საუკეთესო რჩევები, როგორ მოვამზადოთ კატლეტი სწორად

650

სიტყვა “კოტლეტი” ჩვენთან, ისევე როგორც ბევრი სხვა “გემრიელი” სიტყვა, ფრანგული ენიდან შემოვიდა. თავდაპირველად ასე მხოლოდ ძვლებზე მომზადებულ ხორცს ეძახდნენ. ფრანგებს ის ძვლით ეჭირათ და ისე მიირთმევდნენ. ჩანგლისა და დანის გამოჩენასთან ერთად მისი საჭიროება გაქრა, ამიტომ დაიწყეს ძვლის გარეშე მომზადება. დროთა განმავლობაში გამოჩნდა კატლეტების მომზადების ახალი მეთოდები. თავიდან დაბეგვილი ხორცით ამზადებდნენ, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი – დაჭრილი ხორცით. დღეს ყველამ იცის კატლეტების მომზადება – ყველა რეცეპტი პრაქტიკაში გამოცდილია. თუმცა, როგორც ვიცით, სრულყოფილებას საზღვარი არ აქვს.

კატლეტის მომზადების პროცესი რთული არ იქნება, თუ გავითვალისწინებთ ზოგიერთ ნიუანსს. ვივიენის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ რჩევებს, რომელთა გათვალისწინებითაც თქვენი კატლეტი ყოველთვის კარგად შემწვარი, წვნიანი და მადისაღმძვრელი იქნება! მზად ხართ, გაატაროთ ხორცი და კატლეტები მოამზადოთ?

როგორ მოვამზადოთ კატლეტი

თავი შეიკავეთ მზა ფარშის ყიდვისგან

უგემრიელესი კატლეტის საიდუმლო ფარშშია, ამიტომ ხორცი თქვენ თვითონ გაატარეთ. ამისათვის გამოიყენეთ საქონლის ხორცი. ფულის დაზოგვის მიზნით, შეგიძლიათ შეიძინოთ ზურგის, კისრის, მხრის ან მკერდის ნაწილი. არ ინერვიულოთ, ეს კატლეტის გემოზე არ იმოქმედებს.

ხორცსაკეპ მანქანაში გატარებამდე, ხორცს უნდა მოაშოროთ მსხვილი ძარღვები. ყველასთვის ცნობილია, რომ ფარში უფრო გემრიელია, თუ ის შეიცავს ერთზე მეტი სახეობის ხორცს. საქონლის ხორცის გარდა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ღორის, ფრინველის ან ხბოს ხორცი 2:1 თანაფარდობით. ხორცი მხოლოდ ერთხელ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, საშუალო ბადით.

ფარშს აუცილებლად დაუმატეთ კვერცხი და ხახვი

კილოგრამი ხორცისთვის სავსებით საკმარისია 2-3 კვერცხი. თუ მეტს დაამატებთ, გატარებული ხორცი “რეზინის” მსგავსი გახდება. ამ რაოდენობის პროდუქტებისთვის გამოიყენეთ ორი საშუალო ზომის ხახვი. ფარშში უმი ხახვი შეიძლება კარგად არ შეწვას, ამიტომ სასურველია ხახვი ჯერ წვრილად დაჭრათ, მოშუშოთ და შემდეგ გააგრილოთ.

არ დაგავიწყდეთ პური

პურს ფარშში ფულის დაზოგვის მიზნით არ ამატებენ. სინამდვილეში, პურის რბილობი პასუხისმგებელია კატლეტის წვნიანობასა და სინაზეზე. გემრიელი რომ იყოს, მთავარია სწორი პროპორციის დაცვა. 1 კგ ხორცზე გამოიყენეთ 250 გრამი პური და 300 მლ რძე ან წყალი – წესით, ძალიან კარგი უნდა გამოვიდეს. ქათმის კატლეტის შემთხვევაში, პურის და კვერცხის ოდენობა უფრო ნაკლები უნდა იყოს.

სასურველია ხმელი პურის გამოყენება ქერქის გარეშე. დაჭერით პური პატარა ნაჭრებად, მოათავსეთ თასში და დაასხით ცივი რძე ან წყალი. მიღებული “პურის ფაფა” შეურიეთ ფარშს. მოაყარეთ მარილი, დაამატეთ სანელებლები და დაჭრილი მწვანილი.

ამოავლეთ კატლეტი საფანელში

იმისათვის, რომ კატლეტი უფრო წვნიანი გამოვიდეს, ფარში შედგით მაცივარში სრულ გაციებამდე. შემდეგ, რჩება მხოლოდ ხელების დასველება და კატლეტების ფორმირება.

იმისათვის, რომ კატლეტმა ოქროსფერი ქერქი გაიკეთოს, საფანელში ამოავლეთ. სეზამის მარცვლები, ფქვილი, დაქუცმაცებული თხილი – ასევე კარგი ვარიანტია, როგორც საფანელი.

შეწვით თქვენი ოცნების კატლეტები

კატლეტების შეწვა ძალიან მარტივია. საუკეთესო ვარიანტია – კატლეტის შეწვა გაცხელებულ ზეთში. შეგიძლიათ გამოიყენოთ გამდნარი კარაქი – მაშინ კატლეტს ექნება მკვრივი კონსისტენცია და ხრაშუნა ქერქი.

კატლეტები ხშირად არ გადაატრიალოთ, თორემ ნაკლებად წვნიანი გამოვა. თავსახურის ახდისას ტენიანობა ორთქლდება და კერძი შეწვის პროცესშივე შრება. ეს, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება გემოვნურ თვისებებსა და კონსისტენციაზე.

თუ უფრო ჯანსაღ და დიეტურ კერძებს ანიჭებთ უპირატესობას, მაშინ შეწვის ნაცვლად, კატლეტი შეგიძლიათ მოამზადოთ ორთქლზე ან ღუმელში.

იმისდა მიუხედავად, რომ ყველა დიასახლისს აქვს არსენალში კატლეტების სამეფო რეცეპტი, ეს რჩევები აუცილებლად გამოგადგებათ. მცირე ნიუანსმაც კი შეიძლება სასარგებლო გავლენა მოახდინოს საკვების გემოზე. წარმატებებს გისურვებთ იდეალური კატლეტების მომზადებაში!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს