ჩემს მშობლებს სწყინთ, რომ არ მინდა მთელი ცხოვრება უფროსი, მდიდარი დის როლში გავატარო და ვარჩინო ჩემი უმცროსი დის ოჯახი

656

ჩემს მშობლებს მორიგ ჯერზე ვეკამათე. შინაგანად ძალიან აღელვებული ვარ ასეთი უსამართლობის გამო! მყავს უმცროსი და. მე 28 წლის ვარ, ის – 26-ის. ორივე გათხოვილი ვართ, გვყავს შვილები. მე – ვაჟი, მას – ქალიშვილი. ჩვენ ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. ბავშვობაში, რა თქმა უნდა, ყოფილა სხვადასხვა სიტუაციები, მაგრამ ეს სად არ ხდება.

მე და ჩემს ქმარს საკუთარი ბიზნესი გვაქვს: სამშენებლო მასალებისა და სანტექნიკის ორი მაღაზია. საქმეს ძალიან დიდ დროს ვუთმობთ, ბევრს ვშრომობთ, ვცდილობთ განვითარებას და წინსვლას, შემოსავალი ამ დროისთვის გვაკმაყოფილებს. ჩემი უმცროსი და ექთნად მუშაობს საავადმყოფოში, მისი ქმარი კი – გამყიდვლად საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიაში.

პრინციპში, ჩემი სიძე ცუდი ადამიანი არ არის. ის კეთილია, მაგრამ ზოგიერთ საკითხში სრულიად ვერ ერკვევა. 30 წლის ასაკში ტელევიზორებისა და უთოების გაყიდვა – არასერიოზული და არასანდოა. ჩემმა დამაც თავის დროზე სამედიცინო სასწავლებლის შემდეგ არ გააგრძელა სწავლა სამედიცინო ინსტიტუტში და ახლა ძალიან მცირე შემოსავალი აქვს.

ისინი ხშირად მთხოვენ ფულს: ხან მაცივარში პროდუქტები აღარ აქვთ, ხან რომელიმე არის ცუდად და სასწრაფოდ წამლები სჭირდება, ხან რომელიმეს ფეხსაცმელი სჭირდება, ხან მუსიკალური სკოლის გადასახადია გადასახდელი და ასე შემდეგ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ფულს ყოველთვის არ ვაძლევ, მაშინაც კი, როცა ამის გაკეთება შემიძლია.

მე ასეთი პრინციპი მაქვს: არ მინდა, რომ ვინმე კისერზე შემაჯდეს. ისინი თავხედურად არ იქცევიან და დიდ თანხებს არ მთხოვენ, მაგრამ, სამაგიეროდ, ამას აკეთებენ სტაბილურად – ყოველ ორ კვირაში ან თვეში ერთხელ. თითქოს უსაქმურები არ არიან, მაგრამ ფინანსურ საკითხს ვერ აგვარებენ და არ ისწრაფვიან, რომ უფრო მეტი გამოიმუშაონ.

ბოლო ორი წელია, მშობლებთან ურთიერთობა გამიუარესდა. მათი აზრით, მე შემიძლია, რომ უფრო მეტად დავეხმარო უმცროს დას. თურქეთში ვიყავით დასასვენებლად, იქიდან რაღაც ნივთები ჩამოვიტანე, ფასდაკლებებზე ვიყიდე. დედაჩემმა მითხრა, რომ ცუდად მოვიქეცი ჩემს დასთან მიმართებაში, შემეძლო მისთვისაც ჩამომეტანა რაღაც, რომ მასაც ჰქონოდა კარგი ბრენდული ტანსაცმელი.

ამბობს, რომ კარგი იქნებოდა, თუ მის შვილიშვილს (ჩემს დისშვილს) საკვები პროდუქტებით დავეხმარებოდი, ის ბავშვია და მას მრავალფეროვანი რაციონი სჭირდება. მუსიკალური სკოლის ხარჯებიც მე უნდა დავფარო, რადგან მე შემოსავალი უფრო მეტი მაქვს. ამბობს, რომ უნდა მესმოდეს, რომ ჩემს დისშვილს ნიჭი აქვს და სწავლის მიტოვება არ შეიძლება.

მამაჩემიც ამავე აზრის არის. ის ამბობს, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ ჩვენ უკვე ზრდასრული ადამიანები ვართ, გათხოვილები ვართ და შვილები გვყავს. ის ვინც უფრო ძლიერია და უფრო მეტს გამოიმუშავებს, უნდა დაეხმაროს მას, ვინც უფრო სუსტია და დახმარება სჭირდება. გუშინდელი ჩხუბის მიზეზი კი ის იყო, რომ დედაჩემს სილამაზის სალონის ერთწლიანი სერტიფიკატი ვაჩუქე, სადაც მე თვითონაც დავდივარ, მან კი – ეს სერტიფიკატი ჩემს დას აჩუქა!

დედაჩემს ვუთხარი, რომ ნაჩუქარის სხვისთვის ჩუქება არ შეიძლება. მან კი მიპასუხა, რომ უნდა მრცხვენოდეს, რადგან თავად ვუბიძგე ამისკენ, რადგან ჩემი და არასოდეს მიმყავს სალონში. როგორც ვხვდები სიტუაცია მომავალში უფრო გამწვავდება. არ ვიცი, როგორ მოვიქცე…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს