პასქა როდის გამოვაცხოთ. ტრადიციები და აკრძალვები, რომლებიც დიდ პარასკევს უკავშირდება

3382

ვნების კვირა აღდგომამდე მნიშვნელოვანი პერიოდია. მორწმუნეები ცდილობენ, რომ დიდ ხუთშაბათამდე სახლის დალაგება მოასწრონ, სულიერად და ხორციელად განიწმინდონ და ყველაზე ტრაგიკულ დღეს, წითელ პარასკევს სუფთა ფიქრებით შეხვდნენ. კვირის მეხუთე დღეს გოლგოთაზე ჯვარს აცვეს იესო ქრისტე, რომელიც ადამიანური ცოდვებისთვის ეწამა. ვნების კვირაში ცხვება პასქა, აღდგომის მნიშვნელოვანი ატრიბუტი. დიასახლისები დღემდე კამათობენ, როდის სჯობს პასქის გამოცხობა, დიდ ხუთშაბათს თუ წითელ პარასკევს. Vivien გიზიარებთ სასულიერო პირების რჩევებს პასქის ცხობის დროსთან დაკავშირებით.

როდის გამოვაცხოთ პასქა? – სასულიერო პირების თქმით, საეკლესიო კანონებით წითელ პარასკევს (წელს 14 აპრილს) პასქის გამოცხობა აკრძალული არაა, თუმცა საეკლესიო მსახურებას უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. წითელი პარასკევი გლოვის დღეა, ამიტომ გირჩევთ პასქის ცხობა სხვა დროისთვის გადადოთ. მორწმუნეები დიდ პარასკევს მკაცრ მარხვას იცავენ, ეკლესიაში ლოცულობენ, რადგან ამ დღეს გამოაბრძანებენ გარდამოხსნას. სასურველია, პასქა დიდ ხუთშაბათს ან შაბათს გამოაცხოთ. თუ ამ დღეებში ვერ ახერხებთ, დიდ ოთხშაბათს გამოაცხვეთ. პასქის ცხობა საზეიმო პროცესია, ხოლო დიდი პარასკევი გლოვის დღე. დიდ პარასკევს პასქის გამოცხობა ცოდვა არაა, უბრალოდ მანამდე ეკლესიაში ილოცეთ, ცხობის დაწყებამდე „მამაო ჩვენო“ წაიკითხეთ.

ცისკრის ლოცვა დიდ ხუთშაბათს საღამოს იწყება და დიდი პარასკევის დილამდე გრძელდება. შუადღით ეკლესიაში გამოაქვთ გარდამოხსნა. მას საკმევლს აკმევენ და ყვავილებით რთავენ. მრევლს მსახურებისას ანთებული სანთლები უჭირავთ. სასულიერო პირები გარდამოხსნით ხელში ტაძარს გარს უვლიან. წითელ პარასკევს ამქვეყნიური საკითხები და საზრუნავი უნდა დაივიწყოთ და თქვენი თავი ლოცვას მიუძღვნათ. სანთლები, რომლებიც მსახურებისას ხელში გეჭირათ, არ გადააგდოთ, არამედ სახლში წამოიღეთ. ამ დღეს მკაცრი მარხვაა და მორწმუნეები მთელი დღე გარდამოხსნის გამოტანამდე საკვებს არ იღებენ. ამის შემდეგ პურის ჭამა და წყლის დალევა შეიძლება.

აკრძალვები და ტრადიციები წითელ პარასკევს – დიდ პარასკევს იკრძალება ფიზიკური შრომა, ხელსაქმე, ბოსტანში მუშაობა, ხეების დარგვა, ჩხუბი, ბილწსიტყვაობა, ალკოჰოლის დალევა და გართობა. თმის გადაპარსვა და შეჭრა სხვა დროისთვის გადადეთ. მკითხაობა და ჯადოსნური რიტუალები აკრძალულია.

დიდ პარასკევს საინტერესო ხალხური ნიშნები უკავშირდება. ტაძრიდან მოტანილი 12 სანთელი სახლში დაანთეთ და ბოლომდე ჩაწვით, რომ კეთილდღეობა მოიზიდოთ. თუ წითელ პარასკევს მიწაში რკინას ჩაარჭობთ, უბედურება შეიძლება მოიზიდოთ. პური დანით არ გაჭრათ, რომ უსიამოვნება არ მოხდეს. ამ დღეს ალკოჰოლის დალევით დამოკიდებულებას შეიძენთ. წითელ პარასკევს ღრუბლიანი ამინდი ცუდი მოსავლის ნიშანია, ნათელი ღამე – კარგი მოსავლის. თუ შაბათამდე წყალს არ დალევთ, თქვენს ჯანმრთელობას ვერც ერთი სასმელი დააზიანებს. თუ გსურთ, ჩვილმა ძუძუთი კვება მიატოვოს, დიდ პარასკევს ამის გაკეთება გაგიმარტივდებათ.