ნაყიდ ქიმიაზე ეფექტურია. როგორ გაწმინდოთ ქვაბი ხელმისაწვდომი საშუალებებით

331

დაგვეთანხმეთ, სამზარეულოში ყოველთვის იდეალურად სუფთა ქვაბები აქვთ მხოლოდ იმ დიასახლისებს, რომლებიც კერძებს იშვიათად ამზადებენ. დროთა განმავლობაში ქვაბები და ტაფები ჭუჭყიანდება. რძის გადმოღვრა, ფაფის დაწვა, ნამწვის გაჩენა – ამ უსიამოვნებების თავიდან აცილება რთულია. ვიცით, როგორ გაუმკლავდეთ პრობლემებს მარტივად. Vivien გთავაზობთ ხელმისაწვდომ საშუალებებს, რომელთა დახმარებით ქვაბსა და ტაფას იდეალურად გაწმენდთ.

ქვაბების გაწმენდა – პირველ რიგში, გაარკვიეთ, რა მასალის ქვაბი და ტაფა გაქვთ, რადგან ზოგიერთი აგრესიული საშუალება ქვაბის დაზიანების მიზეზი შეიძლება გახდეს.

დაიმახსოვრეთ:

  • ანტიმიწვის საფარის მქონე ქვაბებზე აბრაზიული და მჟავე საშუალება არ გამოიყენოთ.
  • მინანქრის ჭურჭელზე მჟავე ნივთიერება ცუდად მოქმედებს.
  • ალუმინის ჭურჭლის გასაწმენდად სოდა და ძლიერი მჟავა არ გამოგადგებათ.
  • უჟანგავი ფოლადის ქვაბებზე ძლიერი მჟავები და აბრაზიული საშუალებები დაივიწყეთ.

სამზარეულოს ჭურჭლის წმენდის მეთოდები

  1. მდუღარე წყლით გარეცხვა ერთ–ერთი მარტივი მეთოდია. უბრალოდ ქვაბში მდუღარე წყალი ჩაასხით და 1–2 საათის შემდეგ გასაპნული ღრუბლით გახეხეთ. თუ იდეალური შედეგი ვერ მიიღეთ, სხვა მეთოდი სცადეთ.
  2. საპნიანი ხსნარი უნივერსალური მეთოდია, რომელიც ნებისმიერი მასალის ჭურჭელზე გამოგადგებათ. ქვაბში წყალი ჩაასხით, ცოტა ჭურჭლის სარეცხი საშუალება ან გახეხილი სარეცხი საპონი დაუმატეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ, 10–15 წუთით სუსტ ცეცხლზე გააჩერეთ. ბოლოს ღრუბლით გახეხეთ და წყალი გაავლეთ.
  3. სოდისა და ძმრის კომბინაცია უჟანგავი ფოლადის და მინანქრის ქვაბებსა და ტაფებს ნამწვს აშორებს. ჯერ წყალი და ძმარი 50×50 პროპორციით აურიეთ, ჭურჭელში ჩაასხით, ქურაზე დადგით და 100 გრადუსამდე გააცხელეთ. შემდეგ ცეცხლი გამორთეთ, სოდა ფრთხილად დაუმატეთ. აკონტროლეთ, რომ შუშხუნა მასა არ გადმოიღვაროს. ცოტა ხნით გააჩერეთ. ამ დროში ნამწვი დარბილდება და ჭუჭყს მარტივად მოაშორებთ.
  4. ჭურჭლის სარეცხი საშუალება და კვერცხის ნაჭუჭი ძლიერი მეთოდია. ალუმინის და მინანქრის ჭურჭელზე შესაფერისია. სარეცხი საშუალება ცხიმს მოაშორებს, კვერცხის ნაჭუჭი აბრაზიული საშუალების როლშია. ქვაბში საპნიანი ხსნარი ჩაასხით. 1–2 საათის შემდეგ ჭუჭყს ადვილად მოაშორებთ.
  5. აქტივირებული ნახშირი მიმწვარი რძის მოშორებაში დაგეხმარებათ. ნებისმიერი მასალის ჭურჭელზე გამოგადგებათ. ანტიმიწვის საფარის მქონე ჭურჭელი გამონაკლისია. ნახშირი დაფქვით და ქვაბს ძირში მოაყარეთ. 30 წუთში წყალი დაასხით და ისევ 30 წუთი დაელოდეთ. ახლა ღრუბლით ჭუჭყი მოაშორეთ და წყალი გაავლეთ.
  6. ლიმონმჟავა ალუმინის და უჟანგავი ფოლადის ჭურჭელს იდეალურად წმენდს. სხვა მასალის ჭურჭელი შეიძლება დააზიანოს. ქვაბში წყალი ჩაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ, შემდეგ 2–3 კოვზი ლიმონმჟავა დაუმატეთ. 20 წუთი რეაქციას დაელოდეთ. ახლა ღრუბლით ან სახეხით გახეხეთ.
  7. თუ უჟანგავი ფოლადის ქვაბზე მიმწვარი საკვების მოშორების შემდეგ მუქი ლაქები დარჩა, რამდენიმე წვეთი კორვალოლი დააწვეთეთ და ღრუბლით გახეხეთ. ლაქები გაქრება. ბოლოს წყალი გაავლეთ.
  8. ლიმონმჟავა და ძმარი ჭურჭელს ნაქაფის ნარჩენებს აშორებს. თუ რთული შემთხვევა არაა, უკეთეს შედეგს მიიღებთ. აირჩიეთ წმენდის მეთოდი, რომელიც თქვენთვის შესაფერისია.