მეხანძრე მეგობარი ვინიცაში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, მისი მონაყოლი სულისშემძვრელია

479

უკრაინის ქალაქი ვინიცა გლოვობს. 2022 წლის 14 ივლისს, დაახლოებით დილის 11 საათზე ქალაქში 3 საშინელი აფეთქება მოხდა. ჩემი უკრაინელი მეგობარი ამ დროს ოთახში მაგიდასთან იჯდა და მუშაობდა. აფეთქების ეპიცენტრიდან სულ რაღაც 500 მეტრში იყო.მინდა გიამბოთ იმ ტრაგედიაზე, რომელიც უკრაინის ერთ–ერთ ყველაზე კომფორტულ და უსაფრთხო ქალაქში მოხდა. დაე, ამ ისტორიამ კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, ვინ არის დამნაშავე, რომ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება. თითქმის ყველა ფოტო, რომელსაც ამ სტატიაში ნახავთ, ვინიცელმა ფოტოგრაფმა, ოლგა მიროშნიჩენკომ გადაიღო.

ვინიცა ახლა – „როცა ჩემს სახლთან ახლოს 3 ძლიერი აფეთქება მოხდა, სამუშაო მაგიდასთან ვიჯექი და ვმუშაობდი. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. თავიდან გუგუნი გავიგონე, თითქოს ცაში თვითმფრინავი დაფრინავდა. ყველაფერი წამებში მოხდა, ხმა გაძლიერდა. შემდეგ მოხდა ის, რისიც ასე ძალიან მეშინოდა.რუსულ მედიაში ამას ცინიკურად ფოიერვერკს უწოდებენ. მე გამანადგურებელ ჭექა–ქუხილის მსგავს აფეთქებას შევესწარი. ბევრ მედიაში წერენ, რომ მხოლოდ 2 აფეთქება იყო, მაგრამ 3 აფეთქება ზედიზედ მოხდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ყველაფერი ჩემს თვალწინ მოხდა. მაშინ დერეფანში გავედი, სადაც საჰაერო განგაშის დროს უნდა ვყოფილიყავი. მაგრამ ჩემს ვინიცაში უსაფრთხოების განცდას მიჩვეული ვარ. როგორც ბევრ სხვა მშვიდობიან მოქალაქეს წარმოდგენა არ მქონდა, რომ ჩემს ქალაქში ასეთი მასშტაბური ტრაგედია მოხდებოდა.

რა მოხდა ვინიცაში – რუსეთმა უკრაინაში 10 რაკეტა ისროლა. მათგან რამდენიმე „კალიბრის“ კლასის რაკეტამ მიზანს მიაღწია. ეს სპეციალური შორსმოქმედი იარაღია, რომელიც ლანდშაფტებს გვერდს უვლის და მკაცრად კოორდინატებისკენ მიიწევს. ანტისარაკეტო სისტემას მის წინააღმდეგ მუშაობა უკიდურესად უჭირს. ამის მიუხედავად, ვინიცის თავზე მთელი 4 რაკეტის ჩამოგდება მოახერხეს. თითოეული ეს რაკეტა თითქმის 2 ტონას იწონის. დღემდე გონზე ვერ მოვდივარ, როგორ შეიძლება მსგავსი რამ მომხდარიყო. უაზრო ტრაგედიამ 23 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვია. ფოტოზე ხედავთ 4 წლის ულამაზეს ლიზას და მის დედას. 14 ივლისს ისინი გასავითარებელ წრეზე მიდიოდნენ, როცა აფეთქება მოხდა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.117 ადამიანმა სამედიცინო დახმარებას მიმართა. მათგან მინიმუმ ნახევარი მძიმე მდგომარეობაშია. კიდევ 18 ადამიანი დაკარგულია. მონაცემები მუდმივად იცვლება, რადგან მაშველები ნანგრევების გაწმენდას აგრძელებენ. რუსული რაკეტები მასობრივი ღონისძიებების შენობაში მოხვდა. მას ოფიცერთა სახლს ვუწოდებთ. აქ საყვარელი უკრაინელი შემსრულებლების კონცერტზე ხშირად დავდიოდი. ამ შენობაში ცეკვის გაკვეთილები და სხვადასხვა საბავშვო წრეები ტარდებოდა. პირველ სართულზე პრივატბანკის ფილიალი იყო.კიდევ ერთი რაკეტა მეზობელ შენობას, ადგილობრივ საოფისე შენობას მოხვდა. ვინიცილები მას ყოველდღიურობის სახლს უწოდებენ. აქ ხშირად დავდიოდი ფოტოების დასაბეჭდად ან რაღაცის გასასწორებლად. საბჭოთა კავშირის პერიოდში პირველი ცხრასართულიანი შენობა იყო, რომელიც ბეტონისა და მინისგან ააშენეს. ახლა ეს სახლი დანგრეულია.

სარაკეტო თავდასხმის შედეგები – ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქებით 50–ზე მეტი შენობა დაზიანდა. ჩემს სახლში ზოგიერთი მეზობლის ბინაში ფანჯრები ჩაიმსხვრა. უბრალოდ წარმოუდგენელი ძალის ტალღა იყო! გარდა ამისა, საავადმყოფო „ნეირომედი“ მთლიანად დაიწვა. ის „იუვილეინის“ პირველ სართულზე მდებარეობდა. აფეთქების დროს გაჩერებული 50 მანქანა განადგურდა. არიან ადამიანები, რომლებიც მათში ცოცხლად დაიწვნენ.ეს მხოლოდ ახალი ამბების მიმოხილვა არაა. ეს ნამდვილი ტრაგედიაა, რომლის მსხვერპლი შეიძლება ვყოფილიყავი მე, ჩემი ნათესავები და მეგობრები. მედია ბევრ რამეზე არ საუბრობს, შედეგების მასშტაბები გაცილებით სერიოზულია. ჩემი მეგობარი მეხანძრე მთელი დღე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და მისი მონაყოლი სულისშემძვრელია.აფეთქებული შენობები სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტებია. სამხედროებს საერთოდ არ ეკუთვნის, თუმცა რუსი პროპაგანდისტები ასე არ ფიქრობენ. აფეთქების შემდეგ ერთ–ერთმა მათგანმა გამოაქვეყნა ჩემი ქალაქის ფოტო და დაწერა, რომ გაისინში სამხედრო ნაწილი განადგურებულია. ეს რეგიონალური ცენტრია, რომელიც ვინიციდან თითქმის 100 კმ–ში მდებარეობს.

მეორე პროპაგანდისტმა თქვა, რომ ოფიცერთა სახლში სამხედროები ცხოვრობდნენ. ეს ტყუილია! იმ საღამოს უკრაინელი შემსრულებლის ROXOLANA–ს კონცერტი უნდა გამართულიყო. ინციდენტის შემდეგ მომღერალმა განაცხადა, რომ მისი გუნდის ერთ–ერთი წევრი გარდაიცვალა.სანამ რუსები ცრუ კონტენტს კითხულობენ და სჯერათ ყველაფრის, რასაც მათი კერპები ამბობენ, უკრაინაში ყოველდღე მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან. მე უსაფრთხო ვინიცაში ვცხოვრობდი და მჯეროდა, რომ ასეთი დარჩებოდა. ახლა მესმის, რომ ომის პირობებში უსაფრთხოება ილუზიაა.

დღეს უკრაინაში უსაფრთხო ადგილი არაა. დღეს ცოცხალი ვარ მხოლოდ იმიტომ, რომ გამიმართლა, რომ რუსულმა რაკეტმა არ მომკლა. დღეს ვინიცაში ყველა გლოვობს.“