თუ ოთახის ჰიბისკუსს ზრდით, აუცილებლად დაიცავით ბალანსი და ყველა რეკომენდაცია, რომელიც ადგილმდებარეობას, ნიადაგს, ქოთანს, მორწყვას და ტემპერატურის რეჟიმს ეხება. ასე ჩინური ვარდის აყვავებას შეძლებთ. ერთი არასწორი ნაბიჯი და ზაფხულში კოკრების გაშლის იმედი შეგიძლიათ აღარ გქონდეთ. Vivien გთავაზობთ სპეციალისტების საუკეთესო რეკომენდაციებს. ამ რჩევებით შეიარაღდით, რომ მთელი ზაფხული ჰიბისკუსის დიდებული და უხვი ყვავილობით დატკბეთ.
ოქროს რჩევები, როგორ აიძულოთ ჩინურ ვარდს აყვავება
ქოთანი და ნიადაგი – თუ ოთახის ჰიბისკუსს კაშკაშა მწვანე ფოთოლი უკვე აქვს, მაგრამ კოკრებს არ შლის, მის ქოთანს ყურადღება მიაქციეთ. უფრო პატარა ქოთანში გადარგეთ. ასე ფესვები თავს ვიწროდ იგრძნობს და ჩინური ვარდი აყვავდება. გახსოვდეთ, ქოთანში უნდა ჩაყაროთ ნაყოფიერი მიწა თიხის ნაწილებით. მიწის შემადგენლობაში ნახშირის ნაფშვენის წყალობით სუბსტრატის ბალანსი შენარჩუნდება, რაც ჰიბისკუსის კოკრების გაშლაზე დადებითად აისახება.
მორწყვის რეჟიმი – მცენარე რეგულარულად მორწყეთ, რომ მისი სილამაზე არ გააფუჭოთ. გამოგადგებათ რბილი წყალი, რომელიც ადუღებისას ნაქაფს არ ტოვებს. ოთახის ტემპერატურაზე დიდხანს გააჩერეთ. წყალში ქლორის კვალი არ უნდა იყოს. ზამთარში მცენარეს აქტიური მორწყვა არ სჭირდება. ამან არააქტიური ფესვების ლპობა შეიძლება გამოიწვიოს. ჩინური ვარდი თებერვლის ბოლოს უფრო ხშირად მორწყეთ, თანდათან ტემპი გაზარდეთ. ზაფხულში უხვად მორწყვა და ფოთლების დანამვა სჭირდება.
ტემპერატურის რეჟიმი და განათება – მცენარე ზამთარში მაქსიმუმ 15 გრადუს ტემპერატურაზე უნდა გააჩეროთ. ასე ზაფხულში ფერადი ყვავილებით გაგახარებთ. ზამთარში სითბოში არ უნდა გააჩეროთ, მაგრამ კარგი განათება აუცილებლად სჭირდება. მზის პირდაპირ სხივებს და ბნელ ოთახს მოარიდეთ. ოქროს შუალედი იპოვეთ.
ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციების დაცვით სასურველ შედეგს მიიღებთ. ჩინური ვარდი ამ ზაფხულს აქტიურად აყვავდება და ლამაზი გაშლილი კოკრებით გაგახარებთ.