სააბაზანო ოთახის რეგულარული და სათანადო წმენდა გარანტია არაა, რომ მასში არ გაჩნდება უსიამოვნო სუნი, რომლის მოშორება ადვილი არაა. თუ მსგავს პრობლემას შეეჯახეთ, ძვირადღირებული ჰაერის არომატიზატორის შეძენა არ იჩქაროთ. ეფექტური არომატიზატორი ტუალეტისთვის სახლის პირობებში შეგიძლიათ გააკეთოთ.
Vivien გთავაზობთ გამოიყენოთ იაფი, მაგრამ ეფექტური მეთოდები, რომლითაც ოჯახის ბიუჯეტს დაზოგავთ და სააბაზანო ოთახში სუნს გააუმჯობესებთ. ასე საცხოვრებელს ახალ და სასიამოვნო არომატს მიანიჭებთ.
ხელნაკეთი არომატიზატორი ტუალეტისთვის: შესანიშნავი იდეები
დაფნის ფოთოლი
როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, იაფი სანელებელი სააბაზანო ოთახში სუნს უკეთ აჯანსაღებს, ვიდრე ნებისმიერი ნაყიდი არომადიფუზორი. დაფნის ფოთოლი გამოიყენეთ და თავად დარწმუნდით. მისი დახმარებით ყველა უსიამოვნო სუნს გააქრობთ. გამოყენების 2 მეთოდს გთავაზობთ.
- მეთოდი №1. აიღეთ რამდენიმე დაფნის ფოთოლი. ნატურალური ქსოვილის პატარა ქისაში ჩაყარეთ და შეკარით. ქისა სანელებლით სააბაზანო ოთახში თაროზე შეინახეთ და უსიამოვნო სუნს დაივიწყებთ.
- მეთოდი №2. დაფნის ფოთლის დაწვით ტუალეტში სუნი გააჯანსაღეთ. შესაფერისი (ცეცხლგამძლე) პატარა ჭურჭელი იპოვეთ. მასში 2–3 დაფნის ფოთოლი ჩადეთ. უსაფრთხოების წესების დაცვით დაწვით. დაფნის ფოთოლი დაწვისას გამოყოფს არომატს, რომელიც მთელ სააბაზანო ოთახს სწრაფად შეავსებს. მნიშვნელოვანია! დამწვარი ფოთლის სუნი ძალიან მკვეთრი შეიძლება იყოს. თუ სახლში ალერგიული ადამიანი ან ორსული ცხოვრობს, ამ მეთოდის გამოყენებას არ გირჩევთ.
საკვები სოდა
ტუალეტის ნატურალურ არომატიზატორად საკვები სოდაც გამოგადგებათ. ეს გაცილებით მარტივია. აიღეთ ლამაზი ქილა. მასში 2 სმ სისქის სოდა ჩაყარეთ. ზემოდან დააწვეთეთ 10 წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი, რომლის სუნი მოგწონთ. ჭურჭელი დახურეთ. თავსახური, ნატურალური ქსოვილი ან ფოლგა გამოიყენეთ. კარგად შეანჯღრიეთ. თავსახური ნემსით ან სადგისით გახვრიტეთ. მზადაა.
სიტყვაზე, დაფნის ფოთლის ნაცვლად არომატული ბალახების ნარევი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ისიც ქსოვილის ქისაში უნდა ჩაყაროთ და შეკრათ. ფანტაზია ჩართეთ და თქვენს სააბაზანო ოთახში ყოველთვის სასიამოვნო სუნი იტრიალებს.