დიდებული პეტუნია ზაფხულის ერთ–ერთი ულამაზესი ყვავილია. საოცრად ბევრი ფერი და ფორმა, მსხვილი ყვავილები აქვს. პეტუნია თავისი სიფერადით ყველგან გვახარებს: კლუმბში, ქოთანში, ბაღში, აივანზე თუ სახლში. როგორც წესი, ივლისის ბოლომდე ყვავილობს, მაგრამ Vivien გიზიარებთ მეთოდს, რომლის დახმარებით პეტუნიას ყვავილობას აგვისტოში გააგრძელებთ.
რატომ წყვეტს პეტუნია ყვავილობას – რა თქმა უნდა, ეს პეტუნიას ჯიშზეა დამოკიდებული. მას ბევრი ჯიში აქვს. ზოგიერთი სახეობა კლუმბისთვის არის განკუთვნილი, სხვა – აივნისა და ტერასისთვის, მესამე – სახლისა და ბინისთვის. აივანზე აყვავებული პეტუნია საოცრად გამოიყურება. ივლისის ბოლოს ყვავილობა მცირდება ან საერთოდ წყდება. ამ დროს ყვავილის ნაცვლად თესლის კოლოფებს ავითარებს. თუ პროცესს არ გააჩერებთ, ყვავილებს ვერ მიიღებთ.
როგორ გავახანგრძლივოთ პეტუნიას ყვავილობა – როგორც კი შეამჩნევთ, რომ ყვავილები შემცირდა, მაშინვე გადაჭერით. ტოტების გადაჭრა არ დაგენანოთ, რადგან პეტუნია სწრაფად გაიზრდება და მალე გვერდითა ყლორტები თავს წამოყოფს. ყვავილობა ასე გააგრძელეთ:
- გადაჭერით, ქოთანში მიწის დონიდან დაახლოებით 20-25 სმ დატოვეთ.
- მაშინვე გამოკვებეთ. ყვავილების მაღაზიაში ძაღლყურძენასებრთა ოჯახის მცენარეებისთვის კალიუმის და ფოსფორის სპეციალური ნარევი შეიძინეთ.
- მნიშვნელოვანია, რომ სასუქის მიწოდებამდე მიწა გააფხვიეროთ, ასე ფესვები მაქსიმალურად გამოკვებას შეძლებს.
- როგორც კი გვერდითა ყლორტების გაზრდა დაიწყება (როგორც წესი, ერთ კვირაში), კვლავ გამოკვებეთ, 10 დღეში პროცედურა გაიმეორეთ.
- ძალიან მალე პეტუნია მსხვილი ყვავილებით აყვავილდება და გვერდითა ტოტების გამო უფრო გაშლილი გამოჩნდება.
სასარგებლო რჩევები პეტუნიას ყვავილობის გასაგრძელებლად – გიზიარებთ კიდევ რამდენიმე სასარგებლო რჩევას.
- ყვავილებს ბევრი მზე უყვარს, რეგულარულად მორწყეთ (დილას და საღამოს, როცა პირდაპირი მზე არაა).
- ზაფხულის დასაწყისში ზედა ყლორტები რამდენიმე სანტიმეტრით რეგულარულად გადაჭერით, ასე ბევრ გვერდითა ყლორტს მიიღებთ და პეტუნია უფრო დიდებული გამოჩნდება.
- როგორც კი დამჭკნარ ყვავილს დაინახავთ, მაშინვე მოაშორეთ, რადგან მასში თესლის კოლოფების ფორმირება იწყება.
ესეც ასე! დიდებული პეტუნის ყვავილობით აცივებამდე ისიამოვნეთ!