მყავს ოჯახი: პაპა და დედა. მე ერთადერთი შვილი ვარ ოჯახში, დედაჩემიც პაპაჩემის ერთადერთი ქალიშვილია. პაპამ და ბებომ ის იშვილეს, მაგრამ ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში. პაპაჩემი სხვა ქალაქში ცხოვრობს, აქვს საკუთარი ბინა. დედაჩემს თავისი წილი აქვს ამ ბინაში. დედა ჩემგან არც თუ ისე შორს ცხოვრობს, თავის კერძო სახლში. მე, შესაბამისად, მეუღლესთან ერთად ცალკე ვცხოვრობ საკუთარ სახლში.
ყველა საკმაოდ წარმატებულია, ფინანსურად უზრუნველყოფილი. დედას და პაპას ძალიან კარგი პენსია აქვთ და ასევე აქვთ დამატებითი სტაბილური შემოსავალი. მე მაქვს ჩემი პატარა ბიზნესი, რომელიც ძალიან მიყვარს. გამოდის – იცხოვრე, ისიამოვნე და იბედნიერე! მაგრამ – არა. პაპა გამუდმებით მანიპულირებს მემკვიდრეობით, „ვირთხების რბოლას“ აწყობს ნათესავებს შორის, რომლებიც იმედოვნებენ, რომ მისი სიკვდილის შემდეგ ბინას მიიღებენ. ფავორიტი ჯერ-ჯერობით არავინ არის, ყველას იმედი აქვს, რომ იღბლიანთა შორის აღმოჩნდება.
მე ამ „თამაშზე“ უარი ვთქვი, ძალიან ამაზრზენად მეჩვენება. დედაჩემი ჩემს უარს ერთგვარ სუპერ ტაქტიკად მიიჩნევს პაპაჩემის ბინის ხელში ჩასაგდებად და ამიტომ, ყოველი შემთხვევისთვის, ის აფუჭებს ჩემს ურთიერთობას მასთან. პაპაჩემსაც მისი სჯერა და უხეშად მელაპარაკება, როცა მოსაკითხად ვურეკავ. საუბრის ბოლოს ის ჩვეულებრივ დასძენს: „ბინა გინდა? მიატოვე ყველაფერი, ჩამოდი და მომხედე!“
ბებოს გარდაცვალების შემდეგ, მას ჩემთან გადმოსვლა შევთავაზე. მან უარი განაცხადა. მე არასოდეს მქონია პრეტენზია მის ფულზე და ბინაზე. ჩემი მემკვიდრედ დამატების საკითხი მისი წინადადება იყო, რადგან არ სურს, რომ ყველაფერი დედაჩემს შეხვდეს, რადგან სინამდვილეში მათ ამაზრზენი ურთიერთობა აქვთ.
ამავდროულად, დედაჩემი მეუბნება, რომ სურს ანდერძი შეადგინოს ჩემს სახელზე, სადაც მთელი მისი უძრავი ქონების მემკვიდრედ გამომაცხადებს. ეს ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რადგან კანონის მიხედვით, ყველაფერი მაინც მე უნდა გადმომეცეს. ამასთან, ის ითხოვს, რომ მისი ყველა სურვილი უნდა შევასრულო, თუ მემკვიდრეობის მიღება მსურს. მისი ახირება ჰგავს მოწოდებას, რომ მივაფურთხო საკუთარ ცხოვრებას და ვიცხოვრო მისთვის და მისი გულისთვის.
დედაჩემის მატერიალურ სიმდიდრეებზე უარი ვთქვი და მასთან ურთიერთობა შევწყვიტე. ამ მომენტისთვის არც პაპას ველაპარაკები, არ ვურეკავ. ბოლო საუბრისას ვუთხარი, რომ მისგან არაფერი მჭირდებოდა და ამ ბინებზე არ ვარ გადარეული, როგორც ისინი. ბაბუაჩემი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მას მომვლელი ჰყავს. მე ახლა 9 თვის ორსული ვარ. არც მათთვის მაქვს დრო და არც მათი ბინებისთვის. უბრალოდ, ჩემამდე მოდის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას აკეთებენ ისინი იქ, სანამ მე მშობიარობისთვის ვემზადები. თავიანთ გარჩევებში, არც მე მივიწყებენ.
შოკირებული ვარ. თავს სულ მცირე ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტად ვგრძნობ. იცით, რა არის ყველაზე უცნაური ამ ისტორიაში? ისინი თითქოს სამუდამოდ აპირებენ ცხოვრებას, ისე გადაირივნენ მემკვიდრეობის საკითხებით. ასე გაიფუჭო ურთიერთობა ქალიშვილთან და შვილიშვილთან, ამას ხომ მოფიქრება სჭირდება! პაპაჩემმა ხომ უკვე 90-ს მიუკაკუნა. არ ვიცი, როგორ გავაგრძელო მათთან ურთიერთობა…