ადრეული ასაკიდან ადამიანისთვის ემოციური კომფორტი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც კი საბაზო ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ცხოვრების პირველ დღეებშიც კი ბავშვს სხვადასხვა ემოციური მდგომარეობის გადატანა და მათი გამოხატვა შეუძლია.
თუმცა ბრიტანელი მეცნიერები უფრო შორს წავიდნენ და მთელი რიგი კვლევები ჩაატარეს, რომ დაენახათ, თუ ემოციური კომფორტი ბავშვის თავის ტვინის განვითარებას როგორ სტიმულს აძლევს. მათი მუშაობის შედეგს გასაოცარს ვერ უწოდებთ.
ბავშვის ტვინის განვითარება
ბრიტანელმა მკვლევარებმა რენტგენის სხივების მეშვეობით გამოიკვლიეს 3 წლის ბავშვების ტვინი, რომლებიც სხვადასხვა ემოციურ მდგომარეობაში ცხოვრობდნენ. როგორც აღმოჩნდა, ბავშვის ტვინი, რომელიც მეგობრულ და მოსიყვარულე ოჯახში ცხოვრობდა, 2-ჯერ უფრო განვითარებული იყო, ვიდრე ბავშვის ტვინი, რომელსაც ყურადღებას თითქმის არ აქცევდნენ.
მოსიყვარულე აღმზრდელთან, რომელიც ზრუნავდა, ინტერესდებოდა და ბავშვის ინტერესებს ახალისებდა, ბავშვი სწრაფად ვითარდებოდა, რაც ბავშვის ტვინზე დადებით გავლენას ახდენდა. ხოლო ბავშვი, რომელსაც უგულებელყოფდნენ და გულს ტკენდნენ, კარგ პროგრესს ვერ აჩვენებდნენ.
„ტვინის განვითარების მიხედვით, ბავშვი, რომელიც არაკეთილსინდისიერ ოჯახში იზრდებოდა, თავის გონებრივ პოტენციალს ვერ ავითარებს, სწავლის, თანაგრძნობის და ზრდასრული ცხოვრების ნაკლები უნარი ექნება. სამაგიეროდ ალკოჰოლსა და ნარკოტიკზე დამოკიდებულება მას უფრო მაღალი აქვს“ – ამტკიცებენ მკვლევარები.
„ბავშვის ტვინის ზრდა და განვითარება დედასა და ბავშვს შორის პოზიტიურ კავშირზე არის დამოკიდებული“ – კვლევის შედეგებზე კომენტარს ამ სფეროში ერთ-ერთი წამყვანი ბრიტანელი სპეციალისტი, ნეიროფსიქოლოგი ალან შორი აკეთებს.
ის ყურადღებას აქცევს იმას, რომ ადამიანის ტვინის უჯრედების 80% ცხოვრების პირველი ორი წლის განმავლობაში ვითარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს დრო ადამიანის პიროვნების ჩამოსაყალიბებლად ძალიან მნიშვნელოვანია.
ალან შორის სიტყვების თანახმად, ორსულობის ბოლო სამი თვიდან და ცხოვრების 24-ე თვემდე, ბავშვის ტვინი 2,5-ჯერ უფრო მეტად იზრდება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის „სწორ გამოცდილებას“ მიიღებს.
„ტვინი უსაზღვროდ არ იზრდება. მოგვიანებით ის უბრალოდ განახლებას ახდენს და ყოველი ასეთი განახლების შემდეგ ერთი ნეირონის კავშირი ირღვევა და ახალი ჩნდება. ბავშვს უფროსებთან ადეკვატური რეაქცია სჭირდება, რომ გაიზარდოს და განვითარდეს. ნეირონების კავშირი, რომლებიც არ გამოიყენება, სწრაფად იშლება, რითაც ტვინის საერთო პოტენციალს ამცირებს“ – ხსნის ალან შორი.
სწორედ ამიტომ ნეიროფსიქოლოგი მშობლებს მოუწოდებს, რომ ბავშვს პირველივე დღიდან უფრო მეტი დრო დაუთმონ, სანამ ბავშვი გაიზრდება და სკოლაში წავა. ბავშვის ტვინი სწრაფად ვითარდება, ამიტომ თქვენს შვილს კარგი მუსიკა მოასმენინეთ, ზღაპრები წაუკითხეთ, მათთან ისაუბრეთ, გარშემო ხელსაყრელი გარემო შეუქმენით.
მთავარი გზავნილი ისაა, რომ მშობლები არა უბრალოდ მის გვერდით უნდა არსებობდნენ, არამედ ბავშვის ცხოვრებაში ემოციურად ჩართულნი უნდა იყვნენ. ასე უფრო სწრაფად განვითარდება და მუდმივად საკუთარი წარმატებებით მშობლების გულს გაახარებს. განა მოსიყვარულე დედ-მამას არ სურს, რომ მათი ბავშვი წარმატებული, დამოუკიდებელი და ბედნიერი ადამიანი გაიზარდოს?