„თქვენთან გადმოვდივარ“. მამამთილი ჩვენს ოჯახს ანგრევს

670

Vivien გიზიარებთ ახალგაზრდა ოჯახის ისტორიას, რომელიც ნათესავების მუდმივი სტუმრობის გამო დანგრევის პირას იყო, მაგრამ მათ გამოსავალი იპოვეს.

„მე და ჩემი მეუღლე საკუთარ სახლში ვცხოვრობთ. დაქორწინებისთანავე გადმოვედით. სახლი 50/50–ით ვიყიდეთ. ჩემი მშობლები დაგვეხმარნენ, მე და ლევანსაც დანაზოგი გვქონდა. ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ ქმრის ნათესავები ხშირად გვსტუმრობენ. დედაქალაქიდან 20 წუთის სავალზე ვცხოვრობთ, ამიტომ ხშირად ვისმენ: „თქვენთან ღამეს გავათევ და დილით წავალ“, „საავადმყოფოში ჩამოვედი. იქ ხომ არ დავრჩები“, „თქვენთან 1 თვე გავჩერდები“, „თქვენთან კარგია, სახლში იმდენი საქმეა. 1 კვირით შვებულებით ჩამოვედი“. მსგავსი ისტორიები უკვე 2 წელი გრძელდება. დროთა განმავლობაში დავიძაბე, ჩემს სახლში, „ჩემს ციხესიმაგრეში“ მუდმივი დაუპატიჟებელი სტუმრები არ მახარებდა.

მამამთილი სატვირთო მანქანაზე მუშაობს, ტვირთი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გადააქვს. სოფელში ცხოვრობს, ტვირთს დედაქალაქიდან იღებს და გზაზე 3-3,5 საათს ხარჯავს. „თქვენთან ცხოვრება უფრო გონივრული და ეკონომიურია“ – მოვისმინე მისგან. წინააღმდეგი ვიყავი, რაც მაშინვე ვუთხარი. არ მინდოდა ცხოვრება უცხო მამაკაცთან ერთად, რომელიც არ მომწონს (არც მას მე). ჩემი ქმრის მთელი ოჯახი ისედაც ხშირად გვსტუმრობს და ახლა მამამისმა ჩვენთან უნდა იცხოვროს. იქნებ სახლში შიშველი სიარული მიყვარს ან ბოსტანში საცვლებით მუშაობა. თუ მამამთილი გადმოვა, ისეთი შეგრძნება მექნება, რომ ვიღაც მუდმივად მითვალთვალებს. მაქსიმუმ 1 კვირა რეისზეა, მომდევნო 2 კვირა ისვენებს. რატომ არ შეუძლია სახლში წავიდეს? გულწრფელად არ ესმის. რაღაც სისულელეა.

სანამ ქმრის ნათესავები გვსტუმრობდნენ, სკანდალები არ შემწყდარა. ისინი იქ ეჩხირებიან, სადაც საჭირო არაა. ორსულად ვიყავი და ზედმეტი სტრესი არ მჭირდებოდა. ვვარაუდობდი, მამამისთანაც მსგავსი ისტორია იქნებოდა. წარმოიდგინეთ, როგორი აღშფოთებული იყო მამამთილი, როცა ეს ყველაფერი ვუთხარი. თითქოს უმადური ვარ, რომ „სახლი გვიყიდეს“ (რა? რომელი სახლი? არაფერია, რომ ჩემმა მშობლებმა და მე და ჩემმა მეუღლემ ჩავდეთ? ყიდვაში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღიათ). გამლანძღეს, ლაფში ამომსვარეს. ამის შემდეგ მათი დანახვა და მათი ხმის გაგონებაც არ მინდოდა.

მეუღლემ მხარი დამიჭირა. განაწყენებული მამა წავიდა და სიმშვიდემ დაისადგურა. მთელი თვე მათგან ზარი და შეტყობინება არ მიგვიღია. მაგრამ ნათესავები ასე უბრალოდ ვერ მოვიშორეთ. მულმა დამირეკა: მისმა შვილმა უნივერსიტეტში ჩააბარა, საერთო საცხოვრებელში ვერ მოხვდა, ბინის ქირაობა არ შეუძლია. მოკლედ „შეიძლება თქვენთან იცხოვროს?“ ეს კითხვაც არ იყო. უბრალოდ ფაქტის წინაშე დაგვაყენეს. ვუპასუხეთ: „არა, არ შეიძლება“. რას ფიქრობთ? მაინც ჩამოვიდა და თითქმის 6 თვე გაჩერდა. უკვე 7 თვის ორსული ვიყავი და ბავშვის ოთახიც არ გვქონდა, იქ მულიშვილი ცხოვრობდა. უფრო მეტიც, მეგობრებს პატიჟებდა, ღამით მის (ჩვენს) ოთახში „ერთობოდნენ“. ხმამაღლა. მე და ჩემს მეუღლეს დაძინება არ შეგვეძლო. არაფერს ვამბობ, რომ ვაჭმევდით, სახარჯავ ფულს ვაძლევდით და ა.შ. მოთმინება აივსო: ქმარმა დას დაურეკა და ამ საკითხის დროულად მოგვარება მოსთხოვა. „ეს საერთოდ არ მეხება, ჩემი შვილი თქვენთან ცხოვრობს, თავად მოაგვარეთ“ – უპასუხა დამ.

გადაწყვეტილება სწრაფად მივიღეთ: სახლის გაყიდვა და სხვაგან გადასვლა. ნათესავები არ მოგვეშვებიან. ქმარი დისშვილს დაელაპარაკა, უთხრა, რომ სახლს ვყიდით. გაუკვირდა და „წამოიწია“ კიდეც. როგორ ვბედავთ, რომ საწყალ ბავშვს ვაგდებთ. ერთი წამით, 20 წლისაა და არსად მუშაობს. მასზე მხოლოდ 5 წლით უფროსი ვარ. უძრავი ქონების აგენტს მივმართეთ, რომ საქმე დროულად მოგვარებულიყო. სხვათა შორის, სახლის ბინაზე გადაცვლა გადავწყვიტეთ. ამის რამდენიმე მიზეზი გვქონდა:

  • ბოსტანი და სოფლის სიმშვიდე მოგვბეზრდა.
  • გვინდოდა ცხოვრების ახალი გვერდიდან დაწყება, რომელიც ძველისგან რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა.
  • ბავშვს სჭირდება საბავშვო ბაღი, სკოლა სახლთან ახლოს. სოფელში განათლება ისეთი არაა, როგორც ქალაქში.

შესაფერისი ბინა ვიპოვეთ. ქმარი მის სანახავად წავიდა, თავად უკვე საავადმყოფოში ნაყოფის შენარჩუნებაზე ვიწექი. ყველა უპირატესობის ჩამოწერას არ დავიწყებ, რადგან ეს ინდივიდუალური საკითხია. სახლი კარგ ფასად გავყიდეთ. ჩვენ გვქონდა ლამაზი შემოღობილი ნაკვეთი ფანჩატურით, ფილების ბილიკით, ხელოვნური გაზონით და ფანრებით, ამიტომ ფასი ოდნავ მაღალი იყო. ოროთახიანი ბინა ვიყიდეთ, დარჩენილი ფულით რემონტი გავაკეთეთ. როცა ბინა პირველად დავინახე, მივხვდი, რომ აქ ცხოვრება მინდოდა.

„ურცხვი ნაგავი“ – ეს უკვე საავადმყოფოდან გამოწერისას დედამთილისგან გავიგონე. ჩვენი ახალი მისამართი არ ვუთხარით. ქმართან ურთიერთობა არ აქვთ, ისიც არ ურეკავს. ახალგაზრდობიდანვე მათთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, ხოლო კამათის შემდეგ უფრო გაუარესდა. ვნანობ ნათქვამს და გაკეთებულს? არა. ვთქვი ის, რასაც ვფიქრობდი, და გადაწყვეტილებას არ შევცვლიდი.“