დღეს თანამედროვე ქალის კოსმეტიკურ ჩანთაში მრავალფეროვან პროდუქტებს ნახავთ, ხოლო მისი ტუალეტის მაგიდის კარადები ფაქტიურად სავსეა სილამაზის აქსესუარებით. ახლო წარსულში ასეთი ფუფუნება არ არსებობდა, მაგრამ მშვენიერი სქესის არც ერთი წარმომადგენელი არაფერს თმობდა სილამაზის გზაზე.
თხევადი კონსილერი და მშრალი ჰაილაითერი, სტაილერი ვარცხნილობის შესაქმნელად და კლასიკური ფენი, ავტორუჯი და ნაზი თმის საღებავები – როგორც ჩანს, ეს სია უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. დღეს ყველა ქალს აქვს მრავალი საჭირო ინსტრუმენტი სილამაზის შესაქმნელად. ფუნჯის ორი გაქნევა და ხელის რამდენიმე მოხერხებული მოძრაობა საშუალებას გაძლევთ შექმნათ ლამაზი მაკიაჟი და განსაცვიფრებელი ვარცხნილობა ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე. მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იყო. სულ ცოტა ხნის წინ ქალებს არ ჰქონდათ ასეთი თავისუფლება, ამიტომ მათ სრულიად განსხვავებული გზებით უწევდათ თავის მოწესრიგება… ერთ-ერთი ამერიკული გამოცემის 50 წელზე უფროსი ასაკის მკითხველებმა გაიხსენეს თავიანთი ახალგაზრდობისდროინდელი ყველაზე საყვარელი სილამაზის ხრიკები, რომლებიც ახლა ყველას აოცებს.
გარუჯვა ზეთით და ფოლგით
დღეს თითქმის არცერთი ქალი არ გამოვა სახლიდან SPF საშუალების გარეშე. ბრინჯაოსფერი რუჯი, რა თქმა უნდა, ლამაზია, მაგრამ მზის აბაზანების მიღება ჯანმრთელობისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ახლა მუქი კანის ყველა თაყვანისმცემელს სპეციალური წვეთები და ავტორუჯის კრემები ეხმარება, რომლებიც ყველაფერთან ერთად კანზეც ზრუნავენ.
ახლო წარსულში ყველაფერი სულ სხვაგვარად იყო. არა მარტო ქალები, არამედ კაცებიც ცდილობდნენ ჰქონოდათ რუჯი და რაც მეტი, მით უკეთესი. იმ წლებში მელანომაზე არავინ ფიქრობდა, ამიტომ ყველა ერთ-ერთი ყველაზე საშიში ხერხით ირუჯებოდა. ადამიანები კანზე ბავშვის ზეთს ისვამდნენ და გვერდით იდებდნენ ფოლგას, რათა მზე აერეკლა. უცნაური, მაგრამ ეფექტური მეთოდი ყველას ეხმარებოდა ყველაზე ინტენსიური ფერის მიღწევაში.
წვენის ქილა, როგორც თმის სახვევი
წარსულში ფენის და მრგვალი ჯაგრისების ნაკლებობა არ აფერხებდა ქალებს, რომ თმისთვის მიეცათ მოცულობა და ლამაზი ვარცხნილობა შეექმნათ. ისინი მიმართავდნენ საინტერესო, მაგრამ ძალიან მოუხერხებელ და საზიანო ხრიკს ფორთოხლის წვენის ქილებით, რომლებიც თმის სახვევებს ანაცვლებდა. ერთ-ერთმა ამერიკელმა ქალმა გაიხსენა, რომ თმას ღამით იხვევდა, ამიტომ მხოლოდ ორ პოზაში შეეძლო ეძინა: პირქვე ან საწოლის გვერდზე ჩამოკიდებული თავით.
უცნაურია, მაგრამ საბჭოთა კავშირში ყველაფერი უფრო მარტივი იყო. ქალებს ჰქონდათ უხეში ლითონის, მაგრამ მაინც ნამდვილი თმის სახვევები. ისინი საკმაოდ ძლიერად აზიანებდნენ თმას და ლამაზი ტალღების გარდა, თავის ტკივილსაც უზრუნველყოფდნენ. აქ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს.
