ვივიენის დღევანდელ სტატიაში საკუთარ ისტორიას ნინა გვიზიარებს. მე და ჩემი მეუღლე 20 წელია ერთად ვართ. მანამდე მქონდა მოკლე ქორწინება, რომელშიც შემეძინა ვაჟი. ჩემს ახლანდელ ქმართან ურთიერთობის პირველი წლები რთული იყო. იყო ზღაპრული სიყვარულიც, მაგრამ ერთმანეთისთვის ტკივილიც მიგვიყენებია, დაშორებაც კი გვინდოდა, მაგრამ ბოლოს ერთად დავრჩით. ამავე პერიოდში შეგვეძინა ქალიშვილი. ჩემს ქმარს არც ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა ჩემს ვაჟთან, მე კი ის მეცოდებოდა მისი რთული ბავშვობის გამო. ვცდილობდი მომეგვარებინა მათ შორის არსებული კონფლიქტები.
შიშით ველოდი თინეიჯერობის პერიოდს, როცა ჩემს შვილს ჰორმონალური ბუმი დაეწყებოდა. მეშინოდა, რომ მათ შორის უთანხმოებები არ მომხდარიყო, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ვცდილობდი მკაცრად გამეზარდა ჩემი ქალიშვილი, როგორც ამას ჩემი ქმარი ითხოვდა. ვცდილობდი კარგი ცოლი ვყოფილიყავი, რომ სახლში დაბრუნებული ქმარი მშვიდად ყოფილიყო და სცოდნოდა, რომ ოჯახში უყვარდათ და აფასებდნენ. ვცდილობდი კარგი გარეგნობის შენარჩუნებას, მთელი ცხოვრება სპორტით ვარ დაკავებული, სახის ტანვარჯიშებს ვაკეთებდი. ჩემი ასაკისთვის ძალიან კარგად გამოვიყურები.
რა თქმა უნდა, მქონდა საკუთარი სურვილები, მაგრამ უბრალოდ ვფიქრობდი, რომ ბედნიერებაა, როცა შენი საყვარელი ადამიანები არიან კარგად და როცა ამ დროს შენ თავადაც ხარ ჭკვიანი და ლამაზი. თუ მქონდა უკმაყოფილების პერიოდები, საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ ცხოვრება არასოდეს არის იდეალური და მადლიერი უნდა იყო იმისთვის, რაც გაქვს. თუ აპათია და სიზარმაცე მეწყებოდა, თავს მაშინვე ხელში ვიყვანდი, ამის უფლებას არ ვაძლევდი.
გავიდა დრო, ვაჟი დაქორწინდა, კარგ თანამდებობაზე დანიშნეს. ჩემი მეუღლის ბიზნესმა საბოლოოდ დაიწყო შემოსავლის მოტანა, ჩვენ შევძელით ინვესტირება რეკლამაში და მეტი კლიენტის მოზიდვა. სამსახურშიც მქონდა გარკვეული წარმატებები და პირველად ჩემი ქალიშვილის მასწავლებლებმა დაიწყეს საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა „წაგვეწია“ ის მედლამდე. და სწორედ ამ პერიოდში, მიუხედავად სიხარულის მრავალი მიზეზისა, პირველად ვიგრძენი, რომ თავს ბედნიერად არ ვგრძნობდი.
ამ პერიოდში სხვა ქალაქში გავემგზავრე კონფერენციაზე. იქ შემთხვევით გავიცანი ერთი მამაკაცი. ის არის ბიზნესმენი, ჩემზე 7 წლით უფროსი, დაოჯახებული, ჰყავს ორი ქალიშვილი. ჩვენს ქალაქში დაბრუნების შემდეგ ურთიერთობა გაგრძელდა. თავიდან ოჯახის წინაშე მრცხვენოდა, რადგან ერთია ღალატი, როცა ოჯახში პრობლემებია და სულ სხვაა, როცა ყველაფერი კარგადაა. მაგრამ მერე გადავწყვიტე, რომ არავითარი ცოდვა არ იყო, რადგან გასაგებია, რომ მე ჩემი ოჯახი მაქვს, ჩემს საყვარელს – თავისი და არავინ აპირებს არავის მიტოვებას.
მოგვიანებით გარემოებები შეიცვალა. მან და მისმა მეუღლემ უძრავი ქონება შეიძინეს საზღვარგარეთ. მისი ცოლი და უმცროსი ქალიშვილი (უფროსი უკვე საზღვარგარეთ სწავლობდა) წავიდნენ და გარკვეული პერიოდი ხან აქ ცხოვრობდნენ, ხან იქ. თანდათან გაირკვა, რომ იგი მკვიდრად დასახლდა იქ და არ აპირებდა სამშობლოში დაბრუნებას. მის ქმარს კი აქ აქვს ბიზნესი და არ სურს იქ ცხოვრება. გამოდის, რომ ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ და ერთად ცხოვრებას არ აპირებენ.
მივხვდი, რომ მასთან თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი და შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. პირველ წლებში, როცა მე და ჩემი მეუღლე ვჩხუბობდით, იყო პერიოდი, როცა რამდენიმე თვე ახლო ურთიერთობა არ გვქონდა. მერე ყველაფერი გამოსწორდა, მაგრამ ამის შემდეგ დამრჩა შიში, რომ მისთვის მიმზიდველობა დავკარგე. ამიტომ, ყოველთვის ვცდილობდი, ვკითხულობდი წიგნებს ინტიმური ურთიერთობის შესახებ, გარკვეულ კურსებზე დავდიოდი. საყვარელთან ეს ყველაფერი არ მჭირდება. თავს სასურველ ქალად ვგრძნობ ყოველგვარი ხრიკების გარეშე.
საყვარელს ჩემი კარგად ესმის, გრძნობს ჩემს განცდებს. ჩემი ქმარი თითქოს ცდილობდა გაეგო ჩემი, მაგრამ ყოველთვის რაღაცნაირი გულგრილი იერით. ბოლო დროს ჩემი საყვარელი ცდილობს გამაგებინოს, რომ მზად არის ერთად ცხოვრებისთვის. სერიოზული საუბრისთვის დამიბარა. მითხრა, რომ ჩემთან ყოფნა სურდა. მას ესმის, რომ მიჭირს ოჯახის დატოვება და ზეწოლას არ ახდენს ჩემზე.
ვზივარ და ვფიქრობ, რატომაც არა? რატომ არ შემიძლია მასთან გადასვლა? ჩემი ქმარი, ვფიქრობ, უკეთეს ქალს იპოვის. ჩემი ქალიშვილი, რა თქმა უნდა, მოგვიანებით იტყვის, რომ მე მას მთელი ცხოვრება დავუნგრიე, თუ მის ცხოვრებაში რამე არასწორი მოხდება. თავისი თინეიჯერული ჭკუით ის ვერ გაიგებს, რომ მე მინდა ვიყო ბედნიერი. მან არ იცის, რა პრობლემები ხდება ოჯახებში, რა მძიმე ბავშვობა გვქონდა მე და მის ძმას. მხოლოდ ჩემი დედამთილის წინაშე მრცხვენია. ძალიან კარგი ქალია, ფაქტიურად დედასავით მექცეოდა.
როგორ შევატყობინო ამის შესახებ? ვის უნდა ვუთხრა პირველ რიგში: ჩემს ქალიშვილს თუ ჩემს ქმარს? საწყენია, როცა გაიგებენ, ეწყინებათ და დამადანაშაულებენ, მაგრამ თითსაც არავინ გაატოკებს იმისთვის, რომ დავრჩე. დავიღალე ვიყო კარგი ჩემი ქმრისთვის, მისი მეგობრებისა და ახლობლებისთვის, ჩემი შვილებისთვის. არცერთ მათგანს არ აინტერესებს ჩემი გრძნობები. ჩემი საყვარელი ზრუნავს ჩემზე, პატივს მცემს. არ აქვს მნიშვნელობა უბრალოდ ვხვდებით თუ ერთად ვცხოვრობთ, ის პატივისცემით მექცევა. არ ვიცი, რა გადავწყვიტო საბოლოოდ…