მოახლოებულ გულის შეტევაზე ეჭვის შეპარება ადამიანის ოფლიანობის ცვლილებით შეგიძლიათ – თუ სხეული უფრო მეტ, განსაკუთრებით სუნიან ოფლს გამოყოფს, ეს ხშირად მიოკარდიუმის ინფარქტის მაღალ რისკს უკავშირდება. ამის შესახებ გულის ბრიტანული ფონდის (British Heart Foundation) სპეციალისტები გაფრთხილებენ.
გულის შეტევას გულში მოხვედრილი სისხლის დეფიციტი იწვევს. ასევე შეიძლება გულის იშემიური დაავადების შედეგი იყოს, როცა არტერიებში ცხიმები გროვდება (მათ გამო გულში მოხვედრილი სისხლის რაოდენობა იზღუდება).
„თქვენ შეიძლება სასიკვდილო გულის შეტევის რისკის ქვეშ იყოთ, თუ აღმოაჩენთ, რომ ჩვეულებრივზე უფრო მეტად ოფლიანობთ. ჭარბი ოფლიანობა მოსალოდნელი ინფარქტის ერთ–ერთი ნაადრევი ნიშანია“ – ამბობენ გულის ბრიტანული ფონდის ექსპერტები გამოცემასთან Express Health საუბარში.
ექიმები განმარტავენ: როცა არტერიები ცხიმოვანი გროვით ივსება, გული იძულებულია მეტი დატვირთვით იმუშაოს, რომ მთელ სხეულში სისხლის მიწოდება უზრუნველყოს. ასეთი დამატებითი მუშაობის შედეგად სხეული ჩვეულებრივზე უფრო ძლიერ ოფლიანობს.
„გაზრდილი ოფლიანობის ეპიზოდების შემჩნევისას, რომლებიც ფიზიკურ დატვირთვას არ უკავშირდებიან, კარდიოლოგს მიმართეთ და გულის კუნთების მდგომარეობა შეამოწმეთ. თუ სპორტით დაკავებული არ ხართ ჩვეულებრივზე მეტი ოფლიანობა შეიძლება გულის პრობლემების გამაფრთხილებელი ნიშანი იყოს“ – გვიზიარებენ რჩევებს სპეციალისტები.
ისინი აღნიშნავენ, რომ ძლიერი ოფლიანობა აუცილებლად გულის შეტევაზე არ საუბრობს. ის შეიძლება სხვადასხვა მდგომარეობის შედეგი იყოს. ხოლო ინფარქტის უფრო გავრცელებული სიმპტომებია ხელში გარდამავალი ტკივილი, მკერდში ზეწოლა, მოულოდნელი თავბრუსხვევა.
„თქვენ ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ, თუ კვირაში მინიმუმ ერთხელ მაინც ძლიერი ოფლიანობა გაწუხებთ ან იმდენად ძლიერია, რომ ყოველდღიურ საქმეში ხელს გიშლით. სჯობს სამედიცინო დახმარებას მიმართოთ და შეცდეთ, ვიდრე დახმარების გარეშე გულის შეტევით დაიტანჯოთ“ – ამბობენ ფონდის წარმომადგენლები.