
სულ უფრო ხშირად გვეჩვენება, რომ დღე მოკლდება, მაგრამ ასე არაა. ყოველდღე იქმნება გაუთვალისწინებელი სიტუაციები, რომლებიც ძვირფას დროს გვართმევს. დღის ბოლოს ყველა მნიშვნელოვან საქმეს ვერ ვასრულებთ და ვფიქრობთ, რომ დღემ უაზროდ ჩაიარა. ამას ნაწილობრივ სოციალური ქსელები და ბევრი ინფორმაცია იწვევს. ისინი ნამდვილად მნიშვნელოვანი ამოცანიდან ყურადღებას გვიფანტავს. Vivien გიამბობთ, როგორ დაგეგმოთ დღე, რომ ყველაფერი მოასწროთ და სამუშაო დღის ბოლოს თავი გაწურული ლიმონივით არ იგრძნოთ.
ამოცანების სია – დასაგეგმად ნებისმიერი რამ გამოგადგებათ, რაც თქვენთვის მოსახერხებელია. მაგალითად, აპლიკაცია სმარტფონში ან ჩვეულებრივი ბლოკნოტი. აპლიკაცია კარგია იმით, რომ მნიშვნელოვან საქმეებს შეგახსენებთ და ნამდვილად არ დაგავიწყდებათ. როცა ადამიანი ხელით წერს, კონცენტრირებულია იმაზე, რასაც წერს, ამოცანას ნათლად აყალიბებს. მნიშვნელოვანია, რომ დღის დაგეგმვა გსიამოვნებდეთ და დადებით ემოციებს იწვევდეს. რაც შეიძლება მეტი საქმე რომ შეასრულოთ, ამოცანები მნიშვნელოვან და მეორეხარისხოვნად დაყავით. ასე დროს ტყუილად არ დახარჯავთ და დღეს ნაყოფიერად გაატარებთ. არა მხოლოდ საქმე, არამედ შესრულების სავარაუდო დრო დაგეგმეთ. დღის სავარაუდო გეგმა საღამოს შეადგინეთ. დილით სია შეგიძლიათ გააფართოვოთ ან უფრო დეტალური გახადოთ. დილით სიჩქარეში ბევრი რამ შეიძლება დაგავიწყდეთ, ხოლო საღამოს გეგმის შედგენაში ხელს არავინ შეგიშლით.
ამოცანა რამდენიმე ნაწილად დაყავით – დიდ პროექტებთან მიახლოებაც გვაშინებს. თუ მათ რამდენიმე პატარა საქმედ დაყოფთ, უფრო მარტივად შეასრულებთ. მაგალითად, თუ დიპლომი უნდა დაწეროთ, მაგრამ არ იცით, რით დაიწყოთ, ძირითადი საკითხები მონიშნეთ, რომლებიც ანგარიშში განხილული იქნება. მნიშვნელოვანია, ამოცანა მკაფიოდ ჩამოაყალიბოთ და ბლოკნოტში უბრალოდ არ ჩაწეროთ „დიპლომის წერის დაწყება“. უმჯობესია: შესავლის დაწერა და აუცილებელი ლიტერატურის მოძიება, პირველი თავის დაწერა და ა.შ. თითოეული ამოცანა პატარა საქმედ დაყავით, სანამ არ გამარტივდება.
ნაკლები ვადები – სიას გონივრულად გადახედეთ. პატარა სიით დაიწყეთ. დღის ბოლოს გადახაზეთ ყველა პუნქტი, რომელიც შეასრულეთ. ასე მიხვდებით, რომ კიდევ ერთი რამისთვის დრო გრჩებათ და სიას დაუმატეთ. ყველაფრის ერთდროულად გაკეთება შეუძლებელია და აუცილებელი არცაა. რაღაც ერთზე კონცენტრირდით, დანარჩენი საქმე შემდეგისთვის გადადეთ ან ვინმეს ანდეთ. როცა ადამიანი საქმეების გრძელ სიას და ვადებს თავად ადგენს, რომ პროდუქტიული იყოს, მუდმივად სტრესში იმყოფება. გვეჩვენება, რომ მნიშვნელოვანი საქმეები არასდროს მთავრდება და ვერაფერს ვასწრებთ.
პატარა საქმეები დაგეგმეთ – ზოგჯერ ხუთწუთიანი საქმე სჯობს მაშინვე შეასრულოთ. შეიძლება ისე მოხდეს, რომ რამდენიმე პატარა საქმემ მნიშვნელოვანი და საჭირო ამოცანის შესასრულებლად დრო წაგართვათ. მოცულობითი მნიშვნელოვანი ამოცანები პატარა ამოცანებად დაყავით, რომ არ დაგავიწყდეთ და გაწეულ სამუშაოზე წარმოდგენა შეგექმნათ.
შეაჯამეთ – გასული დღის შეჯამება მომდევნო დღის მოქმედების მიმართულებას მოგცემთ. შესრულებული სამუშაოს აღნიშვნით, ადამიანი შვებას გრძნობს. ასევე შეუძლია დაასკვნას, რამდენად მნიშვნელოვანი და სწორი იყო დასახული ამოცანები. ასე გაიგებთ, რისი გამოსწორება შეიძლება ან რისკენ უნდა ისწრაფვოდეთ მომავალში.
რედაქციის რჩევა – „დრო ფულია“ – ეს ფრაზა ეკუთვნის საპნის მწარმოებლის შვილს, მამაკაცს, რომელიც ასდოლარიან კუპიურაზეა გამოსახული, ბენჯამინ ფრანკლინს. ის აშშ–ს ერთ–ერთი მამა–დამფუძნებელია და დროს ყოველთვის აფასებდა. ფრანკლინმა თავისთვის დროის ორგანიზაციის სისტემა შექმნა, რომელსაც „ფრანკლინის პირამიდა“ უწოდეს. პირამიდის გულშია ძირითადი ცხოვრებისეული ღირებულებები, ზემოთ – გლობალური მიზნები, შემდეგ გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნები, წვერში – დღის გეგმა. ის, თუ როგორ მომავალს ხედავდა ფრანკლინიკი, დღის გეგმაზე იყო დამოკიდებული. ამრიგად, ბენჯამინ ფრანკლინი გლობალური მიზნისკენ პატარა ნაბიჯებით მიიწევდა. თქვენ როგორ ადგენთ დღის გეგმას?