მაგნიუმის რძე კანისთვის
მკვებავი კრემები, დაბერების საწინააღმდეგო შრატები, დამატენიანებელი ნიღბები და გამაღიავებელი პილინგები – მთელი საშუალებების მხოლოდ მცირე ნაწილია, რომელსაც დღეს ყველა ქალი იყენებს ახალგაზრდობისა და კანის სილამაზის შესანარჩუნებლად. წარსულში კი ისინი იყენებდნენ არა სპეციალიზებულ პროდუქტებს, არამედ ხელნაკეთ კონსისტენციებს, რომლებიც ცოტათი ეხმარებოდნენ: აშორებდნენ ცხიმიან მბზინვარებას და კანს ხდიდნენ უფრო გლუვს. ამ ეფექტის მისაღწევად, გოგონები ამზადებდნენ მაგნეზიის სპეციალურ რძეს – მაგნიუმის ჰიდროქსიდის სუსპენზიას. ასეთი საშუალების გამოყენების შედეგად კანი მართლაც მქრქალი ხდებოდა, მაგრამ ამავდროულად ძალიან გამომშრალი. დროთა განმავლობაში სახეზე ჩნდებოდა გაღიზიანება და კანი იქერცლებოდა, რაც საკმაოდ დიდ დისკომფორტს იწვევდა.
ძაფივით წარბები
ჩვენს დღეებში აქტუალური სქელი წარბები, ჩვენი დედებისა და ბებიების დროს ცუდ ტონად ითვლებოდა. სწორედ ამიტომ, ქალები, რომლებიც ცდილობდენ მოდური და მოვლილი გარეგნობა ჰქონოდათ, დიდ დროს ატარებდნენ სარკის წინ, რათა თავიანთი ბუნებრივი ფართო წარბები თხელ მოხრილ ხაზებად გადაექციათ. როდესაც „თოლიების ფრთების“ მოდა გადავიდა, ყველამ ვერ მოახერხა წარბის ძველი ფორმის დაბრუნება. ქალები იძულებულნი იყვნენ დაეხარჯათ ბევრი ფული ფანქრებსა და გელებზე, ასევე ძვირადღირებულ მიკრობლეიდინგისა და მიკროდაჩრდილვის პროცედურებზე, რათა ოდნავ მაინც შეექმნათ ოდესღაც ფუმფულა სქელი წარბების იერსახე.
მდგრადი კოსმეტიკა
1980-იან წლებში ქალები ვერ წარმოიდგენდნენ მაკიაჟს ნათელი, ეპატაჟური თვალის ჩრდილების გარეშე ნარინჯისფერ, ლურჯ და ყვითელ ფერებში. მათ ყოველდღიურად ისვამდნენ ქუთუთოებზე, თუმცა მათი მოშორება არც ისე ადვილი იყო. უფრო სწორად, თითქმის შეუძლებელი.
მოდის დიზაინერი, 61 წლის ჯეინ დალტონი, იხსენებს: „იმ დროს ვიზაჟისტად ვმუშაობდი – თვალის ჩრდილი და პომადა დღეების განმავლობაში არ შორდებოდა, ძალიან დიდხანს ძლებდა – ალბათ კანცეროგენული ინგრედიენტების გამო, რომლებიც პროდუქტების შემადგენლობაში შედიოდა. ასე რომ, მე წარმოუდგენლად აღფრთოვანებული ვარ ბუნებრივი სილამაზის თანამედროვე ტენდენციით და დიდი ხნის ნანატრი მაღალი ხარისხის კოსმეტიკის გამოჩენით“.
თმის გაღიავება
როდესაც პოპ სცენის სამყაროს განუმეორებელი მადონა გამოეცხადა, ბევრი გოგონა აღფრთოვანდა მისი იმიჯით და დაიწო მისი გამეორება. 1980-იანი წლების ჰიტმეიქერის დამახასიათებელი ნიშანი იყო გაღიავებული თმა. ყველას არ შეეძლო ამ პროცედურის სალონში ჩატარება და ამიტომ გამოიყენებოდა იმპროვიზირებული საშუალებები
ქალები თმაზე წყალბადის ზეჟანგის ხსნარს ისვამდნენ, რომელშიც წინასწარ ხსნიდნენ ჰიდროპერიტის ტაბლეტებს. თმის ამ გზით გაღიავება ძალიან უცნაურ შედეგს იძლეოდა: კულულები იძენდა არაბუნებრივ ყვითელ ელფერს და ხდებოდა მშრალი და მტვრევადი. არსებობდა უფრო რბილი მეთოდიც, რომელიც გულისხმობდა გვირილის ნახარშის და ლიმონის წვენის გამოყენებას. მაგრამ მიუხედავად ამისა, თმის მდგომარეობა მაინც უარესდებოდა და შემდგომში მის აღდგენას რამდენიმე წელი სჭირდებოდა.