ჩვენი დედებისა და ბებიების ახალგაზრდობაში ხალიჩა ფუფუნების ერთ-ერთ სიმბოლოდ ითვლებოდა. ახალ ხალიჩებს კედელზე კიდებდნენ, ცოტა მოძველებულს კი – იატაკზე შლიდნენ. მოდა შეიცვალა და ბევრ ჩვენგანს ბინებში ხალიჩის ნაცვლად თბილი იატაკი აქვს. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებსაც ახლაც მოსწონთ ხალიჩა იატაკზე. მათთვის განსაკუთრებით მწვავედ დგას საკითხი, თუ როგორ უნდა გარეცხონ ხალიჩა, თუ ის საკმაოდ დიდი ზომისაა.
იმის შესახებ, რომ ხალიჩის გარეცხვა იატაკიდან აღების გარეშე შეიძლება, მეგობარმა მიამბო. როდესაც მას ბავშვი შეეძინა, მან და მისმა ქმარმა გადაწყვიტეს, რომ სახლში ხალიჩები მაქსიმალურად გამოეყენებინათ, რათა ბავშვს თავისუფლად შესძლებოდა მათზე ცოცვა. და რადგან ბავშვი არც ისე აკურატულად იქცევა, ხალიჩების წმენდა მათთვის ჩვეულ ამბად იქცა. მათ რამდენიმე მეთოდს მიაგნეს, თუ როგორ უნდა გასუფთავდეს ხალიჩა, იატაკიდან აღების გარეშე. ყველაფერი ძალიან მარტივი აღმოჩნდა. ეს რჩევები მეც გამომადგა.
როგორ გავასუფთაოთ ხალიჩა, იატაკიდან აღების გარეშე
სახლში არსებული ხალიჩები ძალიან აქტიურად აგროვებს მტვერს. სწორედ ხალიჩის ხაოებში გროვდება მტვერი, ბაქტერიები და სხვა ნაგავი. ამიტომ მტვერსასრუტით რეგულარული გასუფთავების გარდა, 6 თვეში ერთხელ ხალიჩა უნდა გაირეცხოს და შემდეგ გაშრეს. როდესაც პატარა ბინაში ცხოვრობ, ამის გაკეთება ძალიან რთულია. ამასთან მშრალი ხალიჩაც კი ძალიან მძიმეა, რომ აღარაფერი ვთქვათ სველზე. ამიტომ ვივიენის დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ რამდენიმე მეთოდზე, თუ როგორ უნდა გაირეცხოს ხალიჩა ქალაქის პირობებში.
საპნიანი წყალი
რეცხვის ყველაზე მარტივი ალტერნატივა არის გაწმენდა საპნიანი წყლით. თუ თქვენი ხალიჩა არც ისე დაბინძურებულია და მასზე არ არის ლაქები, მაშინ ის მარტივად გაიწმინდება ჩვეულებრივი საპნით და წყლით. ამასთან არ დაგჭირდებათ დამატებითი საშუალებების ყიდვა, რადგან ყველა შემადგენელი სახლში გექნებათ.
2 ლიტრ თბილ წყალში გახსენით რამდენიმე კოვზი თხევადი საპონი. ის შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ გახეხილი მყარი საპნით ან ყველაზე იაფიანი შამპუნით. მთავარია, რომ გამოყენებული საშუალება კარგად ქაფდებოდეს. ნარევი კარგად ააქაფეთ, შემდეგ კი ჯაგრისის მეშვეობით წაუსვით ხალიჩას. აკურატულად გაწმინდეთ ხალიჩა ჯაგრისით და შემდეგ ქაფის ნარჩენები სველი ღრუბლით ან ჩვრით მოაშორეთ. ხალიჩა სუფთა მშრალი ჩვრით გაწმინდეთ და ბოლოს გაშრობა აცადეთ.
ძმარი
ხალიჩის გასაწმენდად ძმარი გამოგადგებათ. ყველაზე მარტივია წყალში გაზავებული ძმრის გამოყენება. ამისთვის 500 მლ წყალში – 2 სუფრის კოვზი ძმარი გახსენით. ხსნარი ხალიჩაზე ღრუბლის მეშვეობით გადაიტანეთ, ხალიჩა გაწმინდეთ და დატოვეთ გასაშრობად. გაშრობის შემდეგ ხალიჩა დაგავეთ ან მტვერსასრუტით გაასუფთავეთ.
თუ ხალიჩის ზედაპირზე ლაქებია, მაშინ ძმრისა და საპნის ნარევი გამოგადგებათ. ნახევარ ლიტრ წყალში გააზავეთ 1 ს/კ ძმარი და თხევადი საპონი. ამ ნარევით დაამუშავეთ ლაქები, შემდეგ კი გაწმინდეთ ჯაგრისით ან უხეში ღრუბლით, სანამ ჭუჭყი არ მოშორდება. ნარჩენები სველი პირსახოცით მოაშორეთ და ხალიჩა გააშრეთ.
სოდა
გასუფთავების ეს მეთოდი გამოდგება მაშინ, როდესაც არ არ არსებობს ხალიჩის ზედაპირის დასველების საშუალება. მაგალითად, თუ ერთოთახიან ბინაში ცხოვრობთ და ოთახში მუდმივად ვიღაც დადის. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში ხალიჩას არ დასჭირდება დიდხანს გაშრობა. ასეთი გასუფთავების შემდეგ ხალიჩას სიახლე და კაშკაშა ფერები დაუბრუნდება.
დაგჭირდებათ ჩვეულებრივი საკვები სოდა. სოდა დაყარეთ ხალიჩაზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეთ ლაქებით დაფარულ და გაცვეთილ მონაკვეთებზე. ხალიჩის ზედაპირი ჯაგრისით გაწმინდეთ და სოდა მასზე ერთი საათის განმავლობაში გააჩერეთ. ამის შემდეგ ხალიჩა მტვერსასრუტით გაასუფთავეთ, ისე რომ, სოდა მთლიანად მოშორდეს. ის მთლიანად შეითვისებს მტვერსა და ჭუჭყს, რის წყალობითაც ხალიჩა ახალივით გახდება.