ცოტა ხნის წინ ნაცნობისგან გავიგე, რომ მას შეუძლია რამდენიმე დღე საცვალი არ გამოიცვალოს. გთხოვთ, არ მკითხოთ, როგორ მოხდა ეს და საიდან მაქვს ეს ინფორმაცია. უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამ არის: ნუთუ ყველამ არ იცის ადამიანის ჰიგიენის ძირითადი წესები?
ამ შემთხვევამ მაიძულა, რომ უფრო მეტი გამეგო ამის შესახებ. იქნებ, რაიმე ახალი აღმოვაჩინო? დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ რამდენად ხშირად არის საჭირო საცვლების გამოცვლა და თეთრეულის განახლება.
ადამიანის ჰიგიენის წესები
თუ ჰიგიენის ძირითად წესებს იცავთ, მაშინ, სავარაუდოდ, საცვლებს ყოველდღე იცვლით. თუმცა, ახლახან წავაწყდი სტატიას, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ზოგჯერ ამის გაკეთება საჭიროა უფრო ხშირად. მაგალითად, ზაფხულში და იმ დღეებში, როცა სპორტით ხართ დაკავებული, ურიგო არ იქნება საცვლის ორჯერ გამოცვლა.
მიზეზი გასაგებია: თეთრეულზე ბაქტერიები გროვდება და მრავლდება. კანთან ხანგრძლივი კონტაქტისას, მათ შეუძლიათ სხვადასხვა დაავადებების გამოწვევა. სხეულის ეს ნაწილი ყველაზე მგრძნობიარეა და არ უნდა დაგვავიწყდეს მასზე ზრუნვა. ამიტომ სპორტდარბაზიდან დაბრუნების შემდეგ საცვალი აუცილებლად უნდა გამოიცვალოთ. ვარჯიშის დროს თქვენ ოფლიანობთ. ნოტიო, ბნელი და თბილი გარემო კი – საუკეთესო ადგილია ბაქტერიების გამრავლებისთვის.
რაც შეეხება თეთრეულის სრულ განახლებას, ეს უნდა გაკეთდეს წელიწადში ერთხელ მაინც. ერთი და იგივე საცვლების ტარება სანამ არ დაიხევა, ცუდი იდეაა. რაც არ უნდა ხშირად გარეცხოთ თეთრეული, ბაქტერიები დროთა განმავლობაში მაინც გროვდება ქსოვილში. ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმ შემთხვევაში, თუ საცვლები, ბიუსტჰალტერები და სხვა ტანსაცმელი ერთდროულად თავსდება სარეცხი მანქანის ბარაბანში.
და თუ ეს წლების განმავლობაში გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ასეთი თეთრეულისგან კარგს არაფერს არ უნდა ველოდოთ. საცვლების გარეცხვა უმჯობესია სხვა ნივთებისგან განცალკევებით. არ არის სასურველი ძალიან დაბალი ტემპერატურა: ოპტიმალურია 60 გრადუსიანი და უფრო ზემოთ რეჟიმის გამოყენება. რა თქმა უნდა, თუ საუბარი არ არის ძვირადღირებული ქსოვილებისგან დამზადებულ მაქმანის კომპლექტებზე. ამ შემთხვევაში, მწარმოებლის ინსტრუქციებს უნდა მიჰყვეთ.
შეიძინეთ ბუნებრივი მასალისგან დამზადებული საცვლები, რაც თქვენს კანს სუნთქვის საშუალებას მისცემს. უპირველეს ყოვლისა, ყურადღება გაამახვილეთ ბამბის მოდელებზე. ეს განსაკუთრებით ეხება საცვლებს, რომელთა ჩაცმასაც ზაფხულში აპირებთ. პოლიესტერი და მიკროფიბერი ამ დროისთვის არ გამოდგება.
სხვა რჩევები
ასევე მინდა შეგახსენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია სწორი ზომის საცვლების შერჩევა. ეს ეხება როგორც ტრუსებს, ასევე ბიუსტჰალტერს. ისინი არ უნდა იყოს ძალიან ვიწრო და სხეულს არ უნდა ეკვროდეს. საუკეთესო შემთხვევაში, უბრალოდ არასასიამოვნო იქნება, უარეს შემთხვევაში, თეთრეულმა შესაძლოა კანი გაგიხეხოთ. სხვათა შორის, ბევრი მსმენია იმის შესახებ, რომ ტანგები – არ არის ყველაზე წარმატებული მოდელი მუდმივი ტარებისთვის. საინტერესოა, თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
გარდა ამისა, ექსპერტები გვირჩევენ საცვლების გარეშე ძილს ან დღეში ცოტა ხანს მაინც საცვლების გარეშე ყოფნას. თუ ასე ძილი არ მოგწონთ, მაშინ ძილის დროს მხოლოდ ბამბის საცვალი ჩაიცვით. სხეულმა უნდა ისუნთქოს!
ხდება ხოლმე, რომ საცვლების გარეცხვისა და ჩაცმის შემდეგ კანზე გაღიზიანება ჩნდება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ, სავარაუდოდ, ალერგიული ხართ სარეცხი ფხვნილის ერთ-ერთი კომპონენტის მიმართ. ასეთ შემთხვევებში შეგიძლიათ სარევხი საშუალება ჩვეულებრივი ბავშვის საპნით ჩაანაცვლოთ.
თუ სიტუაცია არ იცვლება, აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს. ექიმები საცვლების გასარეცხად გვირჩევენ ნეიტრალური, უსუნო ფხვნილის გამოყენებას და უარის თქმას კონდიციონერზე. გარდა ამისა, თუ სახლში ბევრი ადამიანი ცხოვრობს, თითოეულის თეთრეული ცალ-ცალკე უნდა გაირეცხოს.
რაც შეეხება ბიუსტჰალტერებს და სხვადასხვა ტოპებს, ისინი 3 დღეში ერთხელ მაინც უნდა გამოიცვალოთ. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორი საცვლების შერჩევა.
თუ ეს ყველაფერი თქვენთვის ნაცნობია, ძალიან კარგია! თუმცა, არასოდეს იქნება ზედმეტი, რომ შეახსენოთ საკუთარ თავს ჰიგიენის ძირითადი წესების შესახებ.