რატომ არ გვისმენს ბავშვი: მთავარი პრობლემა ბავშვთან ურთიერთობისას

1878

მშობლებისა და ბავშვების ურთიერთობაში ყოველთვის ჩნდება სირთულეები. ასე სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება, მათ შორის ყველაზე მთავარი კი ორივე მხარის განსხვავებული ინტერესებია. კონფლიქტის შედეგად, ბავშვი მოგისმენთ, მაგრამ არ გაიგებს და, როგორც წესი, მაინც არ მოიქცევა ისე, როგორც თქვენ გსურთ.

დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ბავშვი არ გისმენთ. ეს სიტუაცია ყველა მშობლისთვის ნაცნობი იქნება, თუმცა, მიზეზი მაინც სხვადასხვა შეიძლება იყოს. გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს.

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი არ გვისმენს

-“ხანდახან მგონია, რომ ჩემს ვაჟს საერთოდ არ ესმის. ქმართან ერთად სპეციალურ ცენტრშიც კი წავიყვანე, სადაც სმენა შევუმოწმეთ. იქ გვითხრეს, რომ დარღვევები არ აღინიშნება. თუმცა, როცა, მაგალითად, ფლოსტების ჩაცმას ვთხოვ და ვუხსნი, რა მოხდება, თუ ფეხშიშველი ირბენს და გაცივდება, მისთვის სულ ერთია. ვცდილობ ვასწავლო, რომ თამაშის შემდეგ სათამაშოები უნდა აალაგოს და ოთახშიც მუდამ წესრიგი ჰქონდეს, რომ მე არ მაწვალოს, მისთვის კი ამ სიტყვებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს…

მე ხომ ვიცი, რომ ბავშვებს ყველაფერი უნდა ავუხსნათ, ვესაუბროთ, მოვუყვეთ. თუმცა, მას ისიც კი არ უყვარს, როცა ზღაპრებს ვუკითხავ. არადა უკვე 3 წლისაა. როცა ბებიასთან და ბაბუასთან მიგვყავს – ყველაფერს უსმენს, აკეთებს ისე, როგორც ეუბნებიან. იქნებ, საქმე იმაშია, რომ ბაბუა ჯარისკაცი ჰყავს? გამოდის, ჩემი შვილი განვითარებით ჩამორჩება? შეიძლება მისი მკურნალობა?” – წერს ნატა.

-“უკვე ყელი მტკივა იმის ახსნისგან, როგორ უნდა მოიქცეს და რა გააკეთოს. თავს სათამაშო თუთიყუშად ვგრძნობ, რომელიც მუდამ ერთსა და იმავეს იმეორებს…

ჩემი ვაჟი უკვე მეოთხე კლასშია და დროა, გარკვეული პასუხისმგებლობა ჰქონდეს. მაგრამ, არა… მის კვალდაკვალ უნდა ვიარო, დავასრულო მის მიერ წამოწყებული ნებისმიერი საქმე და იმაზე ვისაუბრო, რომ მისი მთავარი დავალება ახლა – სწავლაა.” – ჩივის ელზა.

-“ვაჩვენე გაჭირვებული ადამიანები, ავუხსენი, რომ სწავლა აუცილებელია ნორმალური სამსახურის მისაღებად, სკოლის შეფასებები კი მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია… სამსახურის გარეშე ხომ ფული არ იქნება, გულის გარეშე ვერც დასასვენებლად წავა, ვერც კარგ ტანსაცმელს იყიდის და ვერც კარგ საჭმელს შეჭამს. ეს საუბრები უშედეგოა. იქნებ, რაღაცას არასწორად ვაკეთებ? ან იქნებ უბრალოდ ჯიუტია?” – წუხს იგივე ახალგაზრდა დედა.

-“მეჩვენება, რომ ახლა ყველა ბავშვი ერთნაირია, რუხი ნივთიერების მინიმალური ნარჩენით. თავში ნეირონული ქსოვილების ნაცვლად – სოციალური ქსელები აქვთ. ჩემი ნია ტელეფონში ჩარგავს თავს და ზის დივანზე, ფიქრობს, რომ არანაირი საზრუნავი ან მოვალეობა არ აქვს. მხოლოდ მაკიაჟს ისვამს და ტელეფონში იყურება.

მამამისი ბევრჯერ ესაუბრა, აუხსნა, რომ დედას უნდა დაეხმაროს, ის კი მის წინ დგას და თითებით ტელეფონს აწკაპუნებს. მამა გაუბრაზდა, ტელეფონი წაართვა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ნიამ მუშტებით შეუტია. შემდეგ სახლიდან წასვლითაც დაგვემუქრა და ფანჯრიდან გადახტომითაც, თუ ტელეფონს არ დავუბრუნებდით. რა თქმა უნდა, დავუბრუნეთ.

ვუხსნით, რომ მალე გამოცდები აქვს, უნდა ისწავლოს, განათლების გარეშე ხომ ვერაფერს გახდება. გვიყურებს ალმაცერად, ხელებით მობილურს უჭერს, ჩვენს “შემოტევას” ცუდი ამინდივით გადაიტანს და აგრძელებს თავის საქმიანობას. არადა, ჭკვიანი ბავშვი იყო.. იქნებ ეს სოც. ქსელები იწვევს ბავშვების დაზომბებას?” – გვიყვება თამარი.

და, მიუხედავად იმისა, რომ საუბარი სამ სხვადასხვა მოზარდზეა: სამი წლის ბავშვზე, უმცროსკლასელ ბიჭსა და მოზარდ გოგონაზე, ისტორიებში რაღაც მაინც არის საერთო – ყველა მოზარდის შემთხვევაში, გვხვდება ნივთების, ადამიანების, გართობის, სიტყვების, ინფორმაციის სიჭარბე.

დღეს ბავშვები იზრდებიან ისეთ სამყაროში, რომელიც ამ ყველაფრით ზედმეტად გაჯერებულია. ყველაფერი იმდენად მრავალფეროვანია, რომ მათგან გაქცევა და დასვენება სჭირდებათ. თუმცა, დასვენება სახლშიც არ გამოსდით.

მშობლები ყვებიან, უხსნიან, ითხოვენ. მართალია, სიმართლეს ეუბნებიან, მაგრამ სიმართლე ხომ მოსაწყენი, პროგნოზირებადი და ერთფეროვანია. ბავშვი გამოიმუშავებს დამცავ მექანიზმს, რომელიც ეხმარება მსგავსი ინფორმაციის მეორე ყურიდან გამოშვებაში. იგი აღარ კონცერტრირდება იმაზე, რასაც ასწავლიან. რა აზრი აქვს, თუ მშობლები მაინც გაიმეორებენ ასჯერ და, თუ არ მოუსმენს, ისინი მის ნაცვლად გააკეთებენ.

ფსიქოლოგებმა ზუსტად იციან, როგორ უნდა მოიქცენ ასეთ შემთხვევაში. ისინი გვირჩევენ მინიმუმ სამკვირიან დასვენებას, სიმშვიდის დამყარებას იქ, სადაც ჯერ კიდევ გუშინ ცხარობდით და საყვედურებით ამკობდით. დააკვირდით ურთიერთობას სხვა კუთხიდან. არ თქვათ უარი ურთიერთობაზე, ოღონდ ისაუბრეთ სხვა თემებზე. ბავშვის ჩართვა საუბარში, მისი ინტერესების გაგება და შეხების წერტილის პოვნა მხოლოდ ასე გახდება შესაძლებელი.

მშობლის სიტყვებს ფასი უნდა ჰქონდეს. თუ დედა და მამა მუდმივად საუბრობენ, ხსნიან, ითხოვენ, მოითხოვენ, ტუქსავენ, მათი სიტყვის ფასი ბავშვის თვალში თანდათან ნულამდე დაეცემა. ეს იმას ნიშნავს, რომ არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ ბავშვი მუდმივად გამეორებულ სიტყვებსა და საყვედურებს ერთი ყურიდან შეუშვებს, მეორედან გამოუშვებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს