ნატურალურ ინგრედიენტებს ვურევ, რომ მივიღო დეოდორანტი ქიმიკატების გარეშე

693

დღეს მაღაზიებში დეოდორანტების და ანტიპერსპირანტების ფართო არჩევანია. ყველა დეოდორანტი ეფექტური და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო არაა, რადგან პარაბენებს და ალუმინის მარილებს შეიცავს. ამერიკელმა მეცნიერებმა კვლევაზე დაყრდნობით დაასკვნეს, რომ დეოდორანტები ჰაერს ისე აბინძურებს, როგორც გამონაბოლქვი აირი, ეკოლოგიას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს. საბედნიეროდ, ალტერნატივა არსებობს, უბრალოდ შეფუთვაზე შემადგენლობა ყურადღებით უნდა წაიკითხოთ. ნატურალური დეოდორანტი მავნე მინარევების გარეშე თავად შეგიძლიათ გააკეთოთ და პროდუქტის ხარისხზე არ იდარდოთ.

დეოდორანტის მთვარი ამოცანა იღლიებში უსიამოვნო სუნის ბლოკირებაა. ანტიპერსპირანტებს ოფლიანობის შესამცირებლად იყენებენ, ხოლო უსიამოვნო სუნის არარსებობა სასიამოვნო გვერდითი ეფექტია. თუ ერთხელ მაინც გინახავთ ცნობილი ანტიპერსპირანტის რეკლამა, სადაც ადამიანი მთებში დარბის, ხოლო მისი მაისური მშრალია და სუნი არ აქვს, იცოდეთ, რომ ეს ჯანმრთელობისთვის ცუდია. დერმატოლოგები გირჩევენ, რომ ვარჯიშამდე ანტიპერსპირანტი არ გამოიყენოთ, რადგან ის საოფლე ჯირკვლებს ბლოკავს და სხეულს ბუნებრივად გაგრილებაში ხელს უშლის. შედეგად, ორგანიზმი ხურდება. ვარჯიშამდე სჯობს არაფერი წაისვათ. თუ უსიამოვნო სუნზე ნერვიულობთ, ვარჯიშამდე შხაპი მიიღეთ და დეოდორანტი, სჯობს ნატურალური, გამოიყენეთ.მაღაზიებში დეოდორანტის პოვნა რთულია. ყველგან მხოლოდ ანტიპერსპირანტებია, რადგან არავის სურს სველი იღლიებით სიარული, თუნდაც სასიამოვნო სუნი ასდიოდეს. სხვათა შორის, ქალის და კაცის ამ ჰიგიენური საშუალების შემადგენლობა მხოლოდ სუნით განსხვავდება.

ალუნიტი – ეკო მაღაზიებში შეგიძლიათ იპოვოთ კრისტალი ალუნიტი, რომელიც დეოდორანტად გამოიყენება. ალუნიტს სუნი არ აქვს. კრისტალს ანტიბაქტერიული და დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, უსიამოვნო სუნს და სიწითლეს აქრობს. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, ალუნიტი დეოდორანტად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ალერგიას არ იწვევს. გაპარსვის შემდეგ ან კოღოს ნაკბენზე დამამშვიდებელ ლოსიონადაც იყენებენ. ერთი კრისტალი მთელი წელი ყოველდღიური გამოყენებისთვის საკმარისია. ალუნიტი შხაპის შემდეგ სუფთა სველ კანზე წაისვით.

ნატურალური დეოდორანტი – ხელნაკეთი დეოდორანტის მთავარი ინგრედიენტი, რომელიც იღლიებში უსიამოვნო სუნს აქრობს, სოდაა. ის ბაქტერიების გამრავლებას ხელს უშლის და უსიამოვნო სუნს ანეიტრალებს. დამატენიანებელ კომპონენტად შეგიძლიათ გამოიყენოთ ქოქოსის კარაქი, ალოეს წვენი, რომელიც გაღიზიანებას აქრობს და კანს არბილებს. სასიამოვნო არომატისთვის ეთერზეთი გამოიყენეთ. დეოდორანტმა სითხე რომ შეიწოვოს, სახამებელი ან თეთრი თიხა დაუმატეთ.

დეოდორანტი სოდით – 3 ს/კ ქოქოსის კარაქი, 2 ს/კ სოდა და 3 ს/კ სიმინდის სახამებელი ჭურჭელში (ლითონის არ უნდა იყოს) აურიეთ. 10 წვეთი ჩაის ხის ზეთი და 4 წვეთი როზმარინის ეთერზეთი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ და მშრალი დეოდორანტის ცარიელ სუფთა ფორმაში გადაიტანეთ. მაცივარში მთელი ღამით შეინახეთ, რომ გამაგრდეს. დილით დეოდორანტი მზად იქნება. გრილ ადგილას, მაცივარში შეინახეთ, რადგან სითბოში ქოქოსის კარაქი სწრაფად დნება.

დეოდორანტი ფუტკრის ცვილით – ფუტკრის ცვილი კარგი ანტისეპტიკური საშუალებაა. ფუტკის ცვილზე დაფუძნებული დეოდორანტი არ დნება. 1,5 ს/კ ნატურალური ფუტკრის ცვილი და 2 ს/კ  ქოქოსის კარაქი აურიეთ. 15 წვეთი როზმარინის ეთერზეთი, 25 წვეთი ლავანდის ზეთი და 3 წვეთი აბუსალათინის ზეთი დაუმატეთ. ინგრედიენტები წყლის ორთქლზე გაადნეთ და აურიეთ. საშუალება დეოდორანტის ფორმაში ან კრემის ცარიელ ქილაში ჩაასხით. 6-8 საათით მაცივარში შეინახეთ.

ციტრუსის დეოდორანტი – 3 ლიმონის და 3 ფორთოხლის ქერქი მსხვილ სახეხზე გახეხეთ ან დანით წვრილად დაჭერით. 1 ლ წყალი აადუღეთ და დაქუცმაცებული ქერქი 30 წუთით ცხელ წყალში ჩაალბეთ. 200 გ ზღვის მარილი დაუმატეთ. აურიეთ და ლოსიონის ცარიელ ბოთლში ან სპრეი ბოთლში ჩაასხით. მაცივარში 2-3 კვირამდე შეგიძლიათ შეინახოთ.

ტანის ლოსიონი მუხის ქერქით – აფთიაქში შეგიძლიათ შეფუთვა მუხის ქერქი შეიძინოთ. მის ბაზაზე ლოსიონი მოამზადეთ, რომელიც ხანგრძლივი გამოყენებისას ჭარბ ოფლიანობას ებრძვის და გაღიზიანებას არ იწვევს. 2 ს/კ მუხის ქერქს 250 მლ მდუღარე წყალი დაასხით. 30 წუთით გააჩერეთ, შემდეგ 2 ს/კ ლიმონის წვენი დაუმატეთ და სუფთა ფლაკონში გადაასხით. ლოსიონი მაცივარში 14 დღე შეინახეთ. დეოდორანტი მუხის ქერქით შეგიძლიათ გამოიყენოთ მთელ სხეულზე, სადაც ოფლიანობა გაწუხებთ.

რედაქციის რჩევა – ნებისმიერი ნატურალური დეოდორანტის გამოყენებამდე ინგრედიენტებზე მგრძნობელობის ტესტი ჩაიტარეთ. ასე ალერგიულ რეაქციას თავიდან აიცილებთ. ზოგჯერ ოფლის უსიამოვნო სუნი ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბრობს. უსიამოვნო სუნის გასაქრობად ბევრი წყალი და ბალახების ჩაი დალიეთ. კვება ოფლიანობასა და უსიამოვნო სუნზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს: სიცხეში ყავაზე, ხახვსა და ცხარე საკვებზე უარი თქვით, რომ ჭარბი ოფლიანობა არ გამოიწვიოთ.