მეცნიერების გუნდმა ჟურნალში Circulation ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, რეგულარული ფიზიკური აქტივობის მქონე ადამიანებს ჰიპერტონიის უფრო დაბალი რისკი აქვთ, თუნდაც დაბინძურებული ჰაერის მქონე რაიონში ცხოვრობდნენ.
რისკის და სარგებლის თანაფარდობა ჰაერის დაბინძურებასა და ფიზიკურ აქტივობას შორის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პრობლემაა, რადგან მთელ მსოფლიოში მოსახლეობის 91 %–ზე მეტი ისეთ რაიონებში ცხოვრობს, სადაც ჰაერის ხარისხი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს არ აკმაყოფილებს.
„ქალაქში სუფთა ჰაერზე აქტივობა დაბინძურებული ჰაერის მოხმარებას ზრდის, რამაც შეიძლება ჯანმრთელობაზე მისი გავლენა გაამწვავოს – ამბობს კვლევის ავტორი, დოქტორი სიან ციან ლაო. – „თუმცა ფიზიკური აქტივობა, თუნდაც არც თუ ისე სუფთა ჰაერზე, მნიშვნელოვანია მაღალი არტერიული წნევის პრევენციის კუთხით“.
მეცნიერებმა 140 ათასზე მეტი უფროსი ადამიანი შეისწავლეს ტაივანში. მათ ჰიპერტონული დაავადებები არ ჰქონდათ და მათზე დაკვირვება 5 წელი მიმდინარეობდა. როგორც გაირკვა, რეგულარული ფიზიკური აქტივობის სარგებელი ჰაერის დაბინძურების დონის მიუხედავად შენარჩუნდა. ზომიერი ფიზიკური აქტივობის მქონე ხალხს ჰიპერტონიის რისკი 4%–ით უფრო დაბალი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც სპორტით დაკავებული არ იყო. ხოლო აქტივობის მაღალი დონე რისკს 13%–ით ამცირებდა.