მცენარემ მისია შეასრულა, სივრცე პოზიტიური ენერგიით და კეთილდღეობით აავსო, ამიტომ ახლა სახლიდან უნდა მოიშოროთ და ახლით ჩაანაცვლოთ.
დამტკიცებულია, რომ დოლარის ხე შეიცავს ფლავონოიდ აპიგენინს, ნივთიერებას, რომელსაც აქვს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. თუმცა აპიგენი ბევრ სხვა მცენარეშიც გვხვდება. თან, დაგვეთანხმეთ, რომ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების ყველაზე საიმედო გზა კარგი სამუშაოა.