9 პუნქტი, რით განსხვავდება ჩვეულებრივი შვეიცარიული სკოლა ჩვენისგან

294

ახლო მეგობარმა გარისკა და მშვენიერ შვეიცარიაში საცხოვრებლად გადავიდა. წელს მისი ქალიშვილი პირველ კლასში შევიდა, ხოლო უფროსი ვაჟი უკვე მეხუთეშია. აღმოჩნდა, რომ შვეიცარიული სკოლა ჩვენისგან დიდად განსხვავდება. მისი ნაამბობი ყოველ ჯერზე მაოცებს. ჩვენი სკოლის წლები მახსენდება და ვხვდები: ცა და დედამიწააა. ნუთუ ასე შეიძლება იყოს? შვეიცარიული სკოლა ის ადგილია, სადაც ბავშვებს წასვლა სურთ. მეგობრის თქმით, იქ ყველა ბედნიერია და მუდმივი სტრესი არ აწუხებთ. Vivien განათლების სისტემის მთავარ განსხვავებებზე გიამბობთ.

შვეიცარიული სკოლა: 9 მთავარი განსხვავება

  1. გაკვეთილების ხანგრძლივობა – სკოლის წლებში სტანდარტული 45 წუთი უმოწყალოდ გრძელი გვეჩვენებოდა. შვეიცარიაში გაკვეთილი საათნახევარი გრძელდება. უფრო გრძელია, ვიდრე უნივერსიტეტში. გაკვეთილებს შორის 20 წუთი შესვენებაა, რომლის დროსაც ბავშვები ყოველთვის გარეთ არიან. კალათბურთს, ფეხბურთს, წრეში ბურთს, მაგიდის ჩოგბურთს თამაშობენ. მასწავლებლები თამაშში ხშირად ერთვებიან. ბავშვს, რომელიც შესვენებაზე არ დარბის, სავარაუდოდ, ექიმთან წაიყვანენ. ამის წარმოდგენა რთულია, რადგან ჩვენს სკოლებში სირბილი მკაცრად აკრძალულია.
  2. სასადილო შესვენება – დღემდე მახსოვს, როგორი მოკლე მეჩვენებოდა ყველაზე გრძელი შესვენება, როცა სადილობა შემეძლო. ვერაფერს ვასწრებდი. დარჩენილ საკვებს ნაჩქარევად პირში ვიტენიდი ან გაკვეთილზე ვაგვიანებდი. შვეიცარიაში სასადილო შესვენება ზუსტად 2 საათი გრძელდება. ბავშვი სკოლაში აუჩქარებლად ჭამს ან სასადილოდ სახლში ბრუნდება.
  3. მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის მიმოწერა – შვეიცარიელები თვლიან, რომ წერილობითი ფორმით აზრის სწორად ჩამოყალიბება გაქრობის პირასაა. სწორედ ამიტომ, სკოლაში სპეციალური ფოსტა აქვთ. თითოეული მოსწავლე მასწავლებელს წერილს სწერს, ისიც პასუხობს. იდეა აღფრთოვანებით მიიღეს. თანამედროვე ბავშვებს ასეთი მიმოწერა მოსწონთ.
  4. სიტყვების კარნახი – ჩვენთან ასეთი საქმე მოსწავლეებს ანერვიულებს. იქნებ არასწორად გაიგონა? შვეიცარიაში მასწავლებელი სიტყვებს არ კარნახობს. მოსწავლეებს აძლევენ ნახატებს, რომლის ქვეშაც სიტყვები უნდა დაწეროთ. გენიალურია, ასეა? ბავშვები არა მხოლოდ სიტყვებს სწავლობენ, არამედ მის მნიშვნელობასაც იგებენ.
  5. პრეზენტაციები – შვეიცარიულ სკოლაში პრეზენტაცია PowerPoint–ში აწყობილი მინი ფილმის ფონზე ტექსტის მოსაწყენი კითხვა არაა. ბავშვები ირჩევენ მუსიკას, შეიძლება კოსტიუმები ჩაიცვან და რეკვიზიტები გამოიყენონ. მოცემულ თემაზე რაღაც სპექტაკლის მსგავსი გამოდის. დაგვეთანხმეთ, ამის ყურება უფრო საინტერესოა, ვიდრე მოსაწყენი სლაიდების.
  6. სწორი გადაწყვეტილება არ არსებობს – ჩვენთან განათლება ეფუძნება პრინციპს, რომ მოსწავლეებს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება აუხსნან. ეს გვხვდება როგორც ზუსტი მეცნიერების, ასევე ჰუმანიტარული საგნების შესწავლისას. ზოგჯერ სასაცილოც არის. არგუმენტირებული წერის დროსაც მოსწავლეს არასწორი დასკვნების გამოტანის გამო ქულა შეიძლება დააკლონ. შვეიცარიაში ბავშვებს აუცილებელ ცოდნას აძლევენ, მაგრამ არ უმარტავენ, როგორ ამოხსნან ამოცანა. ასე მოსწავლეები ამოცანას ისე ხსნიან, როგორც სურთ. ასეთი მიდგომა შესაფერისი მეთოდის არჩევის შესაძლებლობას იძლევა და დამოუკიდებლად აზროვნებას ავითარებს.
  7. შეეხე და სცადე – სამყაროს შესწავლა უფრო თვალსაჩინოდ ხდება. მარცვლეულის დეგუსტაცია, ქარხანაში წასვლა, ექსკურსიები. როგორ შეისწავლონ ადგილობრივი გეოგრაფია მისი მონახულების გარეშე? შეგიძლიათ მდინარეს დახედოთ, მთაზე მცენარეულობა შეაფასოთ, მეზობელი მთის ფლორას შეადაროთ. ნათელი და საინტერესოა.
  8. შეცდომები წარმატების გზაა – ჩვენს სკოლაში შეცდომებს მკაცრად სჯიან. ქულას აკლებენ, გაკვეთილის შემდეგ ტოვებენ, დამატებით ამოცანას აძლევენ. ასე იზრდება ადამიანი, რომელსაც შეცდომის დაშვების პანიკურად ეშინია. მოგვიანებით ცდასაც ვეღარ ბედავს. შვეიცარიაში მასწავლებელი განმარტავს, რომ შეცდომის დაშვება ცუდი არაა. ცხოვრებისეულ მაგალითებსაც ჰყვება, როცა შეცდომამ წარმატება გამოიწვია.
  9. ექიმის ცნობა – ეს დოკუმენტი საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ბავშვი სკოლას 2 კვირაზე დიდხანს აცდენს. სხვა შემთხვევაში, ყველა გამოტოვებული გაკვეთილი სახლში უნდა შესრულდეს.

ამა თუ იმ ფორმის განათლების სისტემის ეფექტურობაზე დიდხანს შეგვიძლია ვიკამათოთ, მაგრამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას: შვეიცარიაში არა მხოლოდ ცოდნის დონეზე, არამედ ბავშვის მენტალურ ჯანმრთელობასა და მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც ზრუნავენ.